თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა შკუბულიანმა, 12 სექტემბრის სხდომაზე დააკმაყოფილა თანატოლის მკვლელობის მცდელობის საქმის ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა და საქმეს დაურთო ახალი მტკიცებულებები - მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა და ამ გამოძიების საფუძველზე ხელახლა გამოკითხული არასრულწლოვანი მოწმეებისა და მათი მშობლების გამოკითხვის ოქმები.
არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებების დამატების საშუალებას იძლევა.
რა მოხდა 30 მაისს - მოკლედ
გამოძიების ვერსიის თანახმად, 2006 წელს დაბადებული ლ.ა. თანატოლმა გ.გ.- მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით თბილისში, სამგორის რაიონში, 30 მაისს დაჭრა.
სამართალდამცავების თანახმად, იმ დღეს 74-ე სკოლაში სპორტის გაკვეთილზე ორმა მოსწავლემ მასწავლებლის და მოსწავლეების თანდასწრებით იჩხუბა, თუმცა კონფლიქტი ამით არ დასრულებულა. მოზარდებმა იქვე დათქვეს, რომ საქმეს გაკვეთილების შემდეგ “გაარჩევდნენ”. შეთანხმებულ დროს სკოლასთან ახლოს, ე.წ. გარაჟებში, დაახლოებით 20-მდე არასრულწლოვანი შეიკრიბა, სადაც ჩხუბის დაწყებიდან რამდენიმე წამში მუცლის არეში დაჭრეს 15 წლის მოზარდი.
ჩხუბიდან რამდენიმე საათში, იმავე ღამეს დააკავეს 2006 წელს დაბადებული გ.გ. ის მის მიმართ წაყენებულ ბრალს დღემდე არ აღიარებს.
რას შეცვლის ახალი მტკიცებულებები?
არჩილ ჩოფიკაშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქმეს ღირებული მტკიცებულებები დაემატა, რაც ადვოკატს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, დაამტკიცოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებულის უდანაშაულობა და მეორე მხრივ, თვალსაჩინოს ხდის საგამოძიებო უწყებებში არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს:
„პროკურორის ძირითადი არგუმენტი, რომ 12 სექტემბერს მოსამართლეს ეს შუამდგომლობა არ უნდა დაეკმაყოფილებინა, იყო ის, რომ თურმე მე რადიო თავისუფლებას შევუკვეთე სტატია. ჩემს შუამდგომლობაში მოყვანილი მქონდა ცნობები საჯარო რესურსებიდან რადიო თავისუფლების შესახებ, თუ რა ტიპის მედიაა, ვის მიერ ფინანსდება და პროკურორს სხდომაზე „მადლობა“ გადავუხადე, რომ ჩემზე აქვს ისეთი წარმოდგენა, რომ მე თურმე შემიძლია აშშ-ის კონგრესის მიერ შექმნილი მედიასაშუალებისთვის სტატიების დაკვეთა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ბრალდებული უდანაშაულო არასრულწლოვანია და მას ფალსიფიცირებული და მანიპულირებული მტკიცებულებებით უყენებენ ბრალს. პროკურატურის ბრალის აბსურდულობას ცხადყოფს ეს ერთი განცხადებაც, რომ თურმე მე რადიო თავისუფლებას ვუკვეთავ სტატიებს“.
ორჯერ დახეული ჩვენება - რას უყვება მთავარი მოწმის დედა რადიო თავისუფლებას?
არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ წარდგენილ ახალ მტკიცებულებებს შორის, რომლებსაც მოსამართლე უნდა გაეცნოს და რომელიც 16 გვერდისგან შედგება, ის წაიკითხავს თანატოლის მკვლელობის მცდელობის საქმის მთავარი მოწმის, 16 წლის ბიჭის დედის მონათხრობსაც. მას ივნისის დასაწყისში ჯერ რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი ესაუბრა, შემდეგ კი - უკვე ბრალდებულის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.
