ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის დასასრულს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა შეხვედრის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.
„შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვქონდა საუბარი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია. ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. შევეხეთ ამომწურავად ამ თემას. ასევე ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, როგორის არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებებში. რა თქმა უნდა, ამ საუბრის შინაარსს დეტალურად გარეთ ვერ გამოვიტანთ ეს იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, მან შეხვედრაზე განმარტა, „ქართული ოცნების" პოზიცია, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციის, ასევე, დეოლიგარქიის შესახებ ჩანაწერის საკითხზე. „აღვნიშნეთ, რომ ეს ჩანაწერი და ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, - თქვა კობახიძემ და დაამატა, - მათი პასუხის გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა".
ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი პარტიის პოზიცია მხედველობაში მიღებული იქნება. „ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი. თქვენც იცით რომ როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი გამოიყენება აქტიურად პოლარიზაციის გაღვივებისთვის. თუ არის ამის საპირისპირო მიზანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ რეზოლუციის და ამ ჩანაწერის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან", - მიიჩნევს ის.
კობახიძემ დამატებით ილაპარაკა „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
„ჩვენ ვთქვით მარტივი რამ: არ არსებობს არცერთი ფაქტი, არცერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, მას აქვს ფარული გავლენები, პოლიტიკასა და მედიაზე. ეს ფაქტად დავაფიქსირეთ და ამაზე სხვაგვარი ინფორმაცია ჩვენ არ მიგვიღია [ევროპარლამენტარების მხრიდან]. თუ ევროპარლამენტარი არის მიუკერძოებელი, ევროპარლამენტარების უდიდესი უმრავლესობა იყო მიუკერძოებელი ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია, როდესაც ფაქტს ეუბნები, ამაზე არაფერს გიპასუხებენ", - აღნიშნა მან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პოზიცია შეხვედრაზე არავის გაუპროტესტებია.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარ ჰარცელის საქმიანობაც. „ელჩის საკითხსაც შევეხეთ და ჩვენ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაციაც მივაწოდოთ. საჯაროდ, რა თქმა უნდა, საუბრისგან კვლავაც თავს ვიკავებთ", - დაამატა მან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტს, პარლამანტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, კომიტეტების ხელმძღვანელებს, საპარლამენტო ოპოზიციას, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებს. მათ ასევე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი არის დეოლიგაქრიზაცია.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუცია მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.