Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მნახველების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 ოქტომბერს


ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილის შესახებ უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება

უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადაეცეს. თუმცა, როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, სასამართლოს გადაწყვეტილება კავშირში არ არის სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულ საქმეებთან.

უბრალოდ დროში დაემთხვა. რაღაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, სააკაშვილი არის დაზარალებული“, - თქვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებას საქართველოს გაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია, გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს.

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ საუბრობს ექსპრეზიდენტის ოჯახი.

დეპუტატმა და მისმა თანაგუნდელმა თემურ ჯანაშიამ, რომელმაც პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ გუშინ მოინახულა, განაცხადა, რომ მას საუბარიც უჭირს.

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დ’ანჯელომ ბოლო კვირაში რამდენჯერმე ნახა მესამე პრეზიდენტი და მისი მდგომარეობის ყოველდღიურ გაუარესებაზე გაამახვილა ყურადღება. ამერიკელ ადვოკატს რადიო თავისუფლება საქართველოდან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, 5 ოქტომბერს ესაუბრა.

წაიკითხე მეტი რადიო თავისუფლების უფროსი რედაქტორის, ნინო გელაშვილის ინტერვიუში სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატთან.

პრაღაში ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ერთმანეთს

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე, დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, არაფორმალური შეხვედრა პრაღის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და იგი, ძირითადად, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა.

„შეხვედრაზე პრემიერი ღარიბაშვილი სწორ რამეებს ამბობდა, რაც მისგან ადრე არ გვსმენია“, - აცხადებს ევროკავშირის წყარო, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.

სამიტის კულისებში ამ და სხვა შეხვედრების შესახებ საქართველოს ოფიციალური არხებით ცნობები არ გავრცელებულა.

წაიკითხე მეტი.

ომი უკრაინაში: აზოვსტალის მეთაურები ტყვეობასა და გათავისუფლებაზე ყვებიან

„აზოვის“ მეთაურების ბრიფინგზე პოლკის შტაბის უფროსმა, მაიორმა ბოგდან კროტევიჩმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ დატოვებისას რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები პოლკ „აზოვის“ წევრების გადაბირებას ცდილობდნენ, რათა მათ აშშ-ისა და დასავლეთის წინააღმდეგ ებრძოლათ.

ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ ახლა ძალოვან უწყებებთან მუშაობენ - კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, ირღვეოდა თუ არა რუსეთის მხრიდან მათი საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები.

უკრაინამ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები სექტემბრის ბოლოს, რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად დაიბრუნა. უკრაინელი მეომრების გარდა, რუსეთმა გაათავისუფლა 10 უცხოელი მებრძოლიც.

წაიკითხე მეტი.

არძინბა: „ბიჭვინთაზე“ შეთანხმებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

მისი სიტყვებით, მოსკოვი და სოხუმი „მივიდნენ ურთიერთგაგებამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ტექსტში თეზისის ასახვა მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ“. „სახელმწიფოს მეთაურისთვის ამ თემაზე ანგარიშს ვამზადებ, მედიას დროულად შევატყობინებთ, - განაცხადა მან.

არძინბამ აღნიშნა, რომ რომელიმე სხვა მხარისთვის, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გარდა, ობიექტის გადაცემაზე საუბარი ჭორია.

მას კომენტარი სთხოვეს „პიატნაშკის“ ბატალიონის მეთაურის, ახრა ავიძბას სიტყვებზეც.

მრცხვენია კიდეც ამის კომენტირება, ჭორების გამავრცელებლებს თავიანთ სიტყვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ, - განაცხადა არძინბამ.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის 2 მოქალაქე მობილიზაციას ალასკის შორეულ კუნძულზე გაექცა

რუსეთის ორი მოქალაქე აშშ-ისგან თავშესაფარს ითხოვს, მას მერე, რაც ისინი რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას ალასკის შორეულ კუნძულზე გაექცნენ ბერინგის ზღვაში. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

ალასკის შტატის სენატორის ლიზა მურკოვსკის ოფისი აცხადებს, რომ ისინი მუშაობენ სანაპირო და საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებებთან რუსეთის მოქალაქეების საკითხზე. რაც შეეხება გაქცეულ ორ მამაკაცს, ისინი მანამდე რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში, ერთ-ერთ სანაპირო დასახლებაში ცხოვრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო გაწვევას გამოქცეულებმა სენტ ლოურენსის კუნძულის ერთ-ერთი მცირე დასახლების, გამბელის მახლობლად, სანაპირომდე მიაღწიეს, რის შემდეგაც აშშ-ს ჩაბარდნენ.

"Ruski Go Home" - ტექსტებით ბრძოლა თბილისის ქუჩებში

იმ დღეს, როცა თბილისის ქუჩებში უკრაინის ომთან დაკავშირებული წარწერების გადაღება დავიწყეთ, ჩემმა 10 წლის შვილმა მითხრა, რაა მანდ გადასაღები, ყველგან “Fu*k Russia” და “Путин ху*ло” წერიაო.

მართალი იყო, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.

თუკი თბილისის ცენტრალურ, ტურისტულ უბნებში 50-მდე დიდ და პატარა ქუჩას შემოივლით, ნახავთ, რომ დედაქალაქის ქუჩებში ითხოვენ რუსებისთვის ვიზების დაწესებას, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას და აქ ჩამოსული რუსების უკან, სამშობლოში დაბრუნებას. იმავე ადგილებში ნატრობენ სიკვდილს უკრაინის მტრებისთვის და საერთაშორისო ტრიბუნალს ვლადიმირ პუტინისთვის.

თბილისის ქუჩები რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა გეგმით ჩამოვიდნენ, ახსენებს, რომ აქ არც ისე სასურველი სტუმრები არიან.

წაიკითხე და ნახე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

თბილისი, გრაფიტი - წარწერები კედლებზე, თეგები, ჯგუფები... ცრუ, KOSKA, სხმ - გრაფიტი, არტისტები და მათი საღებავები.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG