საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის დროს შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ადმირალ რობ ბაუერს ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მადრიდის სამიტზე მიღებული "საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი", მისი პრაქტიკაში განხორციელება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს. ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია", - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. 12-13 ოქტომბერს ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრები იმართება.
ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსაც. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს.