Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენპროკურორი: მედვედჩუკი გადავეცით „დიდ ციხეს, რომელსაც რუსეთი ჰქვია“


ფოტო არქივიდან: ვიქტორ მედვედჩუკი დაკავების შემდეგ. კიევი, 2022 წლის აპრილი
ფოტო არქივიდან: ვიქტორ მედვედჩუკი დაკავების შემდეგ. კიევი, 2022 წლის აპრილი

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ინფორმაციით, სახელმწიფოს ღალატში ბრალდებული ვიქტორ მედვედჩუკის მიმართ წინასასამართლო გამოძიება დასრულებულია და მისი ჩვენებები დოკუმენტირებულია.

კოსტინი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მედვედჩუკი კი არ გაათავისუფლეს, უკრაინის ციხიდან გადასცეს „დიდ ციხეს, რომელსაც რუსეთი ჰქვია“. გენერალური პროკურორის განცხადებით, მედვედჩუკი რუსეთს მისცეს უკრაინის დამცველთა სიცოცხლის და თავისუფლების სანაცვლოდ.

გასულ ღამით ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთს გადასცა პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი და 55 სამხედრო ტყვე და სანაცვლოდ დაიბრუნა უკრაინის 215 დამცველი, მათ შორის პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ერთი მედვედჩუკის სანაცვლოდ 200 უკრაინელი მეომარი გაათავისუფლეს.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი 2022 წლის აპრილში დააკავა. გენერალურმა პროკურატურამ მედვედჩუკს ბრალი წაუყენა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით.

XS
SM
MD
LG