რუსული ენისგან, რომელსაც ივან ტურგენევმა დიადი, მძლავრი, ალალმართალი და თავისუფალი უწოდა, პუტინის რუსეთმა ერთგვარი ახალი ენა შექმნა, რაღაც მსგავსი ჯორჯ ორუელის „1984“-ში გამოყენებული ახალენის, ნიუსპიკისა. პუტინის ახალ, ე.წ. ომის ენაში არ შეიძლება ომს უწოდო ომი, რადგან ომი ახლა „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“. ახალი ენა ასევე არ ცნობს „აფეთქებას“, რომელიც „ძლიერმა ხმამ“ თუ „ქუხილმა“ ჩაანაცვლა. არ შეიძლება „უკრაინის არმიის“ ხსენებაც, უნდა თქვა „ნაციონალისტები“ და ა.შ. ამასთან, ეს ახალი ენა სავალდებულოა და კანონით არის დაცული. სულ ახლახან მოსკოვის ერთ-ერთ მუნიციპალურ დეპუტატს, რომელმაც ომს ომი უწოდა და არა „სპეცოპერაცია“, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რატომ ეშინია რუსეთის ხელისუფლებას სიტყვების?
განა, შეუძლია ენას შენიღბოს სისხლიანი რეალობა?
რუსეთის ხელისუფლებამ ფაქტობრივად აკრძალა სიტყვები, რომლებიც აღწერენ რუსეთის არმიის შეჭრას უკრაინაში და, რომლებიც რუსეთის მოქმედებას წარმოაჩენენ ნეგატიურ კონტექსტში. ახალ რუსულ ენაში, ისევე როგორც ორუელის ნიუსპიკში, სიტყვებს დაკარგული აქვთ თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა. ახალი რუსული ენის ყველაზე გავრცელებული ლექსიკური ერთეული „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომელიც ომის ნაცვლად გამოიყენება. გვხვდება „ხისტი დაშვებაც“ ანუ ავიაკატასტროფა, „ოპტიმიზაცია“, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას ანაცვლებს, „ძლიერი ხმაური“ - სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასშტაბური აფეთქება, „ცურვადობის დაკარგვა“ - გემის ჩაძირვა და ა.შ.
ახალი ენა "დიადის და მძლავრის" ნაცვლად
ლინგვისტ ჰასან ჰუსეინოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ეშინია არა თავად სიტყვების, არამედ იმის, რომ მას ვინმე წაართმევს უფლებას, საგნებს დაარქვას თავისი სახელი:
„ადამიანს ართმევენ მშობლიური ენის თავისუფლად გამოყენების უფლებას. არადა, ენა არის ყველაზე ინტიმური და ღრმა რამ, რაც კი აქვს ადამიანს. ეს არის ის, რის დახმარებითაც ადამიანი საკუთარ თავს უწოდებს „მეს“. შესაბამისად, მშობლიური ენის თავისუფლად გამოყენების დაკარგვით ასევე კარგავს საკუთარ თავზე კონტროლსაც. ხელისუფლება, რომელიც, პროპაგანდის საშუალებით, გადაჭრის იმ მემბრანას, რომელიც ადამიანის „მე“-სა და „მის ენას“ შორის არის, უდავოდ ტოტალიტარულია. სწორედ ამას ვხედავთ ახლა რუსეთში. ადამიანების უმეტესობას კარგად ესმის, რა ხდება უკრაინაში, რას აკეთებს რუსეთის ხელისუფლება მათი სახელით, მაგრამ, რადგან „მემბრანა“ გადაჭრილია, მათ ამის შესახებ არაფრის თქმა არ შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაბამისად, არ შეუძლიათ მოქმედება. ახალი ენის (ნიუსპიკის) აზრი იმაში კი არაა , რომ ადამიანებს მხოლოდ არ შეუძლიათ რამის თქმა, არამედ იმაში, რომ ისინი პარალიზებულნი არიან თავიანთ მოქმედებებში. ამას ვხედავთ ახლა“.
რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პოლიტიკური მიმომხილველის, სერგეი მედვედევის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ენის უზურპაციას, მის ნაცვლად კი საზოგადოებას სთავაზობს რაღაც სუვერენულ ენას. „თუ აქამდე მიტაცებული ჰქონდა პოლიტიკის, არჩევნების, საკუთარი სხეულის განკარგვის უფლებები, ახლა ენისა და მეტყველების უფლებასაც იტაცებს“.
პოლიტოლოგ ალექსანდრ მოროზოვის დაკვირვებით, ამ ახალი, ე.წ. ომის ენის შექმნა, სულ ცოტა, 2014 წლიდან დაიწყო:
„ომის ენა ყოველთვის რადიკალურია და მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან თავისიანებს და სხვისიანებს. ეს ენა „სხვების“ იდენტიფიცირებისა და მათი ქმედებების აღსაწერად, სახელების საკმაოდ ფართო ასორტიმენტს იყენებს. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ყველა ის ძირითადი იდეა, რასაც დღევანდელ რუსეთში ალტერნატივა არ გააჩნია: რომ უკრაინა არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ უკრაინაში ნეონაცისტები არიან, რომ დასავლეთი მტერია. ხუთი წლის წინანდელი ტექსტები უკვე შეიცავდა ომის ენის მთელ კორპუსს, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდა. 24 თებერვლის შემდეგ რუსეთს აღარ ჰყავს არც პარტნიორები და არც კონკურენტები, რუსეთს მხოლოდ მტრები ჰყავს“.
სერგეი მედვედევის თქმით, დღევანდელი რუსეთის ენა უაღრესად მითოლოგიზებულია, მასში თითქოს რაღაც მაგიური კომპონენტი გაჩნდა. რუსეთის ხელისუფლებას ეშინია არა მარტო სიტყვა „ომისა“, არამედ ასევე ეშინია სიტყვა „ნავალნის“ წარმოთქმისაც. თვითონ პუტინიც კი, იმისათვის, რომ „ნავალნი“ არ ეხსენებინა, ყველაზე რთულ ევფემიზმებს იგონებდა.
ჰასან ჰუსეინოვი ვარაუდობს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა მართავენ პოლიტიკურ პროცესებს რუსეთში, ნამდვილად ფიქრობენ, რომ ენა მაგიურად (ჯადოსნურად) არის მოწყობილი, რაც, მისივე თქმით, შეცდომაა.
„ცხადია, არანაირი ჯადოქრობა და მაგია აქ არ არის, თუმცა ხანდახან გიჩნდება სურვილი, შენც დაიჯერო, რომ არსებობენ მისტიკური სიტყვა-სახელები: ხრისტო გროზევი, რომელიც ემუქრება (Угроза - მუქარა) და ამხელს გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს; რომან დობროხოტოვი - ადამიანი, ვისაც სიკეთის კეთება სწადია (Добро - სიკეთე, Хотеть - წადილი); ალექსეი ნავალნი, რომელიც მარტო აწვება ხელისუფლებას (Навалиться - დააწვე, მიუვარდე); ალექსეი არესტოვიჩი - ადამიანი, რომელიც ფიქრობს, როგორ დააპატიმროს (Арест - პატიმრობა) ომის გამჩაღებლები და ა.შ. შიდა მოხმარებაში, რა თქმა უნდა, ამგვარი მისტიკურ-მაგიური ელემენტი არსებობს, მაგრამ მთავარი, რაც განსაზღვრავს იმ ადამიანების მოქმედებებს, რომლებიც კრძალავენ სიტყვების "ომის" ან "აფეთქების" გამოყენებას, რა თქმა უნდა, შიშია. სწორედ ამ თავიანთ შიშს ავრცელებენ და უნერგავენ მოსახლეობას“, - ამბობს ჰასან ჰუსეინოვი.
პუტინის რუსეთის ენაში აქტიურად გამოიყენება სიტყვები ან სიტყვათა შეთანხმებები:
„ტვირთი ორასი“ - ჯარისკაცის გვამს ნიშნავს; „წმენდა“ - მოცემულ ტერიტორიაზე ადამიანების მოძებნა და მათი განადგურება.
