„აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, შეისწავლოს 2020-2022 წლებში გაცემული დაახლოებით 6693 პასპორტის კანონიერება. მოძრაობის ლიდერმა, ადგურ არძინბამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ დაუსახელა კონკრეტული ადამიანებიც, რომლებისთვისაც მოქალაქეობის მინიჭება, სულ ცოტა, ეჭვს იწვევს. პროკურატურისთვის გადაცემულ სიაში მითითებულია პასპორტის მფლობელთა ეროვნებები.
„აფხაზეთის მოქალაქეობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის განუყოფელი ატრიბუტია", - ამბობს ადგურ არძინბა, - "ეს წერია მოქალაქეობის შესახებ კანონში, რომლის სპეციალური მე-14 მუხლი განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც ადამიანები იღებენ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას. აქედან გამომდინარე, გვინდა, პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს აფხაზეთის მოქალაქის პასპორტების გაცემის პროცესს უკანასკნელი ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. გავაგზავნეთ პირთა სრული სია, კონკრეტული რიცხვების მითითებით, რათა პროკურატურამ გაარკვიოს, აკმაყოფილებს თუ არა ყველა ეს პირი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონს“.
42 წლის ადგურ არძინბა 2015-2020 წლებში იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც ადგურ არძინბა ამბობს, ამ 6700 პირს მოქალაქეობა აფხაზეთში დაბადების უფლებით არ მიუღია. მოქალაქეობის შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკის კანონის თანახმად, აფხაზი ეროვნების ადამიანები („აბაზა“) მოქალაქეობას ავტომატურად იღებენ დაბადებისთანავე. ყველა დანარჩენმა, თუ ისინი აფხაზეთში არ დაბადებულან (თუნდაც იყოს ბავშვი, რომლის ერთ-ერთ მშობელს აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, ან რომლის ერთადერთ მშობელს აქვს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა და ა.შ.), გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს.
„ეს პასპორტები შეიძლებოდა გაცემულიყო სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება ყოფილიყო თუნდაც მოქალაქეობის აღდგენის ფაქტი. თუ ადამიანი აქ დაიბადა, მაშინ ყველაფერი ცხადია და კითხვები არ არსებობს, მაგრამ ამ დიდი რაოდენობის ადამიანებს შორის არის სახელები, რომლებიც გარკვეულ კითხვებს აჩენენ. ყველა მასალა გავაგზავნეთ პროკურატურაში, რომ შეისწავლონ. საბუთების უმეტესობა, სავარაუდოდ, წესრიგში იქნება. მაგრამ, როგორც ვიცით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის საჭიროა არა ათასი პასპორტი, არამედ ერთი შემთხვევა. ყურადღებითაა გამოსაკვლევი“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ არძინბამ, რომელმაც 6700 საქმიდან გამოყო 2 საქმე და, შესაბამისად, დაასახელა ორი ადამიანი, ვისთვისაც აფხაზეთის პასპორტების გადაცემა, მისი აზრით, ეჭვის საფუძველს იძლევა:
„ამ სიაში არიან ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორიცაა რუბენ ტატულიანი, რომელმაც. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი 2020 წლის 1 დეკემბერს მიიღო. ის აფხაზეთში არ დაბადებულა. ჩვენ გვინდა, რომ პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს ამას. რა თქმა უნდა, არსებობს მე-14 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს პრეზიდენტს პირდაპირი ბრძანებულებით მოქალაქეობა მიანიჭოს იმ პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით აფხაზეთის რესპუბლიკის წინაშე, ან მათ, ვისაც აქვს ისეთი პროფესია ან კვალიფიკაცია, რაც წარმოადგენს განსაკუთრებულ სახელმწიფო ინტერესს. ამ სიაში ასევე ვხედავთ ბატონ ალექსანდრ მირელს (მირილაშვილს), რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გამოჩნდა ბატონი მირელის სავიზიტო ბარათი, სადაც ეწერა, რომ ის ჩვენი პრეზიდენტის თანაშემწეა. მაშინ სოცქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მირელი აფხაზეთის ქართული დიასპორის წევრი იყო. 13 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო, რომ ბატონი მირელი ქართული დიასპორის წევრია, მაგრამ საყურადღებოა სხვა რამ: მთელი დავა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 10-12 ივნისს წარმოიშვა, ბატონმა მირელიმ კი აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი 20 ივნისს, ანუ ფაქტობრივად ერთი კვირის შემდეგ მიიღო. ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე სპეციალურ დავალებების მიმართულებით. ამ სიაში უამრავი ასეთი გვარია. ორ ათასზე მეტი ადამიანია, ვინც აფხაზეთში არ დაბადებულა, ესენი არიან სხვადასხვა დონის ბიზნესმენები, რომლებმაც აშკარად არ მიიღეს მოქალაქეობა აუცილებელი პროცედურების ფარგლებში. თუ მათ პრეზიდენტის ბრძანებულებით მოქალაქეობა სპეციალური წესით მიიღეს, მაშინ პროკურატურას აქვს ლეგიტიმური საფუძველი, მიმართოს პრეზიდენტს, რა განსაკუთრებული დამსახურებები აქვთ ამ ადამიანებს აფხაზეთის რესპუბლიკის წინაშე ან ისეთ რა პროფესიებს ფლობენ, რომ აფხაზეთის სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს. ეს ყველაფერს ყურადღებით უნდა შეისწავლონ“.
- რუბენ ტატულიანი - რუსული მედიის ცნობით, სოჭის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ბიზნესმენი, კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „რობსონი“. РБК გამოცემის მიხედვით, 2015 წელს ტატულიანი შაქრო კალაშოვთან ერთად დააკავეს როგორც „ქურდული შეკრების“ ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი. რუბენ ტატულიანი ცნობილია სპორტის მხარდაჭერით. ამჟამად ხელმძღვანელობს ქალაქ სოჭის ჭიდაობის ფედერაციას. ასევეა სპორტისა და სპორტული მიღწევების მხარდაჭერის ფონდ „ვესნას“ დამფუძნებელი და სოჭის საქალაქო საფეხბურთო ლიგის საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. 2013 წელს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ ტატულიანი დააჯილდოვა საპატიო სამკერდე ნიშნით ("რუსეთში ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში დამსახურებისთვის"). წარსულში ტატულიანი იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატისა და ლეგენდარული მოჭიდავის, ალექსანდრე კარელინის თანაშემწე.
- ალექსანდრე მირელი (მირელაშვილი) - დაიბადა და შრომითი გზა დაიწყო სოხუმში, მოგვიანებით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის 23-წლიანი გამოცდილებისთვის მირელის დაჯილდოვდა მედლებით, საპატიო სიგელებით და რუსეთის პრეზიდენტის, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის და მოსკოლვის მიერისა და რუსეთის პატრიარქის მიერ გაგზავნილი მადლიერების წერილებით. მირელის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ 2007-2018 წლებში იყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კინორეჟისორ სტანისლავ გოვორუხინის თანაშემწე, 2009-2012 წლებში იყო არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილე, 2014-2017 წლებში ნენთა ავტონომიური ოლქის გუბერნატორის მრჩეველი, ხოლო 2018 წლიდან არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ალენა არშინოვას და რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ილიას უმახანოვის თანაშემწე.
ადგურ არძინბას თქმით, ტატულიანი აფხაზეთში არ დაბადებულა, აფხაზური პასპორტი კი 2020 წლის 1 დეკემბერს მიიღო.
„ჩემი ინფორმაციით, მას ასევე აქვს აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური პასპორტი. დიპლომატიური პასპორტი ეძლევა მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს მოგზაურობისთვის, ამ პასპორტის წყალობით მათ აქვთ გარკვეული დიპლომატიური იმუნიტეტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ეს ზოგადად სამუშაო ინსტრუმენტია, ამიტომ არ მესმის, რა როლს ასრულებს ეს ადამიანი აფხაზეთში? არაფრის და არავის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ“, - ამბობს ადგურ არძინბა, რომელსაც იმედი აქვს, რომ პროკურატურა სათანადოდ მოეკიდება მის მიმართვას:
„პროკურატურა უკვე დაუკავშირდა საპასპორტო სამსახურებსა და სპეციალიზებულ სტრუქტურებს. დაიწყო შემოწმებისთვის მზადება. უნდა შევნიშნოთ, პროკურატურა ყოველთვის ჯეროვნად რეაგირებს მსგავს მიმართვებზე“.
რას ფიქრობენ აფხაზეთში არძინბას სიასა და "აფხაზური პასპორტების" გაცემის კანონიერების შესწავლაზე? ეხო კავკაზას გამოკითხვის შედეგები ასეთია:
ალხას აჯინჯალი: „ინსპექტირება აუცილებელია ოღონდ არა 2022 წლიდან, არამედ 2005 წლიდან, როცა საბჭოთა პასპორტების შესაცვლელად ახალი ნიმუშები შემოიტანეს. პასპორტიზაციის საკითხი ძალიან აქტუალურია, მას არაერთხელ მოჰყოლია სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენა, ამიტომ ამ მხრივ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. აუცილებელია ყველა იმ პირის სრული რევიზია, ვისაც მიენიჭა აფხაზეთის მოქალაქეობა, რადგან ჩვენი კანონი მოქალაქეობის შესახებ, ძალიან მკაცრია. აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება უკიდურესად რთულია. არა და, 1992-1993 წლებში აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს წასული ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ აღიარების შემდეგ ჩამოდიოდნენ, რატომღაც იღებენ პასპორტებს. მათთან ურთიერთობისას ხშირ შემთხვევაში ირკვევა, არც ერთი სიტყვა არ იციან სახელმწიფო ენაზე. ჩნდება კითხვა: როგორ მიიღეს მოქალაქეობა? რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა შემოწმდეს. ყველას, ვინც აფხაზური პასპორტი უკანონოდ მიიღო, უნდა ჩამოერთვას. საჭიროა სრული ყოვლისმომცველი შემოწმება“.
დიმიტრი: „იდეა თავისთავად კარგია, მაგრამ კარგი იქნება, თუ შეისწავლიან 2014 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს. რა თქმა უნდა, ეროვნება უნდა მოიხსნას, რადგან მიმაჩნია, რომ ამას გარკვეული დისკრიმინაციული ელფერი აქვს, ჩემი აზრით, რადგან იგივე რუსები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ აფხაზეთში, ადგილობრივი რუსები არიან. პირველ რიგში უნდა გადამოწმდეს არა რა დარღვევით გასცეს პასპორტები, არამედ რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ადამიანები პასპორტის აღებისას. ნება მომეცით მოგიყვანოთ მაგალითი ჩემი ოჯახიდან. ჩემი მეუღლე მკვიდრი სოხუმელია. მათი მამა ლეონის ორდენის კავალერია, რომელიც ომის დროს დაიღუპა. ვერ წარმოიდგენთ, რა ჯოჯოხეთის გავლა მოუწიათ, რათა დაემტკიცებინათ, რომ აქ ცხოვრობდნენ და პასპორტები აეღოთ. 2016 თუ 2017 წელს ხდებოდა ასეთი რამ. მართლაც სასტიკი დისკრიმინაცია იყო.
სეირან პალაზიანი, სოფელ ლაბრას მკვიდრი: შემიძლია ვთქვა, რომ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, რადგან ამ სიაში შეტანილი მოქალაქეების უმეტესობა აფხაზეთის ის მოქალაქეები არიან, რომლებიც 1992-1993 წლებში აფხაზეთის მოსახლეობის სამამულო ომის გამო გადავიდნენ სხვაგან. ომის შემდეგ რუსეთში ჩავწერე მამაჩემი, რათა რუსული პენსია აეღო. მახსოვს, გაზეთ „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა სტატია „რუსეთში რეგისტრირებულმა აფხაზეთმა პენსიონერებმა დიდხანს იცოცხლონ“. ჩემს მეუღლესაც ჰქონდა პრობლემა. ომამდე დავქორწინდი, 1992 წელს ამოვწერე ჩემი ბინიდან, ორიოდე თვის შემდეგ კი ომი დაიწყო. 1996 წლამდე არსად იყო რეგისტრირებული. მაჭარკადან ამოწერეს, ექვსი წლის შემდეგ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში დაარეგისტრირეს. აფხაზეთის მოქალაქეობა ორი წლის განმავლობაში ვერ მიიღო. ძალიან ბევრი ვიწვალეთ! როცა ჩემი შვილი, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე, აფხაზეთის ჯარში მსახურობდა, არავის უკითხავს, დედამისს აფხაზური თუ რუსული ბინადრობის მოწმობა ჰქონდა“.
ელენა კუვიჩკო: თუ ავიღებთ მხოლოდ ბოლო ორ წელს, ეს არც თუ ისე წარმატებული პოლიტიკური სვლა იქნება. სიმართლე გითხრათ, არ მომწონს კითხვის ფორმულირება: რუსები, სომხები, ქართველები, სხვა ეროვნებები. კითხვის ასე ფორმულირება უბრალოდ ხელს უწყობს ერთგვარი ეთნიკური შუღლის გაღვივებას. დარწმუნებული ვარ, რომ პასპორტის მიმღებთა უმეტესობა ისინი არიან, ვინც ვადაგასული პასპორტები შეცვალეს ანუ ჩვენი მოქალაქეები. ვუშვებ, რომ არის გარკვეული რაოდენობა, ვინც უკანონოდ აიღო. ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოვლენილი.