Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქამდეც მოვედით? - რატომ ეჭვობს წალენჯიხის მერი, რომ მანქანა პოლიტიკური საქმიანობის გამო დაუწვეს?


გია ხარჩილავა, წალენჯიხის მერი
გია ხარჩილავა, წალენჯიხის მერი

11 ოქტომბერს, ღამის 12 საათი იქნებოდა, როცა წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა სამსახურის შემდეგ, შინ საკუთარი მანქანით დაბრუნდა. საჭესთანაც თავად იჯდა. მერიის სამსახურებრივ ავტომობილს, რომელსაც მისი მძღოლი მართავს, რამდენიმე თვის წინ თბილისში მანქანა დაეჯახა და ჯერ კიდევ არ შეუკეთებიათ.

ამ მანქანას, 2009 წლის Jeep Grand Cherokee -ის გია ხარჩილავა ყოველთვის ერთ ადგილას, ჭიშკრის გარეთ აყენებს. ორი დღის წინაც ასე მოიქცა, მანქანა ჩააქრო, ჩაკეტა და სახლში შევიდა.

დაახლოებით ღამის ოთხი საათი იქნებოდა, ოჯახში ყველას ეძინა, როცა წალენჯიხის მერის შვილი აფეთქებისმაგვარმა ხმამ გააღვიძა - თითქოს რაღაც გასკდაო. მოგვიანებით ივარაუდეს, რომ ეს ხმა, შესაძლოა, საბურავების ან მანქანის სარკეების, მინების სკდომის ხმა ყოფილიყო.

გარეთ რომ გავარდნენ, მანქანა უკვე ცეცხლში იყო გახვეული.

წალენჯიხის მერის ცეცხლში გახვეული ავტომობილი
წალენჯიხის მერის ცეცხლში გახვეული ავტომობილი

სამაშველო სამსახური დროულად მოვიდა. ხანძარი მალევე ჩააქრეს და როგორც გია ხარჩილავა გვიყვება, წუთებმა გადაწყვიტა, რომ ამ ხანძარს უფრო დიდი აფეთქება არ მოყვა - მანქანა ბუნებრივი აირის გაყვანილობასთან ახლოს იდგა, ავტომობილის ავზში კი საწვავი ესხა.

„და ეს აღარ იქნებოდა მხოლოდ ერთი ნივთის დაზიანება“, - ამბობს წალენჯიხის მერი.

ავტომობილი, რომელიც, ფაქტობრივად, გადასაგდებია, ექსპერტიზაზე გადაიტანეს. თუმცა ადგილზე, შეამჩნიეს, რომ მანქანამდე მიდიოდა საწვავის ნამწვის ზოლი.

საწვავის ნამწვის ზოლი
საწვავის ნამწვის ზოლი

წალენჯიხის მერი ვარაუდობს, რომ რაკი იმ ადგილას აღმართია და საწვავი თავისით ზემოთ ვერ წავიდოდა, ის ზემოთ დაასხეს და მანქანამდე ჩავიდა. ცეცხლის ალი, შესაძლოა, სწორედ ამ ზოლს გაჰყვა იმ ადგილამდე, სადაც ხანძარი გაჩნდა კიდეც. გია ხარჩილავა ამბობს, რომ მანქანაში ყველაფერი გამორთული და ჩაკეტილი იყო, ის ღამის თორმეტი საათიდან ოთხის ნახევრამდე ჩვეულებრივ იდგა თავის ადგილას, ძრავა აალების მომენტში დიდი ხნის გაციებული უნდა ყოფილიყო.

„გამორთულ მანქანას კი ასე თავისით ცეცხლი არ ეკიდება“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეცხლის წაკიდების ვერსიას იძიებს. "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლის დარღვევა კანონით სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

„გამოძიება მიდის, თუმცა ის, რომ არც ერთი გამოხმაურება არ ყოფილა ცენტრალური ხელისუფლებიდან, არანაირი დაინტერესება, ასევე სიჩუმე ადგილობრივთა მხრიდან, ეს დამაფიქრებელია,"- ამბობს მერი.

ადგილი გია ხარჩილავას სახლის ჭიშკართან, სადაც მისი ავტომობილი დაიწვა
ადგილი გია ხარჩილავას სახლის ჭიშკართან, სადაც მისი ავტომობილი დაიწვა

რადიო თავისუფლება: როცა ცეცხლმოკიდებული მანქანა დაინახეთ, პირველად რა გაიფიქრეთ?

გია ხარჩილავა: იმ წამებში ჩემს მატერიალურ ზარალზე არ მიფიქრია, ჯერ გამეფიქრა მეზობლებზე, რომ სხვებიც არ დაზიანებულიყვნენ, ან გაზის მილები არ აფეთქებულიყო და მეც ამიტომ ჩავერთე ქრობის პროცესში. მერე უკვე გავიფიქრე, აქამდეც მოვედით-მეთქი?

ცეცხლის სიმხურვალისგან დამდნარი ბუნებრივი აირის მრიცხველი
ცეცხლის სიმხურვალისგან დამდნარი ბუნებრივი აირის მრიცხველი

რადიო თავისუფლება: თქვენ უკვე საჯაროდ თქვით, რომ შესაძლოა, მომხდარი თქვენს პირად პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს... პირადი მტრები გყავთ?

გია ხარჩილავა: მე მგონი, არ მიცხოვრია ისეთი ცხოვრებით, რომ პირადი მტრები მყავდეს. მაშინ არც არჩევნებში მივიღებდი მონაწილეობას...თუ რამეს უკავშირდება ეს, მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობას.

რადიო თავისუფლება: რაიმე კონკრეტული თქვენი ნაბიჯის ან განცხადების გამო?

გია ხარჩილავა: ყოველ კვირა ბრიფინგებს ვატარებ, სადაც ვამხელ კორუფციულ სქემებს, ვლაპარაკობ მთავრობის არასწორ ნაბიჯებზე. და მე ხომ ვიცი, დროში რა განცხადებებს დაემთხვა ეს ხანძარი. მე მგონია, რომ ეს ფაქტი პირდაპირ უკავშირდება ჩემს სახელმწიფო მოღვაწეობას თვითმმართველობის სფეროში.

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად რას?

გია ხარჩილავა: რამდენიმე ფაქტორია. თუ ამ გზით წავალთ და ვიტყვით, რომ ცეცხლი ვიღაცამ განზრახ გააჩინა, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთან რუსეთი და საბჭოთა კავშირი კიდევ უფრო ძლიერად არის დამკვიდრებული, ვიდრე ჩვენ გვგონია. რუსული მეთოდები დღესაც მუშაობს. თუმცა მე ჯერ მხოლოდ ვარაუდებით ვლაპარაკობ. მეორე - ამასწინათ, მე გავაკეთე წალენჯიხის ადმინისტრაციული რესურსების პრეზენტაცია. ვთქვი, რამდენი გაბერილი შტატი არსებობდა მერიაში, ამაზე ხმამაღლა ვთქვით, რა რაოდენობის თანხა იხარჯება, როგორ ჰყავთ დასაქმებული პარტიული ნომენკლატურა და მოვითხოვე, მთელი საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან გასაჯაროვდეს ეს მონაცემები. ეს პროცესი რომ მართლა დაიწყოს, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მტკივნეული იქნება, რადგან გამოაშკარავდება რაზე დგას საარჩევნო ხმები. გამოჩნდება, რომ დღეს ბიუჯეტი პარტიულ სალაროდაა ქცეული...შესაძლოა, მომხდარი ამასაც უკავშირდებოდეს და რამე გზავნილს შეიცავდეს.

დამწვარი წიგნები წალენჯიხის მერის მანქანიდან
დამწვარი წიგნები წალენჯიხის მერის მანქანიდან

რადიო თავისუფლება: გზავნილი რომ გაჩერდეთ?

გია ხარჩილავა: დიახ.

რადიო თავისუფლება: როგორც ოპოზიციონერ მერს, რა ურთიერთობა გაქვთ ხელისუფლებასთან, რწმუნებულთან..

გია ხარჩილავა: რამდენიმე დღის წინ, სტიქიის დღეებში, „ტერენტობის“ ღონისძიებიდან პირდაპირ მოსახლეობაში გავედით პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ იმ დღეს არც ერთი სატელეფონო ზარი არ მიგვიღია. არავინ გამოჩენილა. მეორე დღეს, როცა გუბერნატორი ჩამოვიდა, არც კი ჩათვალა საჭიროდ, რომ ქალაქის ლეგიტიმურ მერს შეხვედროდა. სამაგიეროდ, ყოფილ გამგებელს შეხვდა. ასეთი ბევრი მაგალითი გვაქვს, მაგრამ აქამდე ამაზე ლაპარაკისგან თავს ვიკავებდი. ვფიქრობდი, რომ ეს მოგვარდებოდა, რაღაცნაირად შესაძლებელი გახდებოდა ცივილიზებული ურთიერთობის დამყარება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ერთადერთ ოპოზიციურ მერიას შორის. ეს არ მოხდა. ისე ჩამოდიან სხვადასხვა სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აქ, რომ პოსტ ფაქტუმ ვიგებთ ხოლმე მათი ვიზიტების შესახებ. აღარაფერს ვამბობ „ჟანდარმიზებულ“ განათლების სისტემაზე.

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

გია ხარჩილავა: გახსოვთ, წალენჯიხის წიგნის ფესტივალი რომ ჩავატარეთ. რამდენი სტუმარი იყო ჩამოსული. ერთი ადგილობრივი პედაგოგიც კი არ მოსულა. მე ამ ყველაფერზე უკვე ღიად დავიწყე ლაპარაკი.

რადიო თავისუფლება: ხელისუფლების მხრიდან იგნორზე ლაპარაკობთ, მაგრამ საინტერესოა, მანქანის დაწვის ამბამდე, ხომ არ ყოფილა სხვა შემთხვევაც, თქვენზე, როგორც ოპოზიციური პარტიის მერზე, რაიმე ფორმით ზეწოლისა?

გია ხარჩილავა: მუქარით არავინ დამმუქრებია. თუმცა ჩემი გუნდის წინააღმდეგ ძალიან აქტიურად მუშაობს ე.წ. „ტროლების ქარხანა“ ეს, მგონი, ერთადერთი ქარხანაა საერთოდ, რაც საქართველოში მუშაობს. არ არსებობს თემა, რაზეც ისინი არ ქილიკობენ და ელექტრონულ სივრცეში ჩვენი გაკეთებული საქმეების „შავი პიარით“ არ არიან დაკავებულები. გაღიზიანება ჩემ მიმართ უფრო დიდია, ვიდრე ეს გარედან ჩანს.

რადიო თავისუფლება: ხომ არ გიფიქრიათ, რომ ამ ინციდენტის მერე დაცვა გჭირდებათ?

გია ხარჩილავა: მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, სამოქალაქო ომის დროს პატარა ბიჭი ვიყავი და "მხედრიონისგან" თავად ვიცავდი როგორც შემეძლო აქაურ მოსახლეობას და არ წარმომიდგენია, ჩემს ქალაქში დაცვა როგორ უნდა მყავდეს. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ უფრო აქტიური უნდა ვიყო და მეტად ვამხილო, რაც სამხილებელია.

წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის უკან პოლიტიკური მოტივის ძებნას "უხერხული" უწოდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა რატი იონათამაშვილმა და თქვა, რომ "თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, ეს არის ეს პიროვნებაო [გია ხარჩილავა]".

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია კი მომხდარს ასე გამოეხმაურა: "ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით".

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა საქართველოს 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") რომელმაც 2021 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG