Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი რუსეთისათვის სანქციების გაუქმების მოწოდებით გამოდის


ფოტო არქივიდან: ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი
ფოტო არქივიდან: ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვს. ორბანმა ამის შესახებ განცხადება 22 სექტემბერს ბუდაპეშტში მმართველი "ფიდესის" პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, უნგრულმა მედიამ შეძლო ორბანის გამოსვლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება. მოგვიანებით უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა სააგენტო "როიტერსს" დაუდასტურა, რომ ორბანმა სანქციების მოხსნის სასარგებლოდ ისაუბრა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რომელიც ევროკავშირის სხვა ქვეყნების ლიდერებს მკვეთრად არ ეთანხმება უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებაში, ღიად ილაშქრებს ევროკავშირის მიერ, პირველ რიგში, ენერგეტიკის სექტორში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ სანქციებმა ევროკავშირის ქვეყნებში ინფლაციისა და საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ სანქციების მოხსნა დაუყოვნებლივ გამოიწვევდა ბუნებრივ აირზე ფასების 50 პროცენტით გაიაფებას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანქციები ევროპას უფრო მეტად შეეხო, ვიდრე თავად რუსეთს.

უკრაინა მკაცრად აკრიტიკებს უნგრეთის ხელისუფლებას ასეთი პოზიციის გამო. ბუდაპეშტმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის შეჭრა და უკრაინელ ლტოლვილებს საზღვარი გაუხსნა, მაგრამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე მთავრობამ უარი განაცხადა. კიევში ორბანისა და მისი ქვეშევრდომების რიტორიკას პირდაპირ პრომოსკოვურს უწოდებენ.

XS
SM
MD
LG