მუზეუმებში ექსპონატების დაბრუნების პროცესში იშლება მუდმივმოქმედი გამოფენა ჯანაშიას მუზეუმში “არქეოლოგიური საგანძური”. საირხის სამარხის განძი საგამოფენო ვიტრინიდან ხელოვნების მუზეუმის ფონდში ბრუნდება.
ვიტრინა გამოფენიდან "ოქრომრავალი კოლხეთი"
ექსპოზიცია იშლება ბოლნისის მუზეუმშიც და ქვის სარკოფაგი და ხის დედაბოძი ეთნოგრაფიულ მუზეუმს უბრუნდება.
ბალიჭის სარკოფაგი ბოლნისის მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში
იშლება საგამოფენო ექსპოზიცია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში. ეს გამოფენა ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი იყო.
დაიგეგმა მუდმივმოქმედი გამოფენის „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“ დაშლა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბუნებისმეტყველო კორპუსიდან და მისი გადატანა სხვა საგამოფენო სივრცეში, სადაც გამოფენა „ღვინო და პური“ იყო დაგეგმილი;
კავკასიის ბიომრავალფეროვნების ამსახველ გამოფენაზე წარმოდგენილია ჯერ კიდევ კავკასიის მუზეუმის დროინდელი კარადები და ექსპონატები. კავკასიის მუზეუმი, რომლის მემკვიდრეც არის ეროვნული მუზეუმი, თბილისში 1852 წელს დაარსდა და იმ დროისთვის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო კერა იყო.
ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ე.წ. საბუნებისმეტყველო კორპუსის ერთ სართულზე განლაგებულ ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის 60 თანამშრომლისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცე და ბიბლიოთეკა გადააქვთ ე.წ. პალეონტოლოგიის კორპუსში. იგეგმება საბუნებისმეტყველო კორპუსის დაშლაც.
კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტომ შეაჩერა პროექტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მიზანიც სტეფანწმინდის მუზეუმის ექსპოზიციის, ინტერიერის დიზაინის და მენეჯმენტის გეგმის მომზადება იყო. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.