გასული წელს "სუსის ფაილების" სახელით გავრცელებული ჩანაწერების საქმეზე რადიო თავისუფლების რამდენიმე ჟურნალისტი: ნინო თარხნიშვილი, ეკა ქევანიშვილი და თორნიკე მანდარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ისინი თბილისის პროკურატურაში დღეს, 14 სექტემბერს, გამოჰკითხეს.
მათ გარდა, დღესვე ამავე საქმეზე დაზარალებულად ცნეს "TV პირველის" ჟურნალისტები ნატა ქაჯაია და ლიკა ჯანყარაშვილი. ყველა ამ ჟურნალისტის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენი" იცავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება პროკურატურამ მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრასბურგში სარჩელი გაიგზავნა.
"ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ მივაღწიეთ, რომ მინიმუმ პროკურატურას ეპასუხა და სასამართლო დაგვერწმუნებინა, როგორ დაირღვა ჟურნალისტების უფლებები. სტრასბურგში სარჩელის გაგზავნის შემდეგ პროკურატურამ ჟურნალისტების დაბარება დაიწყო და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა... დღეისთვის ორგანიზაცია აწარმოებს 14 მედიასაშუალების 41 ჟურნალისტის საქმეს, რომლებიც მიყურადების მსხვერპლი გახდნენ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში. ეს მოსმენები არ ეხებოდა მხოლოდ სასულიერო პირებს, ხშირ შემთხვევებში დაფიქსირებულია კომუნიკაცია საჯარო პირებთან ან რედაქციის შიგნით, კოლეგებთან. ეს გვარწმუნებს, რომ ჟურნალისტებს უსმენდნენ", - ამბობს ნათია კაპანაძე.
უფრო ადრე ამავე საქმეზე თბილისის პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა რადიო თავისუფლების სამ სხვა ჟურნალისტსაც: გიორგი მგელაძეს, დავით გამისონიას და გელა ბოჩიკაშვილს.
"მედიაომბუდსმენი" იცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, "ნეტგაზეთის", "ფორმულის", "TV პირველის", "პუბლიკის", "მთის ამბების", "ტაბულის", "კავკასიის", და "პალიტრანიუსის" ჟურნალისტებს.
2021 წლის 12 სექტემბერს, გვიან ღამით, მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ეს იყო სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუსი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.
პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.