საქმეზე "ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ", ორ მხარეს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ მედიები, Variety და The Hollywood Reporter წერენ. ჯერჯერობით უცნობია ის პირობები, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები.
მოჭადრაკე სასამართლოს გზით შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას, $5 მილიონს ითხოვდა.
"რადიო თავისუფლება" დაუკავშირდა ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატს. მისი თქმით, ამ თემაზე დღეს, 7 სექტემბერს, 14:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავენ.
სარჩელით გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ სერიალ "ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა სიმართლე იცოდა, მაგრამ განზრახ დაამახინჯა.
როგორც გამოცემა Variety წერს, გაფრინდაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა განაცხადა, რომ "მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი მოგვარებულია".
შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც იანვარში კალიფორნიის სასამართლომ უარყო Netflix-ის არგუმენტი, რომ არ შეიძლება უჩივლონ მხატვრულ ნაწარმოებში რეალური ადამიანის ცილისწამებისთვის.
დავა ეხება სერიალში გაჟღერებულ ფრაზას, რომელიც ნონა გაფრინდაშვილს შეეხებოდა. მხატვრულ ფილმში მოვლენები 1960-იან წლებში ვითარდება. ნიჭიერი ამერიკელი გოგონა ჩადის საბჭოთა კავშირში და ეთამაშება მთავარ მეტოქეს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, რომლის პროტოტიპი სავარაუდოდ გარი კასპაროვია. პარტიის დასაწყისში კადრში ჩნდება ნონა გაფრინდაშვილის პერსონაჟი, ის დარბაზში სხვა მაყურებლებს შორის ზის, ჭადრაკის კომენტატორი კი ამბობს: "ერთადერთი, რაც [ფილმის მთავარი გმირისთვის] უჩვეულოა, მისი სქესია, მაგრამ რუსეთში არც ეს არის უნიკალური, აქ არის ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა, ის ქალთა შორის არის მსოფლიო ჩემპიონი და მამაკაცს არასდროს დაპირისპირებია“.
რეალურად, 1968 წლისთვის გაფრინდაშვილს უკვე ნათამაშები ჰქონდა სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, რომელთაგან 10 დიდოსტატის ტიტულს ატარებდა.
Netflix საქმის წარმოების შეწყვეტას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ფილმში არსებული ფრაზა, რომლის გამოც ქართველი მოჭადრაკე დავობს, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება.