რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 22 სექტემბერს “სპუტნიკ აბხაზიას” პლატფორმაზე ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევაზე, საქართველოს ხელისუფლებამ გახსნას “მეორე ფრონტი” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. Მისი თქმით, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ამერიკის საელჩო თბილისში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. თითქმის 20-წუთიან ჩანაწერში არძინბა ასევე საუბრობს დასავლური ფონდების ფარულ ზრახვებზე, ახსენებს "ბერგჰოფის ფონდს" და ამბობს, რომ ისინი, როგორც წესი, ჰუმანიტარული პროექტებით იწყებენ საქმიანობას და ხელს უწყობენ სახელმწიფო გადატრიალებებს.
არძინბა ასახელებს ჯონ პენელს, რომელიც აგვისტოში დაინიშნა USAID-ის მისიის ხელმძღვანელად სამხრეთ კავკასიაში და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მანამდე ის უკრაინასა და ლიბიაში მუშაობდა.
„მან საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უკვე დაიწყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ მორიგი სამხედრო ავანტიურა გაატარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ - ე.წ. მეორე ფრონტი. ამასთან, ამის პარალელურად, პენელის დანიშვნის შემდეგ გააქტიურდა მუშაობა საქართველოს მთავრობის 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიის, „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, განხორციელებაზე“, - თქვა არძინბამ.
დასავლურ სტრუქტურებთან დაკავშირებით არძინბამ განაცხადა, რომ ისინი ყველა ქვეყანაში ერთი პრინციპით მუშაობენ. მისი თქმით, ყველაფერი ჰუმანიტარული ქმედებებით იწყება და სახელმწიფო გადატრიალებით მთავრდება. "ბერგჰოფის ფონდზე" საუბრისას მან ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებს მოუწოდა, არ შევიდნენ ფონდის თანამშრომლებთან დიალოგში და არ მიიღონ მონაწილეობა მათ მიერ ორგანიზებულ სამშვიდობო შეხვედრებსა და დისკუსიებში.
“მათ სურთ თქვენი ჩართვა საქართველოს მთავრობის პროგრამის განხორციელებაში, რომლის საბოლოო მიზანია ჩვენს ქვეყანაში ქართული დროშის დამკვიდრება“, - განაცხადა არძინბამ და დაამატა, რომ "ბერგჰოფის ფონდს" აფხაზეთში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და მის მიერ ორგანიზებული შეხვედრები "უკონტროლოდ და აფხაზეთის ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე მიმდინარეობს". დე ფაქტო რეჟიმის მინისტრის თქმით, ფონდის დამფუძნებლები, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და სხვა სტრუქტურები აქტიურად ატარებენ იზოლაციონისტურ პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებაში.
არძინბამ საქართველოსთან ომის შესაძლებლობებზე ისაუბრა 16 სექტემბერსაც - მან თქვა, რომ რეგიონში არსებული ფეთქებადი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოსთან ომის მაღალი ალბათობა არსებობს.
განცხადებებს დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობების შესახებ საქართველოშიც აკეთებენ პოლიტიკოსები - ძირითადად ამ საქმით მმართველი პარტიის რიგებიდან "სიმართლის სათქმელად" გასული ოთხი დეპუტატია დაკავებული. ისინი ამბობენ, რომ ფინანსური დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოს უწევდა და დღემდე უწევს, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს ამერიკელი აგენტების გაძლიერებას, ქვეყანაში დემოკრატიის საფუძვლის შელახვას და "მეორე ფრონტის" გახსნას.
ამერიკის საელჩომ არაერთხელ უარყო საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობებში მონაწილეობა და საქართველოს შეახსენა, რომ ქვეყნის მტერი არა შეერთებული შტატები, არამედ რუსეთია.
ინალ არძინბა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. 31 წლის არძინბა სოხუმში დაიბადა. ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს. უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.