Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი თეირანში შეხვდა ებრაჰიმ რაისისა და რეჯეპ ერდოანს


მარცხნიდან: ვლადიმირ პუტინი, ებრაჰიმ რაისი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. თეირანი, 19 ივლისი.
მარცხნიდან: ვლადიმირ პუტინი, ებრაჰიმ რაისი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. თეირანი, 19 ივლისი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს მეორე უცხოური ვიზიტი ჩაატარა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მან მოინახულა ირანი, სადაც შეხვდა ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის, ქვეყნის უზენაეს ხელმძღვანელ ალი ხამენეის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ერდოანს.

პუტინის ვიზიტი შედგა მოლაპარაკებების ასტანის ფორმატის ფარგლებში, რომლის მიზანია სირიაში ვითარების დარეგულირება. რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ სირიის ავტორიტარ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, თურქეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას ქვეყნის ჩრდილოეთში. მაგრამ მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა იყო უკრაინაში ომი.

თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია, არ უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუმცა ამავე დროს უკრაინას შეიარაღებას აწვდის. ანკარა შუამავლის როლს თამაშობს მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებზე. კერძოდ მხარეები განიხილავენ უკრაინის პორტებით მარცვლეულის ექსპორტის განახლებას.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად უჭერენ მხარს ომში რუსეთის პოზიციას. დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ, რომ ირანმა შესაძლოა ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს მოსკოვს და მას სამხედრო დრონები მიაწოდოს. თეირანი ამას უარყოფს, მაგრამ ხამენეიმ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთს რომ არ დაეწყო ომი, მაშინ ომს ნატოს ქვეყნები დაიწყებდნენ და ამით კრემლის ერთ-ერთი თეზისი გაიმეორა.

ირანში პუტინის ვიზიტის წინ რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ და ირანის ნავთობისა და გაზის ეროვნულმა კომპანიამ (NIOС) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მოცულობა 40 მილიარდი დოლარია. რუსეთის მსგავსად ირანსაც დასავლეთის უმკაცრესი სანქციები აქვს დაწესებული. ამ ფონზე ორი ქვეყნის პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ურთიერთობების გაღრმავებას აპირებენ.

მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ განაგრძობენ ერთობლივ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, მაგრამ არ უხსენებიათ რაიმე შეთანხმება. პუტინმა და ერდოანმა განაცხადეს მარცვლეულის თაობაზე მოლაპარაკებებში წინსვლის შესახებ.

XS
SM
MD
LG