ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი დათანხმდა ქვეყნის დედაქალაქს დაუბრუნდეს ძველი სახელი - ნურ-სულთანი კვლავ ასტანა იქნება. ეს არის ტოყაევის კიდევ ერთი მცდელობა, თავისი წინამორბედისგან დისტანცია დაიკავოს.
ტოყაევის პრესმდივანმა, რუსლან ჟელდიბაიმ, 13 სექტემბერს "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ტოყაევი დათანხმდა ამ ნაბიჯს, რომელიც ახლა დაემატება საკონსტიტუციო შესწორებათა კანონპროექტს, რომელსაც ახლა ამზადებენ.
2 სექტემბერს საპარლამენტო ჯგუფმა, „ახალმა ყაზახეთმა“, წამოაყენა წინადადება, ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად დარქმეული სახელი ნურ-სულთანი გადაკეთდეს და დედაქალაქს დაუბრუნდეს ძველი დასახელება - ასტანა.
ტოყაევმა დედაქალაქს სახელი შეუცვალა მაშინ, როცა ნაზარაბევმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის თითქმის ოცდაათწლიანი მართვის შემდეგ გადადგომა გამოაცხადა და მემკვიდრედ ტოყაევი დაასახელა.
ნაზარბაევმა გადადგომის შემდეგ შეინარჩუნა ფართო უფლებამოსილებანი და დარჩა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. ის ინარჩუნებდა ასევე „ელბასის“ - „ერის მმართველის“ ტიტულს.
ყაზახეთის უკმაყოფილო მოსახლეობამ წელს, იანვარში, გამართა უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლები, რისი საბაბიც იყო საწვავის ფასის ზრდა. გამოსვლები გადაიზარდა სისხლიან არეულობაში. ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავდა ნაზარბაევის და მისი ოჯახის წევრების და ახლობლების გამდიდრების გამო, რაც კორუფციამ მოიტანა ბუნებრივი წიაღისეულით მდიდარ ქვეყანაში.
ტოყაევმა ნაზარბაევს ჩამოართვა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი და თავად დაიკავა. ნაზარბაევის არაერთი ნათესავი და ახლობელი დაითხოვეს თანამდებობიდან, ზოგიერთი პასუხისგებაში მისცეს კორუფციის ბრალდებით.
წელს ტოყაევის ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის ძალითაც კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი, რომ ნაზარბაევი „ერის მმართველია“. ყაზახეთში პრეზიდენტის ოპონენტები თვლიან, რომ ტოყაევის ინიციატივები კოსმეტიკურია და არ იცვლება ქვეყნის ავტოკრატიული სისტემა.
ჟელდიბაი "ფეისბუკზე" აცხადებს, რომ ამასთან პრეზიდენტი ისტორიულ ფაქტად თვლის ნაზარბაევის გადამწყვეტ როლს ყაზახეთის თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებასა და დედაქალაქის ჩამოყალიბებაში.