- აბა, რუსეთის სამხედრო ბაზა რომელია? - იკითხა არსენმა, როცა ცხინვალს ერგნეთიდან გადახედა.
- გრძელი შენობები, მწვანე სახურავით. მთელ ცხინვალში მხოლოდ რუსეთის სამხედრო ბაზას აქვს მწვანე სახურავი, სხვა შენობები წითელი სახურავითაა, - უპასუხა შმაგიმ და ერგნეთიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გაახედა.
არსენი და შმაგი ბავშვობის მეგობრები არიან. სკოლა რუსეთში დაამთავრეს.
- ნეტა ჩემების სახლი თუ ჩანს, - ჩაილაპარაკა არსენმა. ცხინვალში დღემდე ცხოვრობენ მისი ნათესავები - ბებია, პაპა, ბიძა.
„დიდი ხანია იქ (ცხინვალში) არ ვყოფილვარ და თუნდაც ასე, ხელის გაწვდენის მანძილზე მინდოდა მენახა. ბავშვობიდან იქ არ ვყოფილვარ და მაინტერესებს, იქ როგორ ცხოვრობენ ბებია და ბაბუა. იმედი მაქვს, რომ მალე გამომივა მათთან შეხვედრა და ჩემ შვილებთან ერთად ჩავალ მათთან. ეჭვი მაქვს, ახლა მათთან რომ წავიდე, აქ ვეღარ ჩამოვალ“, - იცის, რომ საქართველოდან ცხინვალში შესასვლელად გამყოფი ხაზის გადაკვეთა შეუძლებელია - ე.წ. საზღვარზე რუსეთის მესაზღვრეები დგანან, გამშვები პუნქტები დაკეტილია, მიმოსვლა - შეწყვეტილი. რუსეთიდან რომ ჩასულიყო, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს დაარღვევდა და შემდეგ უკვე მეგობართან, თბილისში ვეღარ ჩავიდოდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არსენი და მისი ცოლ-შვილი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩასულიყვნენ ცხინვალში, სადაც დიდ სხვაობას ვერ იგრძნობდნენ და საქართველოს სხვა ტერიტორიებისკენ გზა გადაეკეტებოდათ, თუ წასულიყვნენ თბილისში და ცხინვალსა და იქ მყოფ ნათესავებზე ეთქვათ უარი. არადა, რუსეთში ცხოვრება უკვე აუტანელი ხდებოდა. საქართველოში გადასახლებაზე ფიქრი ომის დაწყებისთანავე დაიწყეს.
დილემის გასაღები
არსენმა არ იცოდა, როგორ უნდა აეხსნა მამისთვის, რომელიც მთელ სანათესაოსთან ერთად, 2008 წლის ომის დაწყებაში ქართველებს ადანაშაულებდა, საქართველოში წასვლის გადაწყვეტილება. იმ საღამოს მამა ტელევიზორს უყურებდა, სოლოვიოვის გადაცემას უკრაინის ომზე. კრემლის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტს სიტყვა ომი არ უხსენებია. მამა ამის გამო ბრაზობდა - იცოდა, რომ ხალხს ატყუებდნენ. მამის რეაქციამ არსენს სათქმელი გაუიოლა: უთხრა, რომ ემიგრაციაში, საქართველოში მიდიოდა და შმაგი ყველაფერში დაეხმარებოდა. მამა არ შეეწინააღმდეგა, მხოლოდ გააფრთხილა, შენი ოსური წარმომავლობის ხსენებას თავი აარიდე, შეიძლება მაგის გამო პრობლემები შეგექმნასო.
„რუსეთში ასეთი პროპაგანდა მიდის, რომ თქვენ აქ ხართ საჭირო და სადაც არ უნდა წახვიდეთ, ცუდად მიგიღებენ. შმაგის როცა დავურეკე, მითხრა, რომ აქ თუ ადეკვატურად იქცევი, არანაირი პრობლემა არ გექნება, როგორც ეს ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ხდება. მან დამარწმუნა და დამეხმარა ბინის მოძებნაში. მანამდე მასთან ვცხოვრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ის ქართველია, მე კი ოსური ფესვები მაქვს, ჩვენ შორის რაღაც პრობლემა არ ყოფილა და ყოველთვის კარგად ვურთიერთობდით, იმის მიუხედავად, რა ფერის პასპორტი გაქვს და რა გვარი ხარ“.
34 წლის არსენის და შმაგის მეგობრობა რუსეთის ქალაქ ტვერში, სკოლის მერხიდან დაიწყო. შმაგი სამხარაძის ოჯახი 2001 წელს ქუთაისიდან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. მშობლებმა ის ტვერის ერთ-ერთი სკოლის მე-8 კლასში მიიყვანეს. იქ გაიცნო არსენ მამიტოვი. დამეგობრდნენ. 2005 წელს სკოლა დაამთავრეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხარაძეები საქართველოში დაბრუნდნენ. შმაგიმ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. ტვერელ სკოლის მეგობრებთან კავშირს ინარჩუნებდა. არ გაუწყვეტია მეგობრობა არც არსენ მამიტოვთან. უკრაინის ომის დაწყებიდან თვეც არ იყო გასული, როდესაც არსენმა შმაგის დაურეკა და დახმარება სთხოვა, მამასთან საუბრის დეტალებიც გაუმხილა.
„[მამამისს] მაინც ჰქონდა შიში, რომ საქართველოში შეიძლება სხვანაირად მოპყრობოდნენ“, - შმაგი იხსენებს, რომ რუსეთში ცხოვრებისას ყველაზე უკეთ არსენს გაუგო - არანაირი კულტურული ან ადამიანური ბარიერი არ არსებობდა, რომელიც მეგობრობაში დისკომფორტს შეგვიქმნიდაო. სატელეფონი საუბრის შემდეგ მალევე, არსენი მეუღლესა და შვილთან ერთად უკვე თბილისში იყო. სანამ ბინას იქირავებდა, შმაგისთან იცხოვრა. მეგობარი ბინის პოვნაში დაეხმარა.
„თვითონ ზოგადად პოლიტიკით არ ინტერესდებოდა, ძირითადად სპორტით იყო დაკავებული და ამ ბოლო დროს, როგორც თავად თქვა, ყველაფერს ხედავს ორივე მხარის ჭრილიდან და ხედავს, რომ სახალხო დონეზე არანაირი კონფლიქტი არ არსებობს. ეს არის მითი, რომ ჩვენ ხალხებს შორის მტრობა და სიძულვილია“, - ამბობს შმაგი.
არსენი პროფესიონალი bmx (ექსტრემალური ველოსპორტის ოლიმპიური სახეობა) მრბოლელია. უნდა, საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხელი შეუწყოს და ფესტივალი ჩაატაროს, ახალგაზრდები დააინტერესოს და ქართული გუნდი ოლიმპიადაზეც იხილოს. საქართველოში წამოსვლამდე რუსეთში დასაბრუნებელი გზა თავად მოიჭრა:
„ჟურნალისტებს ინტერვიუები მივეცი და უკრაინის ომს ომი ვუწოდე და ეს რუსეთში უკვე სისხლის სამართლის საქმეა. ჩემმა ნათესავებმა ჩემი არჩევანი, საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, დადებითად შეაფასეს, რადგან იციან, რომ ახლა საქართველოში ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე რუსეთში, განსაკუთრებით ბოლო დროს. თავიდან ჰქონდათ ეჭვები, საქართველოში ნორმალურად თუ მომექცეოდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ ჩემი ფესვები ცხინვალიდანაა. მაგრამ ჩემ პირად გამოცდილებაზე გეტყვით, რომ საქართველოში შენ მიმართ უკეთესი დამოკიდებულება იქნება, თუ შენ ცხინვალელი ხარ, ვიდრე ის, რომ რუსეთიდან ჩამოხვედი“.
კითხვა, რომელიც შმაგის და არსენს აწუხებთ, ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის გაწყვეტილ კავშირებს ეხება - მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გავიდა, რატომ არ შეუძლიათ ე.წ. საზღვრით გაყოფილ ნათესავებს, ახლობლებს ერთმანეთის მონახულება; რატომ ვერ უნდა ილოცონ დევნილებმა წინაპრების სალოცავებში და ვერ გავიდნენ ოჯახის წევრების საფლავებზე?
„რატომ ვერ უნდა შეძლონ ადამიანებმა გადაადგილება, რატომ არ უნდა არსებობდეს რაღაც ფორმა, რომ ადამიანებმა ჩვეულებრივად შეძლონ მიმოსვლა. რატომ არ შემიძლია გადავიდე და მოვინახულო ბებია და ბაბუა და თუ ისინი მოვინახულე, შენ, მეგობარს მერე რატომ ვერ მოგინახულებო? - ამ კითხვას ხშირად სვამს არსენი. მეც მიჩნდება კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური საკითხები მოუგვარებელია, კონფლიქტი გაყინულია, რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანებმა, ნათესავებმა ერთმანეთი მოინახულონ?“ - შმაგი სამხარაძეს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
„[კონფლიქტები] ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ხომ გვაქვს ტვინი და ინტელექტი, რომ ... დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მშვიდად დავილაპარაკოთ. ნათესავი ხალხი ვართ, გვაქვს უდიდესი ერთობლივი ისტორია და ახლა, იმის გამო, რომ რომელიღაც სხვა ქვეყანას თავისი გეგმები აქვს, ეს ორი ნათესავი ხალხი ვერ პოულობენ საერთო ენას, მარტივად ვერ გადადიან ე.წ. საზღვარზე, ვერ მიდიან სტუმრად. ვერ ახერხებენ სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას, იმიტომ რომ ვიღაცას სხვა ინტერესები აქვს. იმედი მაქვს, რომ მალე ეს საკითხები მოგვარდება“, - ამბობს არსენი. შმაგისთან ერთად ერგნეთიდან დაახლოებით ნახევარი საათი უყურა ცხინვალს, ქალაქს ერთი ხელის გაწვდენაზე და ჯერჯერობით მაინც მიუწვდომელს. უკანა გზაზე აგვისტოს ომის მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც იმ ადამიანების ტრაგიკული ისტორიების ამსახველი ნივთები და ფოტოებია გამოფენილი, ვისაც ეს ომი შეეხო. მუზეუმის შემქმნელმა ლია ჩლაჩიძემ სტუმრებს დასაწყისშივე აუხსნა - შევქმენი მუზეუმი, რათა ვნახოთ ომის საშინელი ნაკვალევი, იმისთვის რომ ის აღარასოდეს გავიმეოროთო.
ჩვენი წინაპრების მიწებს საკმარისად უნახავს ომი და სისხლისღვრა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მშვიდობიან და ჰარმონიულ გარემოში, ჩვენ და ჩვენი შვილები ვიმსახურებთ ამასო, უთხრეს არსენმა და შმაგიმ.