წედისი რაჭის სოფელია, მთის სოფელი, ონის მუნიციპალიტეტში შედის და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. ამ საზღვარს ახლა ზაფხულში ორმოცდაათი, ზამთარში კი ოციოდე ადამიანი „ამაგრებს“, ძირითადად მოხუცები. ახალგაზრდობა წედისიდან დიდი ხანია გაიკრიფა. სოფლიდან ცენტრში, ონამდე ჩასასვლელად პენსიონერებს 60 ლარის გადახდა უწევთ, ამბობენ, რომ მანქანა, რომელიც ადრე ემსახურებოდათ, კარგა ხანია თვალით არ უნახავთ.
წედისში ოდესღაც სკოლაც იყო, ბაღიც და სხვა ყველაფერიც, ახლა ბავშვებიც აღარ არიან. მხოლოდ მათე მაისურაძის ოჯახში ჰყავთ სამი პატარა.
„მე ბაღში მივდივარ“, - ამბობს 5 წლის ანასტასია. სინამდვილეში ანასტასია ბაღში ვერ დადის, მის სოფელში ბაღი არ არის.
„უნდა ბაღი, სულ ბაღს გაიძახის, მინდა, მინდაო, მაგრამ, აბა, სად არის?!“ - ამბობს ანასტასიას დედა მარინა ქოიავა.
ანასტასიას „ბაღიც“, ძმაკაციც და დაქალიც მისი 4 წლის ძმაა. კიდევ ერთი ძმაც ჰყავს, ოღონდ ჯერ ჩვილია და დიდად ვერ ეთამაშება.
„ახლა სხვა ბავშვებიც არიან სოფელში, ჩამოსულები, მაგრამ ზამთარში მარტო ძმასთან თამაშობს, თუ ვერ შეთანხმდნენ, ჩხუბობენ, ჭამენ ერთმანეთს“, - ჰყვება დედა.
სოფელში წყალი და შუქი აქვთ, ინტერნეტი - არა. ყველაზე მეტად უტრანსპორტობა აწუხებთ. წედისიდან ონამდე 16-კილომეტრიანი დაღმართია. ტაქსით იქ ჩასვლა და ამოსვლა 120 ლარი ჯდება, ანუ პენსიის ნახევარი. სოფელი მდიდარი არაა, ყველი თუ კვერცხი ჩვენი სამყოფი ძლივს გვაქვს, გასაყიდი არაფერი გვრჩებაო.
„სადღაც 12 წლის წინ, გაერომ მანქანა გვაჩუქა, რომ სოფელს მომსახურებოდა. ხუთიოდე წელი გვყავდა, კვირაში ერთხელ ონში ჩავდიოდით ჩვენს საქმეებზე. ეს მანქანა რომ გვაჩუქეს, რაიონიდან ამოვიდნენ და გვითხრეს, შენახვა გაგიჭირდებათ, რომ გაფუჭდეს, ნაწილი დასჭირდეს, თქვენ ვერ მიხედავთ, ჩვენთან იდგეს და კვირაში ერთხელ მოგემსახურებათო. მაგრამ მერე ის ერთი დღეც აღარ დადიოდა“, - ჰყვება წედისელი მედიკო მაისურაძე. ის ამბობს, რომ ბოლო სამი წელია ნაჩუქარი მანქანა თვალით აღარ უნახავთ. ტრანსპორტის გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, ადგილობრივ მთავრობას შეუთახმდნენ, სოფლის „ვილისისთვის“ კვირაში ერთხელ 20 ლიტრი საწვავი ჩაესხათ, - „ასე ვიყავით შეთანხმებულები, მაგრამ ახლა 2 კვირაში ერთხელ ჩაგისხამთო. 2 კვირაში ერთხელ არა გვყოფნის, ხან წამალი გვინდა, ხან რა“.
