სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანის დაღუპვის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაური გუდაურში ჩავიდა და განაცხადა, რომ პარაპლანით ფრენა დიდ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ, პარაპლანით ფრენის დროს კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდნილი ორი ადამიანის სამაშველო ოპერაციის დროს, ჩამოვარდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
როგორც გომელაურმა განაცხადა, სავარაუდოდ, მუშაობა დაიწყება პარაპლანით ფრენის რეგულაციების გასამკაცრებლად, მანამდე კი ფრენა დროებით შეჩერდება.
„პარაპლანით ფრენები ნამდვილად დიდი პრობლემაა, გიდასტურებთ, არაერთხელ მოხდა [უბედური შემთხვევა]. თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. არის, რა თქმა უნდა, გარდაცვალების ფაქტებიც. ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. ხშირად ხდება პარაპლანის ჩამოვარდნა. ქარია, ხეობებია ან არ არიან პროფესიონალები. ლიცენზიაც, როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი. ჩავყვებით აუცილებლად. მანამდე, სანამ ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს პარაპლანებით ფრენა. შესწავლის შემდეგ, ალბათ გაიცეს ის ლიცენზია იმ ადამიანებზე, რომლებიც პროფესიონალები არიან, - განაცხადა შს მინისტრმა და დაამატა, - სანამ პასუხები არ გვეცოდინება, შეჩერდება პარაპლანით ფრენა".
დღეს, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. განცხადების თანახმად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.
შს მინისტრის თქმით, პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი ცოცხალი გადარჩა, ის დაშავებულია და სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. მასთან ერთად მფინავი უცხოელი ტურისტი კი დაიღუპა.
ვიდეო ასახავს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას.