ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ, პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის წარმომადგენლები ცხინვალელებს გასაწვევ უწყებებს ურიგებენ.
ე.წ. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მე-4 სამხედრო ბაზა „სამხრეთ ოსეთში 2010 წლის 7 აპრილის შეთანხმების საფუძველზეა განთავსებული" და „მისი უფლებამოსილება არ მოიცავს კარდაკარ შემოვლას და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეების გამოძახებას“.
„როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციაში 21 სექტემბრიდან გამოცხადებულია ნაწილობრივი მობილიზაცია, მაგრამ ეს სამხრეთ ოსეთს არ შეხებია. ამასთან, სამხრეთ ოსეთში სამობილიზაციო ღონისძიებები და ზოგადად მობილიზაცია არ იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ტელეგრამის ერთ-ერთმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ბაზის წარმომადგენლები ცხინვალში „კარდაკარ დადიან“ და "მოსახლეობას უწყებებს ურიგებენ“.
იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა Meduza-ს განუცხადა, რომ კრემლი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოქალაქეების მობილიზებას განიხილავს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება.