ზემო ლარსში მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. როგორც ის აღნიშნავს, საბაჟო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით და შეუფერხებლად მუშაობს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო 10 დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთს მასობრივად ტოვებენ. საქართველო-რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან კვლავ რიგებია.