მოწმის დედამ ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას 13 სექტემბერს. ქალი ჩვენთან საუბრისას დეტალურად იხსენებს 30 მაისს, როდესაც თბილისში, მისი შვილის უახლოესი მეგობრის დაჭრის შემდეგ, დედა-შვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ქალი იხსენებს მომდევნო დღეებსაც, როდესაც ბიჭმა ოჯახს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მას ზემოქმედების საფუძველზე მიაცემინეს ჩვენება და ჩვენების ოქმში ჩაწერეს ის, რაც მას არ დაუნახავს - ანუ არ დაუნახავს, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს დანა დაარტყა.
მოწმის დედა გვიყვება, რომ პოლიციის განყოფილებაში, „მცირე დეტალის ჩასწორების“ მოტივით, ორჯერ დახიეს მისი შვილის ჩვენება და საბოლოოდ კი, ქალმა ხელი მოაწერა ჩვენებას, რომლის დაკვირვებით წაკითხვაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო:
„დაკითხვის ის ფორმა, რაც ჩვენ გამოვიარეთ, თავდაპირველად მეგონა, რომ კანონის ფარგლებში წარიმართა. პირველად შევაღეთ პოლიციის კარი. არასდროს დაკითხვაზე არ ვყოფილვართ. არაფერი ვიცოდი, რა ხდება და როგორ. ბავშვის დაკითხვა მიმდინარეობდა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში. ამოგვეწურა ყველანაირი რესურსი. დამაწყებინა კანკალი, მაგრამ არ ვიმჩნევდი, რომ ბავშვი არ შეშინებულიყო. მე რომ ასეთ დღეში ჩავვარდი, ხომ წარმოგიდგენიათ, ბავშვი რა მდგომარეობაში იყო. ისიც არ ვიცოდი, რომ საღამოს 10 საათის შემდეგ მოზარდის გამოკითხვა არ შეიძლებოდა, არადა, ჩვენ პოლიციის განყოფილებიდან 12 საათზე გამოგვიშვეს. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, ორი ჭიქა წყლის მეტი არაფერი დაგვილევია. არც შესვენება ყოფილა. შვიდგვერდიანი ჩვენება მონოტონურად გადავიკითხე და მოვაწერე ხელი. გამომძიებელმა ეს ჩვენება გაიტანა, სავარაუდოდ, ვიღაცას წააკითხა და რამდენიმე წუთში უკან შემობრუნდა. ერთ დეტალს ჩავასწორებ, გრამატიკული შეცდომააო, დახია ჩვენება, ჩაასწორა და ახალი ამობეჭდა. აღარ წამიკითხავს, რა ამობეჭდა. ფიზიკურად აღარ შემეძლო. ისევ გავიდა, ცოტა ხანში ისევ შემობრუნდა, ისევ დახია ჩვენება და ისევ ახალი ამობეჭდა“, - გვიყვება მთავარი მოწმის დედა.
გამოკითხვიდან სახლში დაბრუნებულმა მოზარდმა კი ოჯახს უთხრა, რომ მას ინციდენტისას ბრალდებულის ხელში დანა არ დაუნახავს და ის ჩვენებას გამომძიებლების „მინიშნებების“ საფუძველზე აძლევდა:
„რომ ვკითხე, მაშ რატომ თქვი, რომ დანა დაინახე-მეთქი, ასე ამიხსნა - გამომძიებელმა მითხრა, ჩვენ ყველაფერი ვიცითო, ჩათვალე რომ მინიშნებას გაძლევო. მართლაც ასე იყო, უთხრეს, რომ ყველაფერი ვიცით და შენგან გვაინტერესებს, რა როგორ მოხდაო. ბავშვი ძალიან დაძაბული იყო. შიშის და სტრესის ფონზე, ნორმალურად ვერ მეტყველებდა. თავდაპირველად თქვა, რომ მას დანა არ დაუნახავს. ამის შემდეგ გამომძიებელმა დაიწყო ე.წ. მიმანიშნებელი კითხვების დასმა. სამზარეულოს დანა რომ იდოს მაგიდაზე და მასთან ერთად დასაკეცი დანაო, რომელს დაადებდი ხელს, რომელი იქნებოდა ინციდენტის ადგილასო. შემდეგ სამი ფერი დაუსახელა, ამ ფერებიდან, შენი აზრით, რა ფერის დანა იქნებოდა ჩხუბისასო. საბოლოოდ იმდენი ქნა ამ ჩაკითხვებით, სანამ არ ათქმევინა, რომ დანა დაინახა. ჩემი შვილი გამომძიებელს თითო-თითო სიტყვას ეუბნებოდა. მეგონა, რაკი ბავშვი დაბნეულია და ვერ აყალიბებს თავად წინადადებებს, გამომძიებელს აქვს უფლება, რომ თავად გამართოს ეს წინადადებები-მეთქი“.
მოწმის დედა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც - როგორ ჩაწერეს მისი შვილის ჩვენებაში ე.წ. მთავარი არგუმენტი, რომელიც ბრალდებულის დანაშაულს დაადასტურებდა:
„გამომძიებელმა ჩემს შვილს უთხრა, მოდი, ასე დავწეროთ, რომ დაზარალებული ამბობს, „ვახ, გ...მა (ბრალდებულმა რ.თ.) დამჭრა“ - ო. ჩემმა შვილმა სამჯერ გაუმეორა, რომ დაზარალებულს ბრალდებულის სახელი არ უხსენებიაო, მაგრამ გამომძიებელმა უპასუხა, ეს მცირე დეტალია, ჩვენ დაგვეხმარება, პოზიციებს გაამყარებსო. შემდეგ მეც მომიბრუნდა, ჩავწეროთო? ვუპასუხე, რომ არასწორი ფორმულირება იყო, რადგან ბავშვს არ უხსენებია სახელი და გვარი. თუმცა, მაინც ჩაწერა ჩემი შვილის ჩვენებაში ეს მონაკვეთი. რეალურად, ჩემი შვილი ბოლო მომენტამდე ეუბნებოდა, რომ დაზარალებულს არ უხსენებია ბრალდებულის სახელი და გვარი“.
არასრულწლოვანი მოწმის ოჯახმა შვილის გამოკითხვიდან ორ დღეში ადვოკატი აიყვანა და მისი ხელახალი გამოკითხვა მოითხოვა, სადაც მოზარდი გამოძიებას მიაწოდებდა იმ ინფორმაციას, რაც ინციდენტის დღეს რეალურად დაინახა. თუმცა, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, გამოძიებას 16 წლის მოწმე დღემდე არ დაუკითხავს:
„ბავშვი პირველი გამოკითხვის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში აღარ იღებდა საკვებს. ჩაიკეტა, აღარავის ეკონტაქტებოდა. ერთ დილას ცუდად გახდა, წნევა დაუვარდა. განიცდიდა, რომ ისეთი ჩვენება მისცა, რაც რეალურად არ დაუნახავს. გამოძიებას ხელახალი დაკითხვის მოთხოვნით პირველად 2 ივნისს მივმართეთ. საბოლოოდ, პოლიციაში 27 ივნისს დაგვიბარეს. გამომძიებელს გავაცანით, რისი შეცვლა გვსურდა, ვუთხარით, რომ ბავშვს დანა არ დაუნახავს და ვერ იტყოდა იმას, რაც არ დაუნახავს. რა თქმა უნდა, გამომძიებელს ეს არ ესიამოვნა. მითხრა, ზემდგომებს დაველაპარაკები და დაგიკავშირდებითო. 27 ივნისის შემდეგ აღარც ადვოკატის ზარებს უპასუხეს, აღარც მესიჯებს და ისე მოვიდა მტკიცებულებების გაცვლის ბოლო დღე, რომ ბავშვი მეორედ აღარ დაკითხეს. ამიტომ იძულებული გავხდი, რომ ჩემი შვილი ივნისის ბოლოს დაეკითხა ბრალდებულის ადვოკატს, არჩილ ჩოფიკაშვილს“.
რატომ წაუყენეს საქმის მთავარ მოწმეს ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე?
საქმის მთავარი მოწმე ახლა სასამართლოში ელის გამოკითხვას. თუმცა, როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი გვეუბნება, მთავარი მოწმეების სასამართლოში დაბარებას ბრალდების მხარე ჯერჯერობით არ ჩქარობს:
„ფაქტი ისაა, რომ სასამართლოში უკვე ხუთი სხდომა ჩატარდა და პროკურორს გამოკითხვაზე ძირითადი მოწმეები კი არ მოჰყავს, არამედ მოჰყავს გამომძიებლები, ექსპერტები. 12 სექტემბრის სხდომაზე, მაგალითად, მოიყვანა ჩხუბის ორი მონაწილე, რომლებიც არ არიან ბრალდებისთვის ღირებული მოწმეები და ამბობენ, რომ მათ არაფერი დაუნახავთ. ამ საქმეში სამი-ოთხი მთავარი მოწმეა. ეს მოწმეები რომ დაიკითხონ, საქმე დამთავრებული იქნება და შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღებაც“.
თუმცა, როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებამ დროულად გამოჰკითხოს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ის მას ბრალს უყენებს და „აპირებს, შეაშინოს“.
არჩილ ჩოფიკაშვილი გულისხმობს ბრალდებას საქმის მთავარი მოწმის მიმართ, რომელიც გამოძიებამ მას ათი დღის წინ, 2 სექტემბერს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წაუყენა.
საქმე ეხება ე.წ. სასიგნალო იარაღს, რომელიც თანატოლის მკვლელობის მცდელობის საქმის მთავარმა მოწმემ მოზარდის დაჭრამდე თვე-ნახევრით ადრე, აპრილის შუა რიცხვებში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს, საბავშვო მოედანთან იპოვა. ამ ბრალდებას არანაირი კავშირი არ აქვს იმ საქმესთან, რა საქმეშიც 16 წლის ბიჭი მთავარი მოწმის სტატუსს ატარებს.
მოზარდის დედა რადიო თავისუფლებას უყვება იარაღის პოვნის დეტალებს:
„ჩემს შვილს ვიცნობ და ვენდობი, სხვა ტიპის ადამიანი რომ იყოს, ე.წ. ქუჩური მენტალიტეტის, არავითარ შემთხვევაში არ დავაფარებდი ხელს. როგორც ჩემი შვილი მიყვება, იარაღი საბავშვო მოედანთან იპოვა და მართალია, ნაპოვნი ნივთი სახლში წამოიღო, თუმცა, მალევე მისი გადაგდება გადაწყვიტა. ცეკვაზე უნდა წასულიყო, სწორედ მაშინ აპირებდა მის გადაგდებას და ჩანთის პატარა ჯიბეში ჩაიდო. თუმცა, იმ საღამოს უმცროსი და დავუტოვე, ცეკვაზე ვეღარ წავიდა და მეორე დღეს, ამავე ჩანთით სკოლაში წავიდა. საბოლოოდ, იარაღი მანდატურმა ნახა და სკოლაში პოლიცია გამოიძახა. მეც დამიბარეს სკოლაში. იარაღი ექსპერტიზაზე წაიღეს. ივნისის შუა რიცხვებისთვის მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა. მივედით პოლიციაში, აგვიხსნეს, რომ იარაღი იყო სასიგნალო, იყო გადაკეთებული და შესაძლებელი იყო, რომ გამოყენებული ყოფილიყო ცეცხლსასროლ იარაღადაც. მაშინვე დავუსვით გამომძიებლებს კითხვები, ამის გამო ხომ არ შეექმნებოდა ბავშვს პრობლემა, მაგრამ გვითხრეს, რომ არაფერი საშიში არ არის, მით უმეტეს, არასრულწლოვანია და მაქსიმუმ განრიდება გავუკეთოთ და საქმე დაიხურებაო. თუმცა, ექსპერტიზის პასუხიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, ბავშვს ბრალი წაუყენეს. თუკი დანაშაულის ნიშნები დაინახეს, რაღას ელოდნენ ორი თვე, რატომ ივნისშივე არ წაუყენეს ჩემს შვილს ბრალი?“
როგორც მოზარდის დედა გვეუბნება, მას ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, რომ მის შვილს ბრალი სამი თვის თავზე იმიტომ წაუყენეს, რომ თანატოლის მკვლელობის მცდელობის საქმეში მისი პირველი ჩვენება არ შეცვალოს და არ თქვას, რომ არ დაუნახავს ბრალდებულის ხელში დანა, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ოჯახზე ირიბი ზეწოლა მიმდინარეობდეს:
„მე ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ეჭვი ნამდვილად ჩნდება. ჩემი პოზიცია, როგორც დედის, ძალიან მყარია - ჩემს შვილს საგამოძიებო უწყებაში მინიშნებებისა და კანონის დარღვევით მიაცემინეს ჩვენება და ათქმევინეს ის, რაც მას რეალურად არ დაუნახავს. მას უნდა და მეც ვეთანხმები, რომ ეს ჩვენება უნდა შეცვალოს. რა ვქნა, მირჩევნია ჩემმა შვილმა სამი წელი მოიხადოს და ადამიანი გამოვიდეს ციხიდან, ვიდრე აიკიდოს თანატოლის ცოდვა ბეჭებზე და ამ ტვირთით იცხოვროს“.
მთავარი მოწმის დედა გვეუბნება, რომ დღეს მისი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია და მკურნალობის კურსს ფსიქოთერაპევტთან გადის:
„როგორც ფსიქოთერაპევტმა ამიხსნა, მას საკმაოდ რთული დეპრესიული ფონი აქვს. ახლა ერთადერთი, რასაც ის ელოდება, არის, რომ სასამართლოში დაკითხონ, რომ ცოტათი მაინც დამშვიდდეს. ყოველდღე მეკითხება, როდის დამიბარებენ. ერთი სული აქვს, როდის ამოიღებს გულიდან და როდის იტყვის თავის სიმართლეს“.
არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობის საქმის მომდევნო სასამართლო სხდომა 15 სექტემბერსაა დანიშნული. ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ვარაუდობს, რომ ბრალდების მხარე ამჯერადაც შეეცდება საქმის გაწელვას და სხდომათა დარბაზში არა მთავარ, არამედ მეორეხარისხოვან მოწმეებს დაიბარებს.
რას იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?
საგამოძიებო უწყების თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვან მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებს ორ თვეზე მეტია სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიებას ამ მოთხოვნით საქმის ბრალდებულის დედამ მიმართა.
სპეციალურმა სამსახურმა 9 ივლისს სასამართლოს გაუგზავნა წერილი და დიღომში პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის გარე პერიმეტრის, საშვთა ბიუროს, ფოიეს და მე-7 სართულის (ადგილი, სადაც არასრულწლოვანები გამოჰკითხეს) ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოითხოვა, თუმცა სამსახურმა ჩანაწერები ვერ მიიღო, რადგან 12 ივლისს 112-დან უპასუხეს, რომ პოლიციის სერვერებზე იმ დღის ჩანაწერები არ იძებნება.
უწყების ცნობით, საქმის გამოძიება გრძელდება, თუმცა პოლიციელების დანაშაული ჯერ არ გამოკვეთილა.
ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, თუკი სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაადგენს, რომ თანატოლის მკვლელობის მცდელობის საქმის მოწმეებსა და ბრალდებულზე საგამოძიებო უწყებაში სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.
პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანზე ზეწოლის ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული ფაქტი 2019 წლის დეკემბერში მოხდა. მაშინ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ 15 წლის ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევიდან ერთ კვირაში სახელმწიფო ინსპექტორმა პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააპატიმრა. სახელმწიფო ინსპექტორმა მაშინ დაადგინა, რომ დიდუბის პოლიციაში არასრულწლოვანი ლუკა დედის გარეშე, ცალკე გაიყვანეს და პოლიციის თანამშრომლებმა ზეწოლა მოახდინეს, რისთვისაც კიდევ ორ პოლიციელს სამსახური დაატოვებინეს. მარიანა ჩოლოიანს კი 2020 წელს სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა.
მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო ვადაზე ადრე, 2021 წლის აგვისტოში დატოვა. ჩოლოიანი პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.