უკრაინელმა ჟურნალისტმა, კონსტანტინ რიჟენკომ, თითქმის ნახევარი წელი იცხოვრა ოკუპირებულ ხერსონში. ინტერვიუში, რომელიც მან რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტს - Настоящее Время-ს, 13 სექტემბერს მისცა, ყვება როგორ გახდა პარტიზანი, რა ტიპის დავალებების შესრულება უწევდა და როგორ გამოაღწია ოკუპირებული ტერიტორიიდან. როგორც კონსტანტინ რიჟენკო ყვება, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რა დროც მან პარტიზანულ, იატაკქვეშა ცხოვრებას დაუთმო, იღებდა დავალებებს უკრაინის სპეცსამსახურებისგან - უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მთავარი სამმართველოდან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან.
- როგორ აღმოჩნდი იატაქვეშა, პარტიზანულ მოძრაობაში? - ეკითხება Настоящее Время-ს ჟურნალისტი კონსტანტინ რიჟენკოს.
კონსტანტინ რიჟენკო: თავიდანვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც რუსეთის ძალებს წინააღმდეგობას უწევდნენ. როდესაც სასტიკი რეპრესიები დაიწყო, მოგვიწია, რომ დაგვემალა ჩვენი საქმიანობა, არ მიგვეპყრო ზედმეტი ყურადღება, არ შეგვემჩნია, რომ წინააღმდეგობრივ მოძრაობასთან რაიმე კავშირი გვქონდა და ისე გაგვეგრძელებინა მუშაობა.
- როგორ და რატომ მიხვედით აქამდე? ხომ შეიძლებოდა, რომ მაგალითად, მშვიდად მსხდარიყავით და დალოდებოდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს?
მტრები შენს სახლში არიან და შენ კი მშვიდად ელოდები - ასე არ შეიძლება. ვისაც როგორ შეეძლო, ისე ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. ვისაც შეეძლო, დაზვერვაზე დადიოდა, მონაცემებს აგროვებდა, სად არიან რუსები, სად არიან ოფიცრები, სად არის მათი ტექნიკა. ვისაც არ შეეძლო - სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხში გვეხმარებოდა.
- ეს რაიმე ორგანიზებული სტრუქტურაა? იცნობდით ერთმანეთს? ერთად იკრიბებოდით?
ვიცი, რომ ასეთი დაჯგუფებები ბევრია, მაგრამ მე მხოლოდ ჩემს ჯგუფზე შემიძლია ლაპარაკი. თავდაპირველად ვიყავი მე, იყვნენ სხვა ახალგაზრდები, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი გვქონდა, ვმეგობრობდით და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავხმარებოდით სამხედროებს. შემდეგ ნელ-ნელა შემოგვიერთდნენ სხვა ადამიანებიც. ასე გავიზარდეთ ნელ-ნელა. როდესაც ძლიერი რეპრესიები დაიწყო, უკვე აღარავის ვიღებდით, რადგან ეს საკმაოდ სარისკო იყო - შესაძლოა, მათ შორის ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ან მოისყიდეს, ან ახლობლებით ემუქრებოდნენ.
- ანუ, თქვენთან შესაძლოა შემოპარულიყო ადამიანი, რომელიც ჯგუფს „ჩაუშვებდა“?
კი. და ამიტომ, ივლისის დასაწყისიდან აღარავის ვიღებდით.
- მოგვიყევით მარტის შესახებ. მარტის ბოლოს გაუჩინარდით. მთელი რედაქცია ვღელავდით...
მომაკითხეს ყველა იმ მისამართებზე, სადაც ვცხოვრობდი, სადაც შეიძლებოდა ჩემი პოვნა: ნათესავებთან, საცხოვრებელ ადგილას, იქ, სადაც გზავნილები მომდიოდა. მე ნათესავებთან ახლოს ვცხოვრობდი და მათ გამაფრთხილეს, რომ რამდენიმე წუთში ჩემთანაც იქნებოდნენ... დავავლე ხელი აუცილებელ ნივთებს და გავიქეცი, რადგან მივხვდი, რომ დაახლოებით ორ წუთში ისინი უკვე ჩემთან იქნებოდნენ.
- ითქვა, რომ თქვენს გამო ბევრი ადამიანი დაიღუპა. რა იგულისმება ამ მოსაზრებაში?
რუსებს ჰქონდათ „საზოგადოებრივი აზრის შემქმნელების“ ქალაქიდან განდევნის კამპანია. მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ისინი და ადგილობრივი ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობდნენ რუსებზე, ცდილობდნენ, რომ მე დავედანაშაულებინე იასამნისფერი პარკის ტრაგედიაში [2 მარტს, ხერსონში, იასამნისფერ პარკში, ხერსონის ათეულობით დამცველი დაიღუპა რუსეთის არმიის ტანკების წინააღმდეგ ბრძოლისას რ.თ].
- რა ტრაგედიაა ეს? რას გულისხმობთ?
ეს მაშინ მოხდა, როდესაც რუსებმა ჩვენს ტერიტორიულ დამცველებს შეუტიეს. ეს ადამიანები იცავდნენ ქალაქის მისადგომებს, თუმცა, მათ ნორმალურად იარაღიც კი არ ჰქონდათ - ორი ავტომატი, ერთი ან ორი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა და „მოლოტოვის კოქტეილები“. არადა, მათკენ მიემართებოდა სატანკო ტექნიკის უდიდესი კოლონა. ამ შეტევამდე ერთი დღით ადრე, მე ვთხოვე იმ ადამიანებს, რომლებიც აპირებდნენ წინააღმდეგობის გაწევას, რომ ეს არ გაეკეთებინათ, რადგან, რაც უკვე ვნახე, ვხვდებოდი, რომ ამ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. მაგრამ იმ მომენტში, ადამიანები ისე იყვნენ დამუხტულები, რომ არ მომისმინეს. შენ ეუბნებოდი: „არ გინდათ ტანკების წინააღმდეგ ბოთლებით წასვლა“. ისინი კი გპასუხობდნენ: „კი, გავიგეთ, გამყიდველი ხარ“.
ამასთანავე, ტერიტორიული დაცვის წარმომადგენლები მთხოვდნენ, დავხმარებოდი ტანკსაწინააღმდეგო „ზღარბების“, „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებაში. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როდესაც არ ვიცოდით, რომ ქალაქში სამხედროები იყვნენ. და შემდეგ შეეცადნენ ჩემზე ეთქვათ, რომ თითქოს მე მოვუწოდე ხალხს გმირობისკენ, რომ დაეცვათ ქალაქი, თავად კი მათ ზურგს უკან დავიმალე და ისინი დაიხოცნენ.
- მოგვიყევით პარტიზანულ საქმიანობასა და იატაკქვეშა ორგანიზაციაზე. კიდევ რას საქმიანობდით?
ძალიან ბევრ რამეს. ძალიან ბევრს. თუმცა, ყველაფერს ვერ მოგიყვებით.
- მესმის, მხოლოდ ის გვიამბეთ, რაც ადამიანებს არ დააზარალებს.
ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ვიზუალიზაცია, სად იყვნენ რუსები, საით გადაადგილდებოდნენ, მაგალითად, სად იმყოფებოდა საჰაერო თავდაცვა და ა.შ. ანუ ყველა ის პრიორიტეტული სამიზნე, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენ ამ ინფორმაციას ვაგროვებდით და გადაგვქონდა რუკაზე. როდესაც რუკაზე აფიქსირებ ამ მონაცემებს, უკვე ხედავ გარკვეულ კავშირებს - ლოგისტიკურ მარშრუტებს, დასვენების ადგილებს, კონცენტრაციას, შეხვედრის ადგილს. ამაში ძირითადად ადგილობრივები გვეხმარებოდნენ. შემდეგ ამ რუკას ვაძლევდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვის მთავარ სამმართველოს.
პარტიზანების მეორე სამიზნე კოლაბორანტები არიან, განსაკუთრებით სამთავრობო კოლაბორანტები, რომლებიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლების წევრები იყვნენ. ჩვენ მათ ვუთვალთვალებდით. ვიკვლევდით მათ ჩვევებს, გადაადგილების წერტილებს. შემდეგ კი შეძლებისდაგვარად ვანეიტრალებდით.
- ანუ, მაგალითად, უმაღლესი რადის დეპუტატის, ალექსეი კოვალიოვის მკვლელობის შემთხვევაში, თქვენ იცით, იქ რა მოხდა? [დეპუტატის ცხედარი 22 აგვისტოს, ოკუპირებული ხერსონის ოლქში აღმოაჩინეს რ.თ.]
