სასამართლო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" კოალიციის წევრები არიან, ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოსა (CCJE) და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში (CEPEJ) საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის შესავსებად კონკურსის გამოცხადება, კითხვებს უჩენთ. ეს თანამდებობა დაკავებული აქვს მოსამართლე ნინო ბაქაქურს, რომელსაც უზენაეს სასამართლოში მუშაობის ვადა 2024 წელს ეწურება.
"საკონსულტაციო საბჭოსა და ევროპული კომისიის მოქმედი წევრი, საქართველოს კვოტით, 2024 წლამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ნინო ბაქაქურია, რომლის კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში რაიმე ტიპის კითხვები არ არსებობს. ის არც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფთან ყოფილა ამ დრომდე დაკავშირებული...
კონკურსის დაუგეგმავად, ნაჩქარევად და მითითებული ორგანიზაციების მოქმედი წევრის ინფორმირების გარეშე გამოცხადება სამწუხარო პრეცედენტია, რომელიც მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და სისტემის შიგნით არსებული შესაძლო განსხვავებული აზრის დევნის თაობაზე", - აცხადებენ კოალიციაში.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ განცხადებები არის ტენდენციური და მათი მიზანია "თანამედროვე და დემოკრატიული" სტანდარტების შებღალვა.
"ადრე მოსამართლის წარგზავნა ხორციელდებოდა ყოველგვარი კონკურსის გარეშე. დღეს ჩვენ შემოვიღეთ გამჭვირვალე წესი და ნებისმიერ ასეთ ორგანიზაციაში წარგზავნა განხორციელდება ღია კონკურსის საფუძველზე... ქალბატონ ბაქაქურს და ნებისმიერ სხვა ადამიანს შეეძლო შემოეტანა ღია კონკურსში განაცხადი და მიეღო მონაწილეობა", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
ნინო ბაქაქური საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 10-წლიანი ვადით 2014 წლის 17 ოქტომბერს აირჩიეს. ის 2005-2008 წლებში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო. ის ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში 2017 წლიდან მუშაობს.
ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც შეიქმნა 2000 წელს. საბჭო შედგება ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნის მოსამართლეებისაგან. საბჭოს მთავარი დანიშნულებაა მოსაზრებებისა და დასკვნების შემუშავება მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაციისათვის.