Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთი აცხადებს, რომ ყირგიზეთი საზღვართან ახლოს მალავს სამხედრო აღჭურვილობას


ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარი, საილუსტრაციო ფოტო
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარი, საილუსტრაციო ფოტო

ტაჯიკეთი ყირგიზეთს ადანაშაულებს ორი ქვეყნის საზღვრის სადავო მონაკვეთთან სამხედრო აღჭურვილობის დატოვებაში, მას შემდეგ, რაც წინა კვირაში იქ სისხლიანი შეტაკებები იყო - თუმცა ყირგიზეთის ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საზღვარზე ვითარება მშვიდია.

21 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ "ყირგიზეთის მხარე ქმნის ყალბ შთაბეჭდილებას კონტაქტის ხაზიდან სამხედროების და მძიმე ტექნიკის გაყვანაზე და მათ მალავს ლეილეკის და ჩონ-ალაის სასაზღვრო დასახლებებში, ყირგიზეთის ბატკენის პროვინციაში". ტაჯიკეთი ყირგიზეთს ასევე ბრალს სდებს ტაჯიკეთის საჰაერო სივრცის დრონებით "ბევრჯერ" დარღვევაში.

თავის მხრივ, ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი 21 სექტემბერს ავრცელებს განცხადებას, რომ საზღვართან ვითარება მშვიდია და შესაბამისობაშია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან.

მანამდე, 20 სექტემბერს, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ვითარების განსხვავებული შეფასებები - ბიშკეკი სიტუაციის "ნორმალიზებაზე" აცხადებდა, დუშანბე კი წერდა, რომ ვითარება "რთული" რჩება.

19 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა პროტოკოლი, რომელიც, როგორც იუწყებიან, გზას უხსნის ძალადობის სრულ შეწყვეტას და სამხედროების გაყვანას.

XS
SM
MD
LG