Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაცვლის ფარგლებში უკრაინაში დაბრუნდა 215 სამხედრო ტყვე, რუსეთს გადასცეს ვიქტორ მედვედჩუკი


"აზოვის" პოლკის გათავისუფლებული მეომრები
"აზოვის" პოლკის გათავისუფლებული მეომრები

უკრაინაში დაბრუნდა 215 სამხედრო ტყვე, მათგან 124 ოფიცერი. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რომელიც "ეროვნული ტელემარათონით" გადაიცემოდა.

რუსეთის ტყვეობიდან შინ დაბრუნებულებს შორისაა "აზოვის" დანაყოფის 108 მეომარი, ისევე, როგორც მესაზღვრეების, პოლიციის, ქვეითი ჯარის და სხვა ორგანოების წარმომადგენლები.

ერთ-ერთი პირი, რომელიც რუსეთმა მიიღო გაცვლის ფარგლებში, ვიქტორ მედვედჩუკია, ითქვა "ეროვნული ტელემარათონის" ეთერში. მედვედჩუკი არის უკრაინელი პოლიტიკოსი, ლიდერი პრორუსული პარტიისა "ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის", რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აიკრძალა. ის 2022 წლის აპრილში დააკავეს მას შემდეგ, რაც გაიქცა შინაპატიმრობიდან, რომელშიც სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით იმყოფებოდა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ შესაძლებელი იყო მისი გაცვლა სამხედრო ტყვეებზე, თუმცა კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აღნიშნავდა, რომ მედვედჩუკის გაცვლაზე საუბარი არ იყო, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა.

გაცვლაში მონაწილე უკრაინელ ტყვეებს შორის არიან პოლკ "აზოვის" მეთაური დენის "რედის" პროკოპენკო და მისი მოადგილე, სვიატოსლავ "კალინა" პალამარი, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მიხაილ ვერშინინი, მედიკოსი ეკატერინა "პტაშკა" პოლიშჩუკი.

რუსეთში მანამდე იუწყებოდნენ, რომ "აზოვსტალის" ქარხნიდან წაყვანილ უკრაინელ ტყვეებს ელოდათ "სამხედრო ტრიბუნალი". რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა გალიების ფოტოები, რომლებიც, თითქოს, მარიუპოლში იყო აღმართული ტყვეების გასასამართლებლად.

გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ტყვედ აყვანილი ათი უცხოელი, რომელთა ნაწილიც გაასამართლეს, ნაწილის გასამართლება კი იგეგმებოდა ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში", ომში უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის - იუწყება როიტერსი.

XS
SM
MD
LG