Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ხარკოვის რეგიონის მთავრობას კრასნოდარის ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი მერი უხელმძღვანელებს


რუსეთის არმია განაგრძობს ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელი რაიონების დაბომბვას
რუსეთის არმია განაგრძობს ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელი რაიონების დაბომბვას

კრასნოდარის ხელმძღვანელი, 44 წლის ანდრეი ალექსეენკო, მალე დაიკავებს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული ხარკოვის რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს. ამის შესახებ კრემლთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ცნობა, რომელიც მოგვიანებით "კავკაზ.რეალიის" ორმა ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა.

ქალაქ კრასნოდარის და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციები ამ დროისთვის ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ ალექსეენკოს შესაძლო გადასვლაზე ხარკოვში.

"კავკაზ. რეალიი" აღნიშნავს, რომ ამა წლის მაისში ინტერნეტგამოცემა "კრასნოდარისთვის" გაგზავნილი შეკითხვის პასუხად, კრასნოდარის მხარის პროკურორმა, სერგეი ტობოლსკიმ თქვა, რომ მერ ალექსეენკოს მიმართ 2021 წლის დეკემბრიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქრთამის აღების ფაქტზე. "გადაწყვეტილება ალექსეენკოს მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტაზე, - ტობოლსკის თქმით, - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხარეო აპარატს არ მიუღია".

25 მაისს, კრასნოდარის მერმა, ანდრეი ალექსეენკომ, ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის წინააღმდეგ ომში "მოხალისეთა" გაწვევის პროცესში სამხედრო კომისარიატების დახმარების შესახებ.

რუსეთის საოკუპაციო ჯარი განაგრძობს იერიშებს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე კონტროლის დაწესების მიზნით.

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე 18 აგვისტოს გამთენიისას განხორციელებული იერიშის შედეგად. დაშავდა - 16. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლეგ სინეჰუბოვი ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით კი, ხოლოდნოგორკის რაიონში ჩამოვარდნილი ჭურვების შედეგად ხანძარი გაჩნდა. „იწვის ადმინისტრაციული შენობა, რის გამოც დაიწყო მისი ნგრევა“, - იტყობინება მერი ტელეგრამ-არხზე.

ხარკოვზე განხორციელებულ უკანასკნელ იერიშს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ტელეგრამ-არხზე დაგმო მომხდარი, მას „საზიზღარი და ცინიკური“ უწოდა.

XS
SM
MD
LG