რიგაში დასრულდა ე.წ. გამარჯვების მემორიალის აღების პროცესი, რომელიც სამი დღე გრძელდებოდა. 23 აგვისტოს დაანგრიეს საბჭოთა ჯარისკაცების სამი ქანდაკება, 24 აგვისტოს - დედა-სამშობლო, 25 აგვისტოს კი - ძეგლის ყველაზე დიდი ნაწილი, 79-მეტრიანი ობელისკი - ხუთქიმიანი ვარსკვლავით დაგვირგვინებული გამარჯვების ფოიერვერკი, რომლის დანგრევას რიგის მერიამ თითქმის მთელი დღე მოანდომა.
ლატვიის პარლამენტმა და რიგის თვითმმართველობამ ძეგლის აღების გადაწყვეტილება 2022 წლის მაისში მიიღეს, მალევე გაირკვა, რომ ძეგლი სრულად განადგურდებოდა და არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ გადაეცემოდა არც ოკუპაციის მუზეუმს და არც რუსეთს. ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს როგორც მოსკოვში, ასევე რიგაში, რომლის მოსახლეობის 35%-ს ეთნიკური რუსები შეადგენენ.
რიგის გამარჯვების პარკში, ძეგლის დემონტაჟის დაწყების წინა საღამოს, სახელდახელოდ აღმართულ სამშენებლო ღობესთან ხალხი შეიკრიბა, მათი ნაწილი თვალს ადევნებდა მოსამზადებელ სამუშაოებს, ნაწილი აპროტესტებდა, ნაწილი კი ცდილობდა ყვავილების დადებას ღობესთან, თუმცა პოლიციამ ამ უფლება არ მისცა. სიბნელის დადგომასთან ერთად გაფართოვდა შეკრებილთა რიგები, მოიმატა როგორც აგრესიამ, ასევე უშუალოდ ძეგლთან მისვლის მსურველთა რაოდენობამაც. ჯამში, პოლიციამ იმ საღამოს 14 ადამიანი დააკავა, დილით კი სამშენებლო ბრიგადამ შეუფერხებლად დაიწყო 1985 წელს აღმართული ძეგლის დემონტაჟი.
„გამარჯვების პარკი“. თავის მხრივ, პარკი ამ სახელს ატარებს (1925 წლიდან) იმ გამარჯვების უკვდავსაყოფად, რომელიც ლატვიელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას უკავშირდება და არა მეორე მსოფლიო ომის დასრულებას.
ძეგლის შესახებ
„ნაცისტური დამპყრობლებისგან საბჭოთა ლატვიისა და რიგის განმათავისუფლებელ საბჭოთა ჯარისკაცთა ძეგლი“ - ასე ერქვა ოფიციალურად მემორიალურ კომპლექსს, არაოფიციალურად კი რიგის მოსახლეობის ნაწილი მას „გამარჯვების ძეგლს“, ნაწილი კი „ლატვიის ოკუპაციის ძეგლს“ უწოდებდა.
მემორიალური კომპლექსი ლატვიის დედაქალაქში გამარჯვების პარკში, მდინარე დაუგავის მარცხენა სანაპიროზე 1985 წელს დაიდგა, ფორმალურად ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით.
ძეგლის კომპოზიციურ ცენტრში ოქროს ხუთქიმიანი ვარსკვლავებით დაგვირგვინებული 79-მეტრიანი მონუმენტური სვეტი იდგა, რომლის გვერდებზე განლაგებული იყო სიმბოლური სკულპტურული გამოსახულებები: დედა-სამშობლო და ჯარისკაც-განმათავისუფლებლები.
პოსტსაბჭოთა პერიოდში ძეგლი არაერთხელ მოექცა პოლიტიკური კონფლიქტებისა და სამოქალაქო შეტაკებების ცენტრში.
1996 წლის აპრილში, ლატვიის ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობის მე-9 კონგრესმა მიიღო დადგენილება ძეგლის აღების შესახებ, თუმცა, როგორც რიგის მერმა მარტინიშ სტაკისმა განაცხადა, ძეგლს იცავდა ლატვიის სახელმწიფო რუსეთთან 1993 წელს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში.
ბოლო წვეთი
როგორც რიგის მერი ამბობს, ძეგლის აღების იდეა გასული საუკუნის 1991 წლიდან იღებს სათავეს, თუმცა ლატვიის ხელისუფლებამ და რიგის მერიამ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღეს.
ძეგლის გარშემო ვნებათაღელვის ახალი ტალღა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე აგორდა.
ლატვიის მთავრობამ აკრძალა 9 მაისის მასობრივი ღონისძიებები, რომლებშიც ტრადიციულად ათიათასობით ადამიანი (ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა) იღებდა ხოლმე მონაწილეობას. ითქვა, რომ 9 მაისის საზეიმოდ აღნიშვნა, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთის თავდასხმის გამართლებად აღიქმებოდა, შესაბამისად, 2022 წლის 9 მაისი დაღუპული უკრაინელების ხსოვნის დღედ გამოცხადდა. ნებადართული იყო მხოლოდ ყვავილების მემორიალთან მიტანა.
2022 წლის 12 მაისს ლატვიის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება 1991 წლის ლატვიურ-რუსული შეთანხმების მე-13 მუხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც იცავდა მემორიალის უსაფრთხოებას.
13 მაისს რიგის საკრებულომ ძეგლის დანგრევის გადაწყვეტილებას უყარა კენჭი: მომხრე აღმოჩნდა 39, წინააღმდეგი კი - 13.
20 მაისს ძეგლის მოწინააღმდეგეთა ხალხმრავალი მსვლელობა გაიმართა ლოზუნგით: „გავთავისუფლდეთ საბჭოთა მემკვიდრეობისგან“.
ძეგლს ბოლო მომენტამდე იცავდა ორგანიზაცია „ლატვიის რუსთა კავშირი“, რომლის წევრები 22 აგვისტოსაც შეიკრიბნენ გამარჯვების პარკში და, რომლებმაც დემონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოების გაპროტესტება სცადეს, თუმცა შეკრებილებს ახალგაზრდებმა გაუწიეს ოპონირება ლატვიის დროშებითა და რუსულ ენაზე დაწერილი ტრანსპარანტებით: „ჩემოდანი, ვაგზალი, რუსეთი“.
ძეგლის დემონტაჟის ხარჯი - 2,1 მლნ ევრო თანაბრად გაინაწილეს რიგის მერიამ და ლატვიის მთავრობამ. კიდევ 270 ათასი ევრო კერძო შემოწირულობამ დაფარა.
არც მუზეუმს, არც რუსეთს
რიგის მერის მარტინიშ სტაკისის თქმით, ძეგლის დემონტაჟისას ქალაქის მერია ზედმიწევნით ხელმძღვანელობდა ლატვიის კანონმდებლობის შესაბამისად.
„კანონში წერია, რომ ოკუპაციის მუზეუმი წყვეტს, რა არის მისთვის ფასეული და რა - არა, რა უნდა შეინახონ და რა - არა. მათი დასკვნა ასეთია: არ გვჭირდება ამ კომპლექსის არცერთი ნაწილი, ამიტომ ყველა ელემენტი განადგურდება“, - თქვა რიგის მერმა ტელეკომპანია „დოჟდთან“ საუბარში.
მარტინიშ სტაკისის თქმით, 1993 წელს, როცა რუსეთის მთავრობასთან გაფორმდა შეთანხმება ამ ძეგლის დაცვასთან დაკავშირებით, მემორიალის ბედი დიდად არავის აღელვებდა და, შესაბამისად, მრავალი წლი არც არაფერი ხდებოდა, მაგრამ შემდეგ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ეს ძეგლი კარგი სიმბოლო იყო პროპაგანდისტული მიზნების მისაღწევად, რის გამოც ერთგვარ ბრენდადაც აქციეს, რომ ეს რუსეთის ტერიტორია იყო და ა.შ.
„ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია, არ გვინდა იმის წარმოდგენა, როგორ დადის აქ მარშით ის არმია, რომელიც ახლა უკრაინაში ხოცავს ადამიანებს. ვიმეორებ, ამ ძეგლთან დაკავშირებით რუსეთთან გვქონდა შეთანხმება, მაგრამ როცა დავრწმუნდით, რომ რუსეთისთვის საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები არაფერს ნიშნავს, გადავწყვიტეთ აღარ მოგვეთმინა ამ ძეგლის არსებობა. ეს არ არის სწრაფად და ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება. ეს იდეა ფაქტობრივად არსებობდა 1991 წლიდან, უბრალოდ ახლა იქნა გადაწვეტილება მიღებული“, - ამბობს მარტინიშ სტაკისი, რომლის თქმითაც, გამორიცხულია ძეგლის ან მისი დეტალების მოხვედრა რუსეთის ტერიტორიაზე:
„ეს შეუძლებელია. ამას გამორიცხავს კანონი. ასეც რომ არ იყოს, მაინც არ მივცემდით რუსეთს, რადგან რუსეთი ამას გამოიყენებდა პროპაგანდისთვის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამაში დარწმუნებული ვარ 100%-ით. რუსეთი ასე იქცევა. ამასთან დაკავშირებთი არანაირი ილუზიები არ მაქვს. მათ ეს ძეგლი არც არაფერში სჭირდებათ. ეს არის იარაღი ჩვენ წინააღმდეგ“.
შინაარსთან შეუსაბამობა
„ნაცისტური დამპყრობლებისგან საბჭოთა ლატვიისა და რიგის განმათავისუფლებელ საბჭოთა ჯარისკაცთა ძეგლი“ - ასეთია მემორიალური კომპლექსის ოფიციალური სახელწოდება, რომელიც, რიგის მერის თქმით, მოკლებულია სიზუსტეს.
„აქ გასარკვევია, რა იგულისხმება სიტყვა გათავისუფლებაში, თავისუფლებაში. აშშ-მა და ბრიტანეთმა გაათავისუფლეს ევროპის ორი მესამედი. არა მარტო გაყარეს ნაცისტი დამპყრობლები, არამედ დაეხმარნენ ქვეყნებს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენაში (ბელგია, ჰოლანდია და ა.შ.). ჩვენი „განმათავისუფლებლები“ მოვიდნენ ომამდე ერთი წლით ადრე, 1940 წელს. შემდეგ 1944-ში შემოვიდნენ რიგაში, როცა ფაშისტები უკვე აღარ იყვნენ და გადაწყვიტეს დარჩენა, გადაწყვიტეს ჩვენთვის ქონების ჩამორთმევა, ჩვენი ინტელიგენციის ციმბირში გასახლება და თავიანთი წესრიგის დამყარება. ეს არ იყო გათავისუფლება. არ მიგვაჩნია ეს გათავისუფლებად. ამიტომ ლატვიელებისთვის ეს ძეგლი ოკუპაციის სიმბოლოა. ჩვენ მაზოხისტები არ ვართ, რომ გვაიძულონ ამის მოწონება და შეყვარება, მაგრამ ამას ვითმენდით, რადგან ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო შეთანხმებებს, რუსეთისგან განსხვავებით“, - განაცხადა მარტინიშ სტაკისმა.
შეესაბამება თუ არა პოლიტიკოსების გადამწყვეტი დამოკიდებულება საზოგადოების განწყობას?
2022 წლის ივლისში საზოგადოებრივი აზრის კვლევის სააგენტო SKDS-მა გაზომა მემორიალის აღების მხარდაჭერის ხარისხი. მომხრე აღმოჩნდა გამოკითხულთა 49%, წინააღმდეგი - 35%.
ლატვიურ ენაზე მოლაპარაკეთა შორის მომხრე იყო 72%, ხოლო რუსულენოვანთა შორის 76% იყო წინააღმდეგი. რუსულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტი უჭერდა მხარს ძეგლის აღებას.
რუსულენოვანი რესპონდენტების 40%-მა თქვა, რომ გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში (მათ შორის 29% გმობს გადაჭრით). რუსეთს ამ ომში მხარს უჭერს გამოკითხულთა 12% (მათ შორის 5% გადაჭრით), 28%-მა ნეიტრალური დამოკიდებულება გამოხატა, 19%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ რუსულენოვნები სტაბილურად გადადიან უკრაინის მხარეს: 3 მარტს უკრაინას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 22%-მა, 17 მარტს უკვე 25%-მა. ასევე სტაბილურად ეცემა რუსეთის მხარდაჭერა: 21% მარტის დასაწყისში, 20% - შუაში.
ლატვიელებს შორის, 9 მაისთან დაკავშირებით მხოლოდ 3%-ს აქვს დადებითი ემოციები, ნეგატიური კი - 60%-ს, ნეიტრალური - 35%-ს.
რუსულენოვანთა შორის ამ თარიღის მოხსენიებისას გამოკითხულთა 62% აღნიშნავს პოზიტიურ ემოციებს, 7% - უარყოფითს, 25% - ნეიტრალურს.
სხვა ძეგლები
რიგის მერი ირწმუნება, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ამ მემორიალის აღებით არაფერი დააკლდება, რადგან ქალაქის მერია კვლავინდებურად იზრუნებს იმ ძეგლებისა და მემორიალური ადგილების მოვლაზე, რომლებიც განთავსებულია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა საძმო სასაფლაოებზე.
„როცა თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი, 8 მაისს ყოველთვის მიგვქონდა ყვავილები იმის მიუხედავად, თუ ვის მხარეს იბრძოდა ესა თუ ის ჯარისკაცი. ეს ხსოვნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძეგლები სულ იქნება ლატვიაში იმის მიუხედავად, გვაქვს შეთანხმება თუ არა“, - ამბობს მარტინიშ სტაკისი, რომლის თქმითაც, აღებული მემორიალი ორად ხლეჩდა საზოგადოებას, რაც განსაკუთრებულად მძიმე სანახავი იყო 8-9 მაისს:
„ძნელია ამის ყურება ტკივილის გარეშე. ეს პარკიც, „გამარჯვების პარკი“ არ გაკეთებულა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამარჯვების პარკი, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში გაშენდა. ამ პარკმა უნდა იმუშაოს ჩვენი მომავლისთვის. ამიტომ ისეთი ძეგლები, რომლებიც ხლეჩენ საზოგადოებას, არ უნდა იყოს ჩვენს ქალაქში. ეს ადგილი უნდა დაეთმოს მომავალს, ჩვენს შვილებს, რომლებიც ერთად ითამაშებენ ძეგლის ადგილას გაშენებულ სათამაშო მოედანზე“.