თუმცა, უწყება უკვე მეხუთე დღეა სწავლობს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების ფაქტებს. დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია კრიმინალურ პოლიციას კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ვეძებ“ წარმომადგენელმა, თამუნა მუსერიძემ 5 სექტემბერს გადასცა. ამის პარალელურად, საქმის გამომძიებლებმა მას გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი.
სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების ფაქტებზე, თამუნა მუსერიძემ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ჯამში 12 საათი გაატარა. პირველი, ექვსაათიანი ჩვენება, უწყებას 31 აგვისტოს მისცა. ორ დღეში, 2 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური გამოძიება დაიწყო და საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 12 წლამდე.
მომდევნო ჩვენება, რომელიც ასევე ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა, თამუნა მუსერიძემ კრიმინალური პოლიციის გამომძიებლებს 5 სექტემბერს მისცა. უწყებაში ის იმ დოკუმენტაციით მივიდა, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს ათწლეულების განმავლობაში, ჩვილების სამშობიაროებიდან გაყიდვის ფაქტებს.
როგორც თამუნა მუსერიძე გვეუბნება, დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც სამშობიაროებში ჯანმრთელი ჩვილების გარდაცვლილებად გამოცხადებას და შემდეგ მათ გაყიდვას გულისხმობდა, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა სამშობიარო და იქ დასაქმებული მედპერსონალი იყო ჩართული.
5 სექტემბერს თამუნა მუსერიძეს საგამოძიებო უწყებაში გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, რის საფუძველზეც მას შეეზღუდა უფლება საჯაროდ ილაპარაკოს იმ კონკრეტული საქმეების დეტალებზე, რომლებსაც ახლა კრიმინალური პოლიცია იძიებს:
„ჩვენ გვაქვს ბავშვების გაშვილების უამრავი საქმე, სადაც არ ფიქსირდება არც ქალების მშობიარობა, არც ბავშვების დაბადება და არც გარდაცვალება. საქმეებში ძალიან ბევრი სახელი და გვარი ფიგურირებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე, მე უკვე ხელი მოვაწერე გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ვერანაირ დეტალს ვეღარ გავამჟღავნებ. ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, ამ წლების განმავლობაში, სად წაიყვანეს ათასობით ბავშვი, რომლებიც სამშობიაროებში გარდაცვლილებად გამოაცხადეს და რომელთა შესახებაც დედებს უთხრეს, რომ სამშობიაროების სასაფლაოებზე დაკრძალეს. სასაფლაოებზე, რომლებიც არ არსებობს. გამოძიებას მივაწოდე ყველა ის საბუთი, რომელიც გადმოგვიგზავნეს თავად შვილებმა და მშობლებმა, რომლებიც ეძებენ ბიოლოგიურ მშობლებს და შვილებს. თავდაპირველად ხუთ საქმეზე იყო საუბარი, მაგრამ ახლა უკვე მასშტაბი გაიზარდა. თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა ინტერესი, რომ სხვა საქმეებიც უნდა იქნას გამოძიებული“.
რა საქმეებს იძიებს კრიმინალური პოლიცია?
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი საქმე, რომელსაც ახლა კრიმინალური პოლიცია იძიებს, 2004 წელს, საქართველოდან საბერძნეთში გაშვილებული ჩვილის საქმეა. ბიჭი 18 წლისაა და მან თავად გამოთქვა სურვილი, იპოვოს ბიოლოგიური მშობლები.
ბიჭის ბიოლოგიური მშობლების გრაფაში მითითებული „მშობლების“ შესახებ ინფორმაცია მცდარია და შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2003 წელს, თბილისში დაბადებული ჩვილი, 2004 წელს უკანონოდ, საბუთების გაყალბების გზით გააშვილეს.
საბერძნეთში გაყვანამდე ის თბილისში იზრდებოდა და ქალს, რომელიც მას დროებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ უვლიდა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვი დედამ მიატოვა. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძემ პირველ სექტემბერს გაავრცელა:
„გამოგვეხმაურა იმ ქალის შვილი, რომელთანაც ბავშვი ერთ წლამდე იზრდებოდა. სამწუხაროდ, თავად ეს ქალბატონი 12 წლის გარდაცვლილია და ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. მაგრამ ვიცით, რომ 2003 წლის იანვრის დასაწყისში, ან 2002 წლის დეკემბრის ბოლოს დაიბადა. ერთმა ქალმა რამდენიმე დღის ჩვილი ქალბატონ მ...ს [სახელი დაშიფრა რადიო თავისუფლებამ] მიუყვანა და უთხრა, რომ ბავშვი დედამ დატოვა და სანამ სხვა მშობელი გამოჩნდებოდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისი მოვლა შესთავაზა. შვილს იმ ქალის სახელი არ ახსოვს. ახსოვს მხოლოდ გარეგნობა. ქალი იყო ჭარბწონიანი, ქერა, შუაზე გაყოფილი წინამოთი (ე.წ"ჩოლკით") . ეს ქალი მათ სახლში კიდევ რამდენჯერმე მივიდა და 6 თვის მერე გაქრა. გამოჩნდა დაახლოებით 8 თვის მერე და ოჯახს ბავშვის დატოვება 4 ათასი დოლარის სანაცვლოდ შესთავაზა. ოჯახს ფული არ ჰქონდა და იძულებულები გახდნენ, რომ ბავშვი მთაწმინდაზე - უკვე აღმზრდელ მშობლებთან მიეყვანათ. როგორ, რა საბუთებით და ვის მიერ მოხდა ბიჭის გაშვილება, მათ არ იციან. თუმცა მზად არიან თანამშრომლობისთვის და გვერდში დგომისთვის“, - დაწერა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში პირველ სექტემბერს და პოსტს 18 წლის ახალგაზრდის ფოტოც დაურთო, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კრიმინალური პოლიცია იძიებს 2003 წელს დაბადებული კიდევ ერთი ჩვილის საქმეს, რომელიც კანადაში გააშვილეს. საბერძნეთში აღზრდილი ბიჭის მსგავსად, მისი ბიოლოგიური მშობლების გრაფაში მითითებული ადამიანები, არ აღმოჩდნენ მისი ბიოლოგიური მშობლები. როგორც რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ უთხრა თამუნა მუსერიძემ, ეს ფაქტი გენეტიკურმა ტესტმა დაადასტურა: „რაც იმას ნიშნავს, რომ ბიოლოგიური მშობლების გრაფაში ჩაიწერა სრულიად სხვა ადამიანების მონაცემები, რომ თითქოს ისინი თანახმანი იყვნენ ბავშვის გაშვილებაზე. ამ ადამიანებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ მათი მონაცემები ჩვილის გაშვილების საბუთებში ფიგურირებდა“, - გვითხრა თამუნა მუსერიძე რამდენიმე დღის წინ, როდესაც რადიო თავისუფლება ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონოდ გაყიდვის ფაქტებზე პირველ სტატიას ამზადებდა.
კიდევ ერთი საქმე, რომელსაც რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კრიმინალური პოლიცია იძიებს, ნინი მოხევიშვილის საქმეა. მისი მტკიცებით, როდესაც ის 18 წლის გახდა, აღმზრდელმა დედამ უთხრა, რომ ნაშვილები იყო და ის 90-იან წლებში, რუსთავის გზატკეცილზე, 1000 დოლარის სანაცვლოდ, რუსთავის სამშობიაროდან გაყიდეს. ნინი მოხევიშვილი ამბობს, რომ ის ბიოლოგიურ დედას სამშობიაროს მედპერსონალმა მოტყუებით მოჰპარა.
რა ბერკეტები აქვს გამოძიებას, რომ ბრალდებული მედპერსონალი გამოავლინოს და პასუხისგებაში მისცეს?
ახლა ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც 2 სექტემბერს დაწყებული გამოძიების გარშემო ტრიალებს, შეეხება საქმეების ხანდაზმულობასა და იმას, შეძლებს თუ არა გამოძიება, ბრალდებულების გამოვლენას და რაც მთავარია, მათ პასუხისგებაში მიცემას.
სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლი, ანუ არასრულწლოვნებით ვაჭრობა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ნუსხას მიეკუთვნება და შესაბამისად, ამ დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადად 25 წელია განსაზღვრული.
შესაბამისად, მაგალითად, 2003-2004 წლებში, ჩვილების, სავარაუდოდ, გაყიდვის ფაქტებზე გამოძიების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულყოფილი გამოძიების შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება ჩვილების უკანონოდ გაყიდვის ფაქტები, მასში მონაწილე პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობაში აისახება.
რაც შეეხება 1990-იან წლებში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს, შესაძლოა, ეს საქმეები უკვე ხანდაზმულად ჩაითვალოს და ამ კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება შეწყდეს, თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ბექა თაკალაძე უხსნის რადიო თავისუფლებას, ამ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა გავრცელდება მხოლოდ დევნის ნაწილზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს ბრალი ვერ წაუყენონ, თუმცა, მისი დანაშაული დადგინდეს:
„საქმის ხანდაზმულობა გამოითვლება შესაძლო დანაშაულის ჩადენის დღიდან. ბუნებრივია, 30 და ა.შ. წლების წინ ჩადენილ დანაშაულებზე, გარდა იმისა, რომ გამოძიება შეიძლება ძალიან რთული იყოს, ასევე გავრცელდება ხანდაზმულობის ვადებიც. მე თავად მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც ხანდაზმულობის ვადის გამო, შეწყდა გამოძიება, მაგრამ გამოძიებამ დადასტურებულად მიიჩნია დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ კონკრეტულმა პირმა, კონკრეტული დროის პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული, თუმცა, მასზე სამართლებრივი დევნა ხანდაზმულობის გამო ვეღარ განხორციელდა. თუკი ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონოდ გაშვილების ფაქტებზე დადგინდა მსგავსი რამ, მაშინ, გამოძიების დადგენილებაში მიეთითება, რომ მაგალითად, 1995 წელს, კონკრეტულმა პირებმა ჩაიდინეს დანაშაულები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გასულია პასუხისგებაში მიცემის ვადა, შეწყდება გამოძიება. თუმცა, 2003-04 წლების შემთხვევები, ვერ ჩაითვლება ხანდაზმულად, რადგან ის მუხლი, რა მუხლითაცაა დაწყებული გამოძიება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება და ამ ტიპის დანაშაულების ხანდაზმულობის ვადა დღეს მოქმედი კანონმდებლობით შეადგენს 25 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ამ საქმეების ხანდაზმულობის ვადა დადგება 2028 წელს“.
ფეისბუკის ჯგუფში „ვეძებ“, რომელიც 170 ათასზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, ბოლო ორი წელია, სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია წლების განმავლობაში, მათ შორის გასული საუკუნის 80-90-იანი წლებში, საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის ფაქტების შესახებ.
2021 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ შეიქმნა, თამუნა მუსერიძის თქმით, მოხერხდა 500-მდე ბიოლოგიური ოჯახის დაკავშირება, რომელთა შორისაც არიან უკანონოდ გაშვილებული/გაყიდული ბავშვებიც.
წინასწარი ინფორმაციით, თამუნა მუსერიძეს კრიმინალურ პოლიციაში 7 სექტემბერს კვლავ დაიბარებენ.