Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 ადამიანი გაათავისუფლეს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, შეეცვალა, ამავე საქმეზე დაკავებული სამი ახალგაზრდა კი კვლავ პატიმრობაში რჩება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3, ასევე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2 ახალგაზრდა კაცი: რატი ჩაჩანიძე, ირაკლი ასლანაძე, ნიკოლოზ ბაზაძე, ოთარ კვირაია და დავით ხარისჭირაშვილი.

ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დავით ჯიჯეიშვილი. მასაც და სხვა ბრალდებულებსაც პატიმრობა 31 ივლისს შეუფარდეს.

  • დავით ჯიჯეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული: განზრახ მკვლელობისთვის (108-ე მუხლით) და დანით ჩადენილი ჯგუფური ხულიგნობისთვის (239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით). მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • ხუთი ადამიანი დააკავეს ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით (239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით). მათ ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ელით;
  • ორ ადამიანი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა (370-ე მუხლის მესამე ნაწილით) და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის (376-ე მუხლის პირველი ნაწილით). მათ სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავა მოკლეს. რამდენიმე საათში ამ საქმეზე დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც მკვლელობის დღეს დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.

22 წლამდე დავით ჯიჯეიშვილი პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 29 ივლისს დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება ერთდროულად მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით - განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით. მათ შორის ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლია - განზრახ მკვლელობა. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG