რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, როგორც წესი, ყურადღებას იპყრობს სოციალურ ქსელებში გაკეთებული ვულგარულ-ფაშისტური განცხადებებით, რომელთა ადრესატები ძირითადად უკრაინა და მისი მოკავშირეები არიან. „შეიშალა, ჭკუიდან გადავიდა, გალოთდა, თამაშგარე მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს...“ - ასე რეაგირებენ პოლიტიკის ექსპერტები დმიტრი მედვედევის მორიგ აბსურდულ პოსტსა თუ განცხადებაზე, თუმცა მედვედევი, კომიკურობისა და ვულგარულობის მიუხედავად, საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს რუსეთის ხელისუფლებაში. მედვედევის ხელაღებით ჩამოწერა რომ ნაადრევია, ამაზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ვიზიტიც მეტყველებს.
დმიტრი მედვედევი - ვლადიმირ პუტინის მოადგილე რუსეთის უშიშროების საბჭოში, შესაშური პერიოდულობით აქვეყნებს ერთიმეორეზე აგრესიულ და აბსურდულ განცხადებებს. 18 აგვისტოს მედვედევმა თავის ტელეგრამარხზე დაწერა, სანქციების გამო ევროკავშირის მოსახლეობა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რომ ტუალეტის ნახმარი ქაღალდების რეცხვა უწევსო. მედვედევის თქმით, ევროკავშირში მცხოვრები ადამიანები უმძიმესი პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ იმყოფებიან.
„მათი ტვინები, რა თქმა უნდა, ნეხვით გამოტენეს, მაგრამ არსებობს ფეკალური ნაკადის ზღვარი, რომლის გატარება პროპაგანდის მილს შეუძლია. ამის იქით საზოგადოებრივი აზრი იწყებს გაგუდვას იმ შხამიანი ცინიკური სიცრუის ქვეშ, რაც მყრალ ნაკადად ეღვრება თავზე დაღლილ ევროპელებს“, - წერს მედვედევი და იქვე იშველიებს არარსებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რომელთა შედეგების მიხედვითაც, თურმე, კიევის მხარეს ბრძოლა არ სურს ევროკავშირის მოსახლეობის 75-90%-ს, 50%-ზე მეტი კი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უჭერს მხარს და ა.შ. ბოლოს მედვედევი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდებს, ზემოქმედება მოახდინონ თავიანთ მთავრობებზე, რათა აღდგეს რუსეთთან სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობა და დღის წესრიგიდან მოიხსნას ტუალეტის ქაღალდისა და სხვა სახის საქონლის მომჭირნედ მოხმარების საკითხი.
„ასე რომ, იმოქმედეთ, ევროპელო მეზობლებო! - წერს მედვედევი, - ნუ გაჩუმდებით, პასუხი მოსთხოვეთ თქვენს ყეყეჩ მთავრობებს. სარგებელი აშკარაა - ზამთარში რუსეთის კამპანიაში გაცილებით თბილად და კომფორტულად იქნებით, ვიდრე იზოლაციაში გამორთულ გაზქურასა და ცივ რადიატორთან“.
გამოცემა The Insider-მა დეტალურად გააანალიზა მედვედევის თეზისები და დაადგინა, რომ ისინი აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ევროპარლამენტის სტრუქტურების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ევროკავშირის 27 ქვეყნის მოქალაქეების 87% თანახმაა, მათმა ხელისუფლებებმა შეამცირონ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება, 57% კი მხარს უჭერს ევროკავშირის პასუხს რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს გამოკითხულთა 80% უჭერს მხარს, უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერასა და მისთვის იარაღის გადაცემას კი - 70%.
The Insider-მა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ე.წ. მრავალჯერადი გამოყენების ტუალეტის ქაღალდს არანაირი კავშირი არ აქვს არც ეკონომიასა და არც „რუსეთის დასჯასთან“ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომისთვის. ეს პროდუქტი ბაზარზე ჯერ კიდევ 2020 წელს გამოჩნდა, მწარმოებლებმა ის წარადგინეს როგორც ეკოლოგიური გამოსავალი, რომელიც გაჩეხვისგან გადაარჩენს ათასობით ჰექტარ ტყეს.
მედვედევის „განაწილებული“ უკრაინა
ორიოდე კვირის წინ დმიტრი მედვედევმა ასევე გამოაქვეყნა ერთი ნამდვილი და მეორე არარსებული რუკა, რომელზეც რუსეთი მნიშვნელოვნად არის „გაზრდილი“ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე. მედვედევმა თავისი ავადმყოფური ფანტაზია გაავრცელა უკრაინის სხვა მეზობელ ქვეყნებზეც - პოლონეთზე, უნგრეთსა და რუმინეთზე, რომლებიც, თითქოს, ასევე აპირებენ უკრაინის მიწების მიტაცებასს. მედვედევი ამ თავის საოცნებო გეგმასაც არარსებულ „დასავლელ ანალიტიკოსებს“ მიაწერს, თუმცა აშკარაა, რომ უკრაინის ამგვარი გაყოფა და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ოლქების მიტაცება, რუსეთის მთავრობის ოცნება და 24 თებერვალს დაწყებული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანია.
პირველ, ნამდვილ რუკაზე ნაჩვენებია უკრაინა ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებით, მეორეზე კი - მხოლოდ კიევის ოლქით. უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი ოლქები (ჩერნიგოვი, ხარკოვი, სუმი, ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი, ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა, ჩერკასი, პოლტავა, კიროვოგრადი) რუსეთის შემადგენლობაშია გადასული, ვინიცისა და ჩერნოვცის ოლქები - რუმინეთშია, ივანო-ფრანკოვი, ხმელნიცკი, რივნე, ჟიტომირი, ვოლინი, ლვოვი - პოლონეთში, ამიერკარპატები - უნგრეთში.
„უკრაინის პრეზიდენტის ფსიქოტროპული ნივთიერებებით დაზიანებულ გონებაში წარმოიშვა მისი ქვეყნის ნათელი მომავლის შემდეგი სურათი (პირველი რუკა). დასავლელი ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში ისე იქნება, როგორც მეორე რუკაზეა“, - დაწერა დმიტრი მედვედევმა.
პოლიტოლოგი ანდრეი კოლესნიკოვი მიიჩნევს, რომ მედვედევისა და რუსეთის ხელისუფლების რუკებითა და ტერიტორიებით ბავშვური თამაში ერთგვარი გადაძახილია მოლოტოვ-რიბენტროპის „საგმირო საქმეებთან“.
„ასე გამოიყურება რუსული პოლიტიკა - ეს არის აბსოლუტური კლოუნადა, ძალიან საშიში ყველასთვის, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ხელოვნური თანამდებობის მქონე ადამიანი, ძალიან დამცირებული საკუთარი პატრონის მიერ, ახლა ცდილობს ბატონის გულის მოგებას, რათა რამენაირად გაამართლოს თავისი არსებობა, აქედანაა ამხელა სიგიჟე, ამხელა კარიკატურულობა მის ყველა განცხადებაში. დიახ, რა თქმა უნდა, არ არსებობენ არანაირი დასავლელი ანალიტიკოსები, რომლებიც ასე ფიქრობენ უკრაინის მომავალზე. ასე არავინ ფიქრობს, ეს უბრალოდ იდიოტიზმია“, - ამბობს ანდრეი კოლესნიკოვი.
პოლიტიკის ანალიტიკოსი ოლექსანდრ ხარებინი ფიქრობს, რომ მედვედევი და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში, სწორედაც რომ ქვეყნის დაშლასთან დაკავშირებული თავიანთი შიშის ტრანსლირებას ახდენენ:
„რუსეთის ფედერაციას აქვს საკუთარი შიშები 35, 50 ან 20 სუბიექტად დაშლასთან დაკავშირებით - ეს ფილოსოფიური საკითხია, ისევე როგორც უკრაინაში არსებობს სხვადასხვა რუკა, თუ როგორ სურს უკრაინას ან მსოფლიოს დეკოლონიზებული რუსეთის ფედერაციის ხილვა. ამ შიშების ტრანსლირებას ახდენს მედვედევი, რომელსაც, დიდი ალბათობით, სჭირდება ნარკოლოგი, რომელიც დაეხმარება მას სირთულეებთან გამკლავებაში“.
ოლექსანდრ ხარებინი არასერიოზულად მიიჩნევს პოლონეთისა და რუმინეთის ჩართვას მედვედევის მიერ წარმოდგენილ უკრაინის გადანაწილების გეგმაში, მისი თქმით, უნგრეთიც კი, ორბანის ავტორიტარიზმისა და პუტინთან მეგობრობის ფაქტორის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ისე მოიქცეს, როგორც ეს მედვედევს ესახება.
„ვფიქრობ, რომ მედვედევი და რუსეთის ხელმძღვანელობა კვლავ ცხოვრობენ მეორე მსოფლიო ომის, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის პარადიგმაში. რუსეთის ფედერაცია, მისი ამჟამინდელი ლიდერების სახით, ფიქრობს, რომ სამყაროს მართავს ინტერესები და, რომ რეგიონის ქვეყნები ისარგებლებენ უკრაინის მდგომარეობით და არ იტყვიან უარს იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებიც ერთ დროს შეიძლება მათ ეკუთვნოდათ. სამწუხაროდ, ამ ისტერიაში სრულიად მივიწყებულია მსოფლიო ომის შემდგომი მოწყობა, გაერო, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართალი, რომელზედაც აშენდა ომისშემდგომი 80-წლიანი დღის წესრიგი, - ეს ყველაფერი ფაქტობრივად ნიველირებულია“, - ამბობს ოლექსანდრ ხარებინი, რომლის თქმითაც, რუსეთში უჭირთ დაიჯერონ, რომ ევროკავშირი როგორც პროექტი შედგა და, რომ მის მდგრადობას განაპირობებს არა მხოლოდ ინტერესები, არამედ განსაზღვრული წესები, ნორმები და ღირებულებები:
„ევროპა გაზის პრობლემებს გაუმკლავდება, ევროპა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც სიცოცხლისუნარიანი სტრუქტურაა, არანაირი "ევროპის შემდეგ" არ იქნება, პროცესი "რუსეთის შემდეგ" კი, უკვე დაწყებულია. პოლონეთს არ სჭირდება უკრაინის ტერიტორია, უნგრეთს არ სჭირდება უკრაინის ნაწილები, რუმინეთს მით უმეტეს არ სჭირდება რაღაც ფრაგმენტები. ეს არის გამოგონილი თემა, ჩვენ ვცხოვრობთ გამოგონილ სამყაროში. რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს მსოფლიოში, რომელიც პუტინმა და მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ გამოიგონა მათთვის. რაც ახლა ხდება, ზუსტად იმავე ხარისხის ძალისხმევაა. გამოგონილი რუკა, გამოგონილი ანალიტიკოსები“.
პირველი დავალება და მემკვიდრედ დასახელების იმედი
12 აგვისტოს დმიტრი მედვედევი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დავალებით ჩავატარე თათბირი დონბასის რესპუბლიკის უსაფრთხოების პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით“, - დაწერა დმიტრი მედვედევმა თავის ტელეგრამარხზე.
მან ასევე გამოაქვეყნა გამართული თათბირის ამსახველი ფოტოც, რომლის მიხედვითაც, თათბირში მონაწილეობა მიიღეს რფ-ის გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ, რფ-ის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა, მშენებლობის მინისტრმა ირეკ ფაიზულინმა, ფსბ-ს დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა.
- რატომ გაგზავნა პუტინმა მედვედევი უკრაინაში?
- რა როლი შეიძლება ითამაშოს მან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაში?
- რისთვის ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ხელისუფლების ამდენი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი?
დმიტრი მედვედევის ჩასვლა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ფაქტობრივად, მისი პირველი საქმიანი მოქმედებაა ომის დაწყების შემდეგ.
პოლიტიკის ანალიტიკოსი მარია კუჩერენკო ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მედვედევს აღიქვამენ რუსეთის ყოფილ პრეზიდენტად და, შესაბამისად, მისი გაგზავნა, სხვა მაღალი დონის ჩინოვნიკებთან (ძირითადად ძალოვანი ბლოკის პირველ პირებთან) ერთად, ძალიან ჰგავს ფსონების დაუსრულებლად აწევის რუსულ თამაშს:
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ, დელეგაციის შემადგენლობის მიხედვით, უპრეცედენტო შემთხვევაა. რას შეიძლება ნიშნავდეს? იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი აპირებს ბოლომდე მიიყვანოს დასახული მიზანი... თუმცა, რა არის "დასახული მიზანი", ეს საკითხი ბოლომდე ნათელი არ არის... რუსეთი აჩვენებს ყველას, რომ ზრდის ფსონებს, რომ მათთვის ძალიან სერიოზული ამბავია. მეორე მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს აზოვსტალის დამცველთა ტრიბუნალის ორგანიზებას. ფსონების აწევის მიზნით რუსეთი აპირებს საჩვენებელი ტრიბუნალის მოწყობას, ამას სჭირდება როგორც ძალოვანი, ასევე პროპაგანდისტული ძალების მობილიზება“.
გარდა სიმბოლურისა, რა პრაქტიკული როლი თუ ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ე.წ. უკრაინის მიმართულებით დმიტრი მედვედევის გადასროლას, რომელიც პუტინის „ახლო გარემოცვის“ წევრად და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კირიენკოს საკურატორო სფეროდ ითვლება?
„უკრაინის მიმართულებაზე პასუხისმგებელ ვერტიკალში მედვედევის ჩეკვეხება გაუგებარია, - ამბობს მარია კუჩერენკო, - რადგან მედვედევს არაფერი აბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუ პოლიტიკურ მდგენელზე ვილაპარაკებთ, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომპეტენციაა, თუ უსაფრთხოების მდგენელზე - ფსბ-სი, თუ ეკონომიკურზე - მაშინ მთავრობისა... მედვედევი ხელოვნურად არის ამ კონსტრუქციაში ჩართული, როგორც ცნობადი სახე და მოლაპარაკე თავი. შესაძლოა მისი ეს გამოჩენა დაკავშირებულია მისსავე პირად ამბიციებსა და ფანტაზიებთან, რომ ის კვლავ დაუმტკიცებს პუტინს თავის ლოიალურობას და დაიბრუნებს მემკვიდრის პოზიციებს“.
ცნობილი ჟურნალისტი მიხაილ ზიგარიც, Der Spiegel-ისთვის დაწერილ სვეტში, „კრემლის წყაროზე“ დაყრდნობით, ამბობს, რომ წლის დასაწყისში პუტინმა მედვედევს მიანიშნა, რომ წლების წინ, ასტრახანში თევზაობისას მიცემული დაპირება, კვლავ გახდეს პრეზიდენტი, ძალაშია. „მხოლოდ, საჭიროა იყო ძლიერი პოლიტიკოსი და შეესაბამებოდე ისტორიულ მომენტს“, - უთქვამს პუტინს მიხაილ ზიგარის წყაროს მიხედვით.
სწორედ ამით ხსნის მიხაილ ზიგარი მედვედევის, ზომიერი პოლიტიკოსის იმიჯისა და Telegram-ში მისი პოსტების შინაარსის რადიკალურ ცვლილებას.