დიახ.
- მოგვიყევით.
მანდატი ჩამოართვეს.
- თქვენ ამასთან კავშირში ხართ?
რაღაც თვალსაზრისით კი. ეს კონკრეტულად ჩვენი საქმე არ იყო, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გამოგვეაშკარავებინა მისი ცხოვრების სტილი, ის თუ სად გადაადგილდებოდა. ჩვენ ამ საკითხში სხვა ჯგუფს დავეხმარეთ.
- კოლაბორანტების საკითხი გასაგებია. კიდევ?
ძირითადად, პატარ-პატარა დივერსიებს ვაწყობდით. სერიოზული დივერსიების მოწყობა, სამწუხაროდ, არც ისე ადვილია. აი, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ტექნიკის დიდი კოლონა მიემართებოდა მელიტოპოლიდან ახალ კახოვკამდე და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქის საზღვარზე ნაღმი აფეთქდა, პირდაპირ ბენზინმზიდთან.
- იქ როგორ აღმოჩნდა ნაღმი?
ღმერთის დახმარებით.
- მოგვიყევით, როგორ გამოვიდა თქვენზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო? როგორც ვიცი, საკმაოდ საინტერესო ისტორიაა.
თუ გახსოვთ, ომის დასაწყისში, ამოქმედდა კამპანია, ბოტი Stop Russian war, სადაც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენი მებრძოლებისთვის გადაგვეცა ინფორმაცია რუსების სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. მაშინ, რუსულმა საზოგადოებამ ამ ბოტების წინააღმდეგ დიდი დისკრედიტაციული კამპანია ააგორა. მე იმ პერიოდში ინფორმაციას ვაგროვებდი არა სამხედროებისთვის, არამედ მინდოდა დოკუმენტური ფილმის გადაღება. ერთ დღესაც მომდის მორიგი შეტყობინება, სადაც მატყობინებდნენ, რომ იყვნენ დაზვერვის სამსახურიდან და მათ სურდათ კონკრეტული მონაცემები. მათ ვუპასუხე: „კი, რა თქმა უნდა, აი, ჩვენი მონაცემები, საბრძოლო მასალის საცავი არის მეტროს სადგურ „ვერხოვნა რადის“ გვერდით, ლენინის ქუჩაზე, და იქვე არის სტეფან ბანდერას შტაბი“.
- ანუ, დასცინეთ.
დიახ, პირდაპირ დავიწყე მათი დაცინვა. რუსული გემის მიმართულებით გავუშვი. მიპასუხეს, რომ ისინი სერიოზულად იყვნენ განწყობილნი. მეც დავუბრუნე პასუხი, მაშ დამიდასტურეთ, რომ ნამდვილად სადაზვერვო სამსახურიდან ხართ-მეთქი. და მომდევნო დღეს, ვიდეო-ზარით მირეკავს ნიკოლაევის მერი, სენკევიჩი: „ნუ დასცინით ამ ხალხს, ისინი სერიოზულად გიკავშირდებიან“.
- ანუ, სენკევიჩის ზარით დარწმუნდით, რომ რუსულ პროვოკაციას არ ჰქონდა ადგილი?
კი. და დავიწყეთ მათთვის ინფორმაციის მიწოდება და დღემდე გრძელდება. სადაზვერვო სამსახურის შემდეგ, კავშირზე უკვე სხვა სამხედრო დანაყოფებიც გამოვიდნენ.
- ის ადამიანები, რომლებიც მართალია თქვენს ჯგუფში არ ირიცხებიან, მაგრამ თქვენთან ერთად ეწევიან პარტიზანულ საქმიანობას, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვინ არიან? სპეციალურად მომზადებული ადამიანები, თუ ვინ?
არა, ისინი, აბსოლუტურად უბრალო ადამიანები არიან. პენსიონერებიდან დაწყებული, სკოლის მოსწავლეებით დამთავრებული. ამას მე ფაქტებზე დაყრდნობით ვამბობ.
- როგორ ფიქრობთ, ელოდა რუსეთი ადგილობრივი მოსახლეობის ასეთ წინააღმდეგობას? თქვენ უბრალოდ ჟურნალისტი იყავით და გახდით ხერსონში ერთ-ერთი პარტიზანული მოძრაობის ორგანიზატორი. რეალურად, ხერსონში მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს რუსეთს?
