Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა დარია დუგინას მკვლელობას „მზაკვრული დანაშაული" უწოდა


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

დარია დუგინას მკვლელობას „მზაკვრული, სასტიკი“ დანაშაული უწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც, როგორც კრემლი იუწყება, "სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა დაღუპული ჟურნალისტის მშობლებს - საზოგადო მოღვაწე ალექსანდრ დუგინსა და ნატალია მელენტევას".

"ის იყო ჟურნალისტი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, სამხედრო კორესპონდენტი. ის გულწრფელად ემსახურებოდა სამშობლოს. საქმით დაამტკიცა, რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი“, - ნათქვამია კრემლის ლიდერის სამძიმრის სიტყვებში.

მანამდე სააგენტო "ტასსმა" რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) პრესცენტრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დარია დუგინას მკვლელობა "უკრაინული სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული", ხოლო მკვლელობის შემსრულებელია "უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, რომელიც ესტონეთში მიიმალა".

უკრაინა კიდევ ერთხელ უარყოფს დუგინას მკვლელობასთან კავშირს.

კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, 30 წლის დარია დუგინა დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მანქანაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული.

დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი.

XS
SM
MD
LG