„წმენდა“ - ამ სიტყვას აქტიურად იყენებს რუსეთის პროპაგანდისტული მედია, რითაც აუფასურებს ადამიანის სიცოცხლეს. სერგეი მედვედევის თქმით, ასეთივე შინაარსშეცვლილი სიტყვაა „მუშაობა“:
„მუშაობს არტილერია“, „მუშაობს გრადი“, „მუშაობს ტოჩკა-უ“. პროპაგანდისტი სიმონიანი, როცა უკრაინაში შეჭრილი ჯარების მხარდაჭერაზე საუბრობს, ამბობს: „ვმუშაობთ, ძმებო“. სიტყვა „მუშაობას“ აზრი შეუცვალეს, გააუფასურეს, გაუტოლეს „მკვლელობას“. „მუშაობენ ტყვიამფრქვევები“, „მუშაობს არტილერია“ და ა.შ., სიტყვების ჩანაცვლების წარმატებული მცდელობაა, რაც სათავეს უნდა იღებდეს საბჭოთა წარსულიდან. 1983 წელს, როცა სსრკ-მ კორეული სამოქალაქო ხომალდი „ბოინგ-747“ (დაიღუპა 269 ადამიანი) ჩამოაგდო, საბჭოთა პროპაგანდამ გამოიყენა ასეთი საცარი ფრაზა: „თვითმფრინავი წავიდა ზღვისკენ“.
პოლიტოლოგ ალექსანდრ მოროზოვის დაკვირვებითაც, დღევანდელ რუსულ ენაში გამოიყენება საბჭოთა ენის არაერთი ელემენტი, მათ შორის ევფემიზმები, რომლებითაც გაჯერებული იყო პოლიტიკური მოვლენების საბჭოთა ინტერპრეტაციები, თუმცა ლექსიკა, ოფიციალური კომენტარების სტილისტიკა და, შესაბამისად, პროპაგანდისტული ჟურნალისტიკა, ბევრად უფრო ხულიგნური და მდაბიური გახდა. ცალკე გამოყოფის ღირსია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (МИД) ენა.
МИД-ის კლოაკური ენა
სერგეი მედვედევის შენიშვნით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ენა „მართლაც რაღაც ფანტასტიკური ლინგვისტური ფენომენია“, რომელიც ჩამოაყალიბა არა მხოლოდ სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ან ნებენზიამ (ვ. ნებენზია - გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი), არამედ თავად მინისტრმა ლავროვმაც.
„თითქოს ისინი გადაიქცნენ რაღაც მეოთხმოცე დონის ტროლებად, რომლებიც იყენებენ უხეშ, ვულგარულ, ხეპრულ, ქუჩის ენას“, - ამბობს სერგეი მედვედევი.
ლინგვისტი და კლასიკური ლიტერატურის სპეციალისტი, ჰასან ჰუსეინოვი ფიქრობს, რომ МИД-ის შემთხვევაში საქმე გვაქვს ანტიკურ ფენომენთან.
„არსებობს ბერძნული მითი, რომელიც ახსნას უძებნის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული ენის მთელ თავისებურებას. ეს არის მითი დემეტრაზე, რომელიც წუხდა იმის გამო, რომ მისი ქალიშვილი პერსეფონე მოიტაცეს და იმყოფებოდა ქვესკნელში. დემეტრას გასამხნევებლად გარჯილმა იამბემ, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ღვთაების გამხიარულებას, ბოლოს, როცა ვერაფერს გახდა, ქვედაკაბა აიწია და... დემეტრამ უსიტყვოდ დაინახა ყველაფერი, რაც იამბეს კალთის ქვეშ იმალებოდა. ასეთია ლექსის ორმარცვლიანი ზომის, იამბის გაჩენის მითი. მარია ზახაროვას ქმედებებს რომ უყურებ, ასევე ხედავ იამბესაც, რომელიც აჩვენებს დემატრას კალთის ქვეშ დაფარულს. ასევე ნებენზია, რომელიც აჩვენებს იმას, რასაც დიპლომატიური ეტიკეტის კალთა უნდა ჰფარავდეს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალიან ნოყიერ ნიადაგში ხვდება, რადგან ადამიანებს რამდენიმე ათეული წელია ჩააგონებენ, რომ მთავარი გულწრფელობაა. ”ის ამას გულით ამბობს”. კი, მაგრამ სად არის იმის მტკიცებულება, რომ მართლა გულით ლაპარაკობს? ხედავთ, რა უხამსად გამოიყურება ეს ყველაფერი, რა უხეშად ლაპარაკობს? - ეს ნიშნავს, რომ ის სრულ სიმართლეს ამბობს და იმას, რასაც მართლა გრძნობს. ასე ხდება გაიგივება მდაბიურობისა გულწრფელობასა და სიმართლესთან - ასეთია ამ რეჟიმის ე.წ. კლოაკური ენის გასაღები“, - ამბობს ჰასან ჰუსეინოვი.
სერგეი მედვედევის თქმით, МИД-ის ენა რუსული დიპლომატიის ნამდვილი კრახია, რადგან, მისი აზრით, დიპლომატიის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მდაბალ ინსტინქტებს დახვეწილი ენობრივი ფორმულები მოარგოს.
„ესაა თანამედროვე რუსული დიპლომატიის ფიასკო, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქუჩური და მდაბიური გულწრფელობად და სიმართლედ საღდება“, - ამბობს სერგეი მედვედევი.
ნეკროენა - მომავლის არმქონეთა ენა
საბჭოთა კავშირში, რომელმაც 70 წელი იარსება, არსებობდა პირობითად ორი „საბჭოთა ენა“: ერთი სტალინის პერიოდისა - ხისტი და სასტიკი, და მეორე ბრეჟნევის პერიოდისა - მშვიდობის დაცვაზე ფარისევლურად მოლაპარაკე. პოლიტოლოგ ალექსანდრ მოროზოვის თქმით, 2010-იანი წლებიდან ამ ორ ენას დაემატა მესამე პირობითი ენა, რომ ყველა ცდილობს რუსეთის დაჩაგვრას, რუსები არავის უყვარს და ა.შ.
„ახლა კრემლში სამი პოლიტიკური ენა, სამი სტილი ფეთქავს. ერთი - მისტიფიცირებული წმინდა ომის ენაა - ფაქტობრივად, რევოლუციური, ანუ ერთგვარი ეროვნულ-ბოლშევიკური ენა: "დიახ, სიკვდილი! ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფასად შევიდეთ კონფლიქტში დასავლეთთან" და ა.შ. „ყველაფერს დავანგრევთ, ატომური ბომბი გვაქვს, ყველაფერს გადავბუგავთ“ - ეს ერთი ენაა. მეორე ენა: ბრეჟნევის პერიოდიდან შემორჩენილი ენა: „ჩვენ მშვიდობის მომხრე ვართ, არა ომს!“ და ა.შ. „მხარს ვუჭერთ გლობალურ წესრიგს, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს ინტერესებს“. და მესამე ენა, რომელიც ერთდროულად არის როგორც სისუსტის, ასევე წყენის ენა: „ყველა ჩვენ გვჩაგრავს, წარსულშიც უსამართლოდ გვექცეოდნენ, რუსები ყველას სძულს“ და ა.შ. - ეს ენები ერთდროულად და ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობენ“, - ამბობს ალექსანდრ მოროზოვი.
ჰასან ჰუსეინოვის თქმით, ყველა დროის საბჭოთა ენას, სიმძიმის ცენტრი სადღაც მომავალში ჰქონდა. „საბჭოთა ადამიანების დღევანდელი თაობა იცხოვრებს კომუნიზმში“, ითქვა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში. ცხადია, კომუნიზმი არ დადგა, თუმცა მომავლისკენ მიმართული ძალისხმევა ენამ სსრკ-ის დანგრევამდე შეინარჩუნა.