ერთი პროცენტიც კი არა. პროცენტის მეასედი. არიან ადამიანები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ აეღოთ პასპორტები. არიან ადამიანები, რომლებიც გამოუვალი მდგომარეობის გამო წავიდნენ სამუშაოდ. უნდა გავიგოთ ეს. არ შეიძლება, რომ პატრიოტული სულისკვეთებით მშიერი მოკვდე. როდესაც გაქვს ორი არჩევანი - მოკვდე მშიერი პატრიოტის სტატუსით ან აიღო პასპორტი და გქონდეს პურის ფული, არჩევანი ნათელია. ამიტომ ხელაღებით ლაპარაკი, რომ ის ადამიანები, რომლებმაც რუსეთის პასპორტები აიღეს, ბედნიერები არიან რუსების მოსვლით, არ შეიძლება.
- როგორ გადაწყვიტეთ ხერსონიდან გამოსვლა? უფრო ზუსტად, როგორ გამოაღწიე და როდის გადაწყვიტე?
ბოლო ორი თვე უკვე ვფიქრობდი, რომ იქაურობა უნდა დამეტოვებინა. წამოსვლის მიზეზი ერთი იყო - უკვე ძალიან ნაცნობი სახე ვიყავი. სადაც არ მივდიოდი, ყველგან მცნობდნენ. მაღაზიაში ვიდექი - მცნობდნენ. წყალზე ვიდექი - მცნობდნენ. ბაზარში ვიყავი - მცნობდნენ. რაღაც მომენტში რომელიმე კოლაბორანტი გადამაწყდებოდა, მიცნობდა, გამომყვებოდა და ნახავდა სად წავედი, ვის შევხვდი და ასე, ნელ-ნელა მთელ ქსელს გამოააშკარავებდნენ.
ეს ყველაფერი კარგად მესმოდა და ვცდილობდი, ქუჩაში იშვიათად გამოვსულიყავი. გარდა ამისა, ჩემგან უკვე აღარ მოდიოდა დიდი სარგებელი - ძირითადად ვიჯექი კომპიუტერთან და ვაგროვებდი და სისტემაში ვაქცევდი მონაცემებს. მეორეც, კვირაში ერთხელაც რომ გავდიოდი ქუჩაში, უკვე პრობლემა იყო. მიუხედავად ჩემი შენიღბვისა, არსებობდა საფრთხე, რომ ადგილობრივი „ფეესბეშნიკები“ მაინც მცნობდნენ.
- შესანიღბად რა ხერხს მიმართავდით?
გარეგნობას ვიცვლიდი. ვცდილობდი, მაწანწალის, უსაქმურის იერი მომერგო. ქუდს ვიფარებდი. სახესაც ვიღებავდი, რომ ნასვამს დავმსგავსებოდი. ბოლოს უკვე თავად მებრძოლებმა მითხრეს, რომ უმჯობესი იყო დამეტოვებინა იქაურობა, რადგან მალე დაიწყებოდა კონტრშეტევის აქტიური ფაზა და ჩემნაირ ადამიანებზე განსაკუთრებული ნადირობა გამოცხადდებოდა.
- საბოლოოდ როგორ გამოაღწიეთ ხერსონიდან? როგორც ვიცი, თქვენი ფოტოები გამოკრული იყო ბლოკპოსტებზე.
კარგი ადამიანები დამეხმარნენ დოკუმენტების გაკეთებაში. უფრო ზუსტად, ადამიანების მთელი ჯაჭვი. საბოლოოდ, მქონდა სხვადასხვა რანგის ოთხი პასპორტი. ოთხივე სხვადასხვა სახელზე. ოთხი სხვადასხვა პიროვნება ვიყავი. ანუ, ოთხივეს ჰქონდა საკუთარი სოციალური ქსელი, ჰქონდა მიმოწერები ადამიანებთან. ყველა ადამიანს თავისი „ლეგენდა“ ჰქონდა. ერთი პირი ბუღალტერი იყო. მისი „გუგლის“ ისტორია რომ გაგეხსნათ, ნახავდით, თითქოს ის ეძებს სწორედ მის პროფესიასთან დაკავშირებულ თემებს. საბოლოოდ, როგორც კი დადგა დრო, როდესაც ყველა საქმე ბოლომდე მივიყვანე, უბრალოდ ავდექი და წამოვედი.