უკრაინის ომმა ბევრი გმირი დაბადა. 24 თებერვლიდან მოყოლებული მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა, როგორ გამოდიოდა მოსახლეობა ტანკების წინააღმდეგ შიშველი ხელებით, როგორ იპარავდნენ ამ ტანკებს უკრაინელი ფერმერები და ტრაქტორებზე გამობმულები მიჰყავდათ, როგორ ცვლიდნენ ადგილობრივები სოფლების ტრაფარეტებს და ზედ „იდი ნა ხ...“-ს აწერდნენ. აი, რამდენიმე მათგანი, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გავიხსენეთ.
ვიტალი სკაკუნი - ხიდის ამფეთქებელი
25 წლის ვიტალი სკაკუნი ომის პირველსავე დღეს, 24 თებერვალს დაიღუპა. ხერსონში რუსული ჯარი რომ ვერ შესულიყო, გენიჩესკის სამანქანო ხიდი უნდა აეფეთქებინათ. აფეთქება მატროსმა ვიტალი სკაკუნმა ითავა. ხიდი მართლაც დაანგრია, მაგრამ თავად სამშვიდობოს გამოღწევა ვეღარ შეძლო.
აპრილში პრაღაში გადაწყვიტეს, რუსეთის საელჩოსთან მდებარე ქუჩებისთვის უკრაინელი გმირების სახელები ეწოდებინათ. ახლა ერთ-ერთ ხიდს ვიტალი სკაკუნის სახელი ჰქვია.
დენის პროკოპენკო, ფილოლოგი „აზოვსტალიდან“
ფილოლოგი და ფეხბურთის ფანი, დენის პროკოპენკო, ალბათ მთელ ცხოვრებას მშვიდად გალევდა, 2014 და მერე 2022 წელს ომი რომ არ დაწყებულიყო. სწორედ მისი მეთაურობით იცავდა „აზოვის“ პოლკი მარიუპოლს.
მაისში დენის პროკოპენკომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა:
„დიდება უკრაინას! მარიუპოლის გარნიზონი უკვე 70-ე დღეა მარტო უწევს წინააღმდეგობას უპირატესი ძალის მქონე მტერს. 25 აპრილიდან ვახორციელებთ სისხლისმღვრელ თავდაცვას „აზოვსტალის“ ქარხანაში. მეორე დღეა, რაც მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლა მიდის. ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას იჩენენ მოწინააღმდეგის შესაკავებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის კოლოსალური დახმარებისთვის. ჩვენი ჯარისკაცები ამას იმსახურებენ. ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გავაგრძელებთ ბრძანების შესრულებას და დაცვას შევინარჩუნებთ“.
16-17 მაისს უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით „აზოვმა“ უთანასწორო ბრძოლა შეწყვიტა და ევაკუაციას დათანხმდა. მათი ნაწილის, მათ შორის დენის პროკოპენკოს, ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. სავარაუდოდ, ისინი ტყვეობაში იმყოფებიან.
პტაშკა და შოკოლადის ტორტი
ეკატერინას „პტაშკა“ იმიტომ დაარქვეს, რომ ერთხელ კონკურსზე ჩიტი დახატა. 21 წლის გოგონას დედა უკრაინულ სიმღერებზე ზრდიდა. „აზოვსტალში“ მას შემდეგ მოხვდა, რაც ჰოსპიტალი დაბომბეს და ექიმებმა, მათ შორის მოხალისე პტაშკამაც, თავი ქარხანას შეაფარეს. „აზოვსტალის“ ალყა დიდხანს გრძელდებოდა. დროდადრო პტაშკა აქვეყნებდა ვიდეოებს, რომლებზეც ის უკრაინულ სიმღერებს მღეროდა, ცდილობდა მსოფლიოს ყურადღება ასე მიეპყრო.
მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მებრძოლებმა „აზოვსტალი“ დატოვეს, პტაშკა აღარ გამოჩენილა. ისიც სავარაუდოდ ტყვეობაშია.
როდესაც ბოლოს დედას ელაპარაკა, სთხოვა, რომ დავბრუნდები, ვარენიკები და შოკოლადის ტორტი გამიკეთე, ალუბლებითო. მას შემდეგ დედას ყველი და ალუბლები მუდმივად მაცივარში უდევს.
„ნებისმიერ წუთას რომ გამოვიღო და გავაკეთო. ექნება ჩემს გოგოს ვარენიკები და შოკოლადის ტორტი ალუბლებით“, - ამბობს ის.
რომან გრიბოვი - მესაზღვრე კუნძულ ზმეინიდან
„რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ - ამ ფრაზას ვიკიპედიაში უკვე ცალკე გვერდი გაუხსნეს. 24 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველსავე დღეს, კუნძულ ზმეინის რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკვა“ მიადგა და ზმეინის მცველებს დანებება მოსთხოვა. „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ - უპასუხა ერთ-ერთმა მესაზღვრემ.