„დღევანდელი ენა კი მთლიანად აგებულია რესენტიმენტზე, წყენაზე, რომ წარსულში არ გვაცლიდნენ ნორმალურად ცხოვრებას და ამიტომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ წარსული. ეს ენა მთლიანად ორიენტირებულია წარსულზე და აღძრავს სევდასა და მონატრებას. სამწუხაროდ, ამგვარი მონატრება მმართველ „ჩეკისტურ საძმოშიც“ მნიშვნელოვანია. რატომ არის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მაღალი? იმიტომ, რომ ისინი ამ სასიკვდილო კაეშანში ცხოვრობენ, ცდილობენ წარსულის აღდგენას, თუნდაც რაღაც ქიმერის სახით. ჩემი აზრით, აქედან იღებს სათავეს ის სიტყვიერი კოშმარი, ის საშინელი სალანძღავი გამონათქვამები, რომლებიც ყველას მისამართით გამოითქმის, იქნება ეს ჩინელი, უკრაინელი, ამერიკელი თუ ევროპელი. ყველა ყოფილი პარტნიორი რუსეთის მტერია და ყველა მათგანს სურს გარედან დაფლითოს რუსეთი, ხოლო თუ გარედან არაფერი გამოუვა, მაშინ დაფლითოს შიგნიდან. ასე გაჩნდა შიდა მტრის, „მეხუთე კოლონის“ ხატი“, - ამბობს ჰასან ჰუსეინოვი.
სერგეი მედვედევი ახალ რუსულ ენას ადარებს ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობაში, „ბობოკში“, საფლავებიდან ამოსული მკვდრების მიერ გამოცემულ ხმებს.
„ღამით სასაფლაოზე მიცვალებულები იმეორებენ მონოტონურად: "ბობოკ, ბობოკ, ბობოკ", - ასე ბურტყუნებენ ზომბები, საფლავიდან აღმდგარი მკვდრები, რომლებიც იმავდროულად საფლავში ითრევენ, წარიტაცებენ ცოცხალ ადამიანებს. რაღაც ასეთი ხდება ახლაც, როცა დეპუტატს 7 წლით უშვებენ ციხეში იმის გამო, რომ ომს, ახალი ენის შესაბამისად, სპეცოპერაციას არ არქმევს. მგონია, რომ ეს ნეკროენა (νεκρός - მკვდარი) დაეუფლა მოსახლეობას, რომ, როგორც საბჭოთა კავშირში, გაჩნდა მასობრივი ენის ერთგვარი კოლექტიური სხეული, რომელიც იმეორებს რაღაც მაგიურ ფორმულებს. ეს ენა აღმოჩნდა ძალიან მოსახერხებელი გარემომცველი რეალობის ასახსნელად: მიმდინარეობს არა ომი, არამედ სპეცოპერაცია, ხოცავენ არა უკრაინელებს, არამედ ნაციონალისტებს ან ბანდერელებს“, - ამბობს სერგეი მედვედევი.
თუმცა თანამედროვე რუსეთის პოლიტიკურ ენას არ გააჩნია ისეთი ძლიერი მითოლოგიური ან საკრალური კომპონენტი, როგორიც ჰქონდათ წარსულის ავტორიტარულ რეჟიმებს. ალექსანდრ მოროზოვის თქმით, ენაში ასახული ძირითადი ცნებების სიმრავლის მიხედვით, ეს ენა ძალიან ქაოტური და ოპორტუნისტულია, ანუ ძალიან მარტივად ცვლის დასმულ აქცენტებს ვითარებიდან გამომდინარე:
„მიუხედავად ამ ენის მთელი ცინიზმისა და იმისა, რომ თავისებური ბოდვაა, ის მართლა ერთგვარი ნეკროენაა. არანაირი დიდი იდეის (როგორიც იყო, მაგალითად, კომუნიზმი ან ნაციზმი) გამჟღავნებას ის არ ემსახურება. აშკარაა, რომ ეს ენა ემსახურება მომავლის არარსებობას, ანუ ემსახურება მხოლოდ სწრაფ, ქაოტურ აწმყოს. 10-იან წლებში, დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს, მოდიოდნენ ეკონომიკის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები და საