Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანმა სასამართლოში ჩვენება მისცა „ფეისბუკზე" მის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის საქმეზე


საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი

ტელეკომპანია „იმედის" ცნობით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით ჩვენება მისცა. საქმე ეხება „ფეისბუკზე" მის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტს, რაზეც გამოძიება მუქარის მუხლით (სსკ-ის 151-ე მუხლი) მიმდინარეობს, წულუკიანი კი დაზარალებულად არის ცნობილი.

„ეს ჩემი საქმე მოწმობს იმას, რომ ყოველთვის აქვს აზრი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას. ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ. თორემ, ჩვენ არც ლანძღვა გვიკვირს, არც დაკნინება, ვერბალური თავდასხმები. ამას შევეგუეთ. ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შევეგუოთ.

პროცესი სისხლისსამართლებრივი პროცედურების დაცვით წარიმართა და შესაძლებლობა მქონდა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენება მიმეცა“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ქეთა გაბიანმა 12 თებერვალს დაწერა, რასაც კულტურის მინისტრი ორ დღეში გამოეხმაურა.

გაბიანის „ფეისბუკის" გვერდზე აღნიშნული პოსტი ამჟამად არ იძებნება. როგორც ის განმარტავს, გამოხატვის ეს ფორმა მისთვის მიუღებელი იყო და ამიტომ პოსტი წაშალა.

„[პოსტი] აღქმული იყო როგორც მუქარა და ასეთი ფორმა მიიღო. ვუთხარი თვითონ ქალბატონ თეასაც, ასეთი ფორმით, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანს და რაც არ უნდა მიუღებელი უნდა იყოს პოლიტიკური პოზიცია და საზოგადოებრივი, ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ჩემი მხრიდან, ამიტომ წავშალე“, – განაცხადა ქეთა გაბიანმა.

მუქარის მუხლი დადასტურების შემთხვევაში შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.

XS
SM
MD
LG