თუ სოფელში ამბობენ, რომ წლებია მეზობლის „ვილისით“ დადიან, მერიაში ამ საკითხზე სულ სხვა წარმოდგენა აქვთ. მერი სერგი ხიდეშელი ამბობს, რომ მერიას ორი მანქანა ჰყავს, რომლებიც სოფლებს ემსახურებიან, მათ შორის წედისსაც, - „მე ვიცოდი, რომ წედისში დადიოდა მანქანა, თუ ასე არ არის, გავარკვევ“.
„საცოდავად წვალობს ჩვენი მძღოლი, თუ საწვავი არ ჩაუსხეს, ვერ დადის. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მინდოდა გამეკეთებინა. რომ ჩავედი რაიონში, ვერ გავიკეთე. მერე ჩამოდიო და როგორ ჩამოვიდე მერე-მეთქი? ვერ გავიკეთე აცრა“, - ჰყვება ლამარა მაისურაძე.
სოფელში ჩივიან, რომ საძოვრები, რომლებზეც ადრე საქონელს უშვებდნენ, ოკუპანტებმა მიიტაცეს. სოფელს ტყე და კარგი ჰაერი კი აქვს, მაგრამ დამსვენებელი და ბინის დამქირავებელი - არა, ამოსვლა ძვირი ჯდება, სხვას კი არა, აქაურებსაც უჭირთო, ამბობენ.
„იქით-აქეთ რომ წახვიდე, 120 ლარი უნდა გადაიხადო. ვიღაცა იტყვის, არ მაქვს ამის საშუალება, არ ავალ სოფელში, აგერ შევჭამ ამ ლუკმასო. ასე გაფუჭდა სახლი, გაფუჭდა ეზო, მერე ვიღაცა მართლა შეისყიდის და წაიღებს. ჩემსას უჭირს მოსვლა, ქირას ვინღა გადაიხდის“, - ამბობს ლეილა მაისურაძე.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელს ტრანსპორტი არა აქვს, იქ ტრანსპორტის მოსაცდელი მაინც შენდება. თუმცა, გაუგებარია, რატომ აქვს მოსაცდელს კარ-ფანჯარა.
„მოსაცდელია, მაგრამ რას უნდა მოვუცადოთ, არ ვიცით, ტრანსპორტი არ დადის. ძროხები შედიან ხოლმე და ეგ არის“, - იცინიან წედისელები.
ბოლო დროს სოფელში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა - სანიაღვრეები გააკეთეს. ფირუზ მაისურაძე ჰყვება, სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანეს და ჩემი ეზოს სანიაღვრე თავღიაა დატოვებულიო.
„ჩემი მეუღლე ჩავარდა შიგ, მუხლი იტკინა. ხვალ შეიძლება მეც გამოვიდე, მეც ჩავვარდე. ჩემს ეზოში, აივნის წინ უჩემოდ გააკეთეს სანიაღვრე. 20 მეტრია სიგრძეში. დაუმთავრებელია. რამდენჯერმე მივაკითხე რაიონში, დღეს ამოვალ, ხვალ ამოვალო, მატყუებენ. წელიწადი გავიდა უკვე“.
წედისში კიდევ ერთი უცნაურობა მშენებარე სტადიონია. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სულ სამი ბავშვია, აქ მაინც გადაწყვიტეს, რომ წედისს ყველაზე მეტად სტადიონი სჭირდებოდა.
„ვინ უნდა ითამაშოს და ჩამოსულმა ადამიანებმა, მოზარდი იქნება თუ სხვა. პრიორიტეტს თავად მოსახლეობა ირჩევს. ოქმები მაქვს, სტადიონი უნდოდათ. სანიაღვრეებს რაც შეეხება, ვიცი ეს პრობლემა და მივხედავთ“, - ამბობს მერი და ამატებს, - დოკუმენტები მაქვს, სადაც წერია, რომ წედისელებმა სტადიონის აშენება თავად მოითხოვესო. თუმცა, თავად წედისში ხალხს სტადიონი ყველაზე ნაკლებად ენაღვლება, მათი საზრუნავი ახლა მხოლოდ ტრანსპორტია, უფრო სწორად - უტრანსპორტობა.