Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვის არასრულწლოვანი შვილი ჩეჩნეთის ყველა ახალგაზრდული ორგანიზაციის გაერთიანებას უხელმძღვანელებს


ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო
ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო

ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის 16 წლის შვილი ახმედ კადიროვი "ახალგაზრდა თაობის აღზრდის ახალი იდეების" განსახილველად რუსეთის განათლების მინისტრ სერგეი კრავცოვს შეხვდა. რადიო თავისუფლების საიტ "კავკაზ.რეალიის" ცნობით, ამ შეხვედრის შესახებ მაყურებელს ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია "გროზნომ" უამბო.

რუსეთის ფედერალურმა მინისტრმა მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის მეთაურის შვილის კანდიდატურას რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული ლიდერის პოსტზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახმედ კადიროვი რეგიონის ყველა ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციის გაერთიანებას უხელმძღვანელებს.

ამ პოსტზე კადიროვის შვილის საქმიანობა, როგორც ოფიციალური პირები ამტკიცებენ, მიმართული იქნება ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის "ბავშვებისა და ახალგაზრდების" ინტერესებს შეესაბამება.

რამზან კადიროვის შვილებს, ძმისშვილებს, დებს, ბიძაშვილებს და ბიძაშვილების შვილებს ჩეჩნეთში სხვადასხვა დროს 100-მდე მაღალი თანამდებობა ეკავათ საჯარო სამსახურში. "კავკაზ.რეალიის" თანახმად, თავად ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ოჯახის წევრების კარიერული წინსვლის თაობაზე კრიტიკოსების პასუხად განაცხადა, რომ მას ამის გამო არ რცხვენია. "თუ მე პასუხს ვაგებ ჩემს ხალხზე, რესპუბლიკაზე და თუ ამას ვახერხებ, რა განსხვავება აქვს მათთვის, თუ ვინ იქნება მინისტრი, რაიონის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის უფროსი თუ მთავრობის თავმჯდომარე? მე ეს დიდად არ მაღელვებს", - განაცხადა რამზან კადიროვმა.

ცნობილია, რომ რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი აიშატ კადიროვა 2021 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრად დაინიშნა.

მანამდე, 2020 წლის დეკემბერში, რამზან კადიროვის მეორე ქალიშვილი, ხადიჟატ კადიროვა, გროზნოს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტს ჩაუყენეს სათავეში.

XS
SM
MD
LG