ამის შემდეგ კუნძულის უკრაინელი მესაზღვრეების ბედზე კარგა ხანს ათასი ჭორ-მართალი დადიოდა, ხან ამბობდნენ, რომ დახოცეს, ხან კი - დაატყვევესო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ისინი მართლაც ტყვედ იყვნენ ჩავარდნილები. მესაზღვრეები ერთი თვის შემდეგ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ უკვე მთელ მსოფლიოში პოპულარული ფრაზის ავტორი რომან გრიბოვი იყო.
რომან გრიბოვი უკრაინის მთავრობამ დააჯილდოვა - დამსახურებისთვის ჩერკასის ოლქის წინაშე. უკრაინამ ასევე დაბეჭდა საფოსტო მარკა, რომელზეც რომანი და რუსული ხომალდია გამოსახული. მარკა უკრაინის ფოსტამ 12 აპრილს გაუშვა მიმოქცევაში. ორიოდე დღეში სამხედრო ხომალდ „მოსკვას“ ჭურვი მოხვდა. 14 აპრილს, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მოსკვა“ შავ ზღვაში ჩაიძირა, უკრაინის საფოსტო განყოფილებებთან ამ მარკის შესაძენად რიგები დადგა.
კიტრის მწნილი დრონის წინააღმდეგ
უკრაინის ომის დროს უამრავი ლეგენდაც გავრცელდა. ერთ-ერთი ასეთი ამბავი, რომლის ბოლომდე დადასტურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ელენას მიერ ჩამოგდებულ დრონზეა.
კიეველი დიასახლისი აივანზე იჯდა, როდესაც მის სახლს რუსული დრონი ზუზუნით მიუახლოვდა. ქალმა კიტრის მწნილიან ქილას წამოავლო ხელი და დრონს გაუქანა. ძირს დავარდნილ აპარატს ეზოშიც ჩააკითხა, საბოლოოდ დალეწა და ნაგვის ურნაში ჩააგდო.
კიტრის მწნილით განადგურებული დრონის ისტორია მალევე მოედო ინტერნეტს და მრავალი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა.
როგორ გადაარჩინეს ადამიანებმა ძაღლები
უკრაინის ომმა იმითაც მიიქცია ყურადღება, რომ ძალიან ბევრი მოხალისე არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველების გადარჩენასაც ცდილობდა. ომისა და ოკუპაციის პერიოდში ცხოველების ბევრი თავშესაფარი უპატრონოდ დარჩა.
ბოროდიანკაში (კიევის ოლქი) 220 ძაღლზე მეტი შიმშილითა და წყურვილით დაიღუპა. კიევის ოლქში, თავშესაფარში „ბესტ ფრენდს“, სროლის გამო კატები დაიხოცნენ, ძაღლების გათავისუფლება კი მოასწრეს. 167 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, გოსტომელის თავშესაფრიდან ცხოველების გასაყვანად მწვანე დერეფანი გაეკეთებინათ. დერეფანი არ გაუხსნიათ, თუმცა ცხოველების უმეტესობა მაინც გადარჩა.
ომის პერიოდში შეიქმნა მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების გადარჩენაზე ზრუნავდნენ, მიტოვებული და დაბომბილი სახლებიდან გამოჰყავდათ და კვებავდნენ.
ძალიან ბევრმა უკრაინელმა დევნილმა ევაკუაციისას შინაური ცხოველებიც თან წაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გზებზე, შემდეგ კი საზღვარზე გაჭიმულ რიგში ბავშვები და ბარგიც ჰქონდათ სატარებელი.
როგორ გადაარჩინა ძაღლმა ადამიანები
პატრონი რომ ჯეკ რასელ ტერიერის ნაცვლად ადამიანი ყოფილიყო, გმირის წოდებას უკვე რამდენჯერმე მიიღებდა, მაგრამ ჯილდოების გარეშე არც ახლა დარჩა. ძაღლი, რომელიც მაშველებთან ერთად ნაღმებს ეძებს, მაისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ერთგულებისთვის“ დააჯილდოვა, პატრონის პატრონი კი - სიმამაცისთვის“.
მაისშივე მას კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია Palm Dog Award-ი („პალმის ძაღლის პრემია“).
„ჩვენს საყვარელს პატრონს გადაეცა PalmDogManitarian-ი, რომელიც დაწესებულია ადამიანებსა და ძაღლებს შორის კავშირისთვის“, - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო კინოსააგენტოს განცხადებაში.
პატრონმა დაჯილდოებაზე დასწრება და წითელ ხალიჩაზე სეირნობა ვერ შეძლო, ის ახლაც ნაღმებს ეძებს. თავისი კარიერის განმავლობაში ძაღლმა 200-ზე მეტი ჭურვი აღმოაჩინა.