Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 ოქტომბერს


დღეს მოსკოვში უშიშროების საბჭო იკრიბება

დღეს, ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

სხდომას წინ უსწრებდა ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის კრასნოდარის მხარის დამაკავშირებელ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება.

კვირას ცნობილი გახდა, რომ აფეთქების შემდეგ ხიდი მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კრასნოდარის მხარეში გადაყვანა ბორნის გამოყენებით მოხდა.

ანექსირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა გუშინ დააზუსტა, რომ ხიდის სარკინიგზო ნაწილი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

კვირას, გამთენიისას რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიაზე. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 12-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

პარლამენტის ბიუროს წარედგინება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი

დღეს, 10 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს წარედგინება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტი მომზადებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ, ამავე შინაარსის უკრაინული კანონის ანალოგიით.

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად რჩება. ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია "ქართული ოცნების" მიერ უკრაინული კანონის პირდაპირ თარგმნა და ქართულ რეალობასთან მორგების მცდელობა.

პროექტის მიხედვით ოლიგარქად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამს აკმაყოფილებს:

  • პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
  • არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს.

მეტი სადავო კანონპროექტის შესახებ წაიკითხე აქ.

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ ერთმანეთს

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. როგორც ბაქო აცხადებს, 8 ოქტომბერს საღამოს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სროლა დაიწყეს ვარდენისისა და გორისის რაიონების დასახლებული პუნქტების მხრიდან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისროდნენ სხვადასხვა კალიბრის იარაღით, სამიზნე იყო აზერბაიჯანის ჯარები, რომლებიც ქელბაჯარის რაიონში არიან დისლოცირებული. ამ ინფორმაციის მიხედვით, 9 ოქტომბერს დილით სომხეთის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს ლაჩინის რაიონის მიმართულებით. სამინისტროს თანახმად, მიღებულია ადეკვატური ზომები.

თავის მხრივ, ერევანმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს საღამოს აზერბაიჯანის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის ჯარებს, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთ ნაწილში არიან დისლოცირებული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისროდნენ სხვადასხვა კალიბრის იარაღით და სომხეთის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

წაიკითხე მეტი.

სერჰი ჟადანი: არ გვინდა მსოფლიოსთვის დავრჩეთ უბრალოდ რუსეთთან ახლოს მდებარე ქვეყნად

ცნობილი უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი და მუსიკოსი სერჰი ჟადანი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან არის ხარკოვში მოხალისედ, ოდესის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, გერმანიიდან ჩაერთო, სადაც მისი ბენდი მორიგი საქველმოქმედო კონცერტით იყო წასული. ფული, რომელიც ამ კონცერტებიდან შემოდის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხმარდება.

სერჰი ჟადანთან საუბარს ქართველი პოეტი და მთარგმნელი, რატი ამაღლობელი უძღვებოდა. მან თავის კოლეგას ჰკითხა, რა ხდება დღეს ხარკოვში და რას აკეთებს თავად ჟადანი, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩანს ფეისბუკზე, ხარკოვის ამბებს ყვება და ადგილობრივ მოსახლეობას და უკრაინის ჯარს ეხმარება.

- რამდენიმე დღეა არ ვართ ხარკოვში, თუმცა მანამდე ქალაქში დიდი ლიტერატურული ფესტივალი ჩავატარეთ. ეს ძალიან უცნაური გამოცდილებაა, როცა ფესტივალი ტარდება იმ ქალაქში, რომელიც იბომბება. დიახ, ხარკოვი ისევ რეგულარულად იბომბება, მუდმივად არის ნგრევა და მუდმივად არიან დაღუპულები, დაჭრილებიც.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG