Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში მცხოვრები 13 წლის მოციგურავე ინგა გურგენიძე საქართველოს სახელით გამოვა


საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები კიდევ ერთი პერსპექტიული სპორტსმენით გაძლიერდა. 13 წლის ინგა გურგენიძემ, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად რუსეთში, ქალაქ ყაზანში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე გაიარა და რამდენიმე კვირაში დებიუტიც ექნება მშობლიური ქვეყნის ნაკრებში.

რუსეთში კი ქართველი მოციგურავის გადაწყვეტილებამ ბევრი რომ გააღიზიანა, სპორტული გამოცემის, „ჩემპიონატის“ მიერ გავრცელებული სტატიაც ადასტურებს, სათაურით - „საქართველო კვლავ გვართმევს ტალანტებს".

„საქართველოს ნაკრების რიგები რუსეთიდან კიდევ ერთი მოციგურავით შეივსო. ინგა გურგენიძე 13 წლისაა, მას უკვე შეუძლია ახალგაზრდულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლა და... არავინ იცის, მიეცემოდა თუ არა ამის შანსი, რუსეთში რომ დარჩენილიყო. საქართველოში გადასვლით კი მას რეალურად შეუძლია, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლოს და სამომავლოდ ნაკრების ლიდერიც გახდეს“, - დაწერა რუსულმა სპორტულმა გამოცემამ.

ინგა გურგენიძემ გასულ წელს ყაზანის საქალაქო პირველობაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონი გახდა. ამასთან, რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანის განცხადებით, ინგა გურგენიძის დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ თვეში შედგება. 13 წლის სპორტსმენს საერთაშორისო გამოცდილება ჯერ არ აქვს და მისთვის სარეიტინგო ქულების ათვლა, სწორედ შემოდგომის გრან-პრის ეტაპებიდან დაიწყება.

„სექტემბერში რიგა ახალგაზრდებს შორის გრან-პრის ეტაპს უმასპინძლებს და მასში ინგაც ჩაებმება. ძალიან კარგი იქნებოდა, იქამდეც მოგვესწრო მისი საერთაშორისო არენაზე გაყვანა და პირდაპირ ამ უპრესტიჟულესი შეჯიბრებით არ დაგვეწყო, მაგრამ სხვაგვარად ვერ ხერხდება. რიგის ეტაპს მალევე მოჰყვება გრან-პრის ერევნის ეტაპი და სწორედ ამ რანგის შეჯიბრებებზე დაგროვებული სარეიტინგო ქულები განაპირობებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მაკა გიორგობიანმა.

XS
SM
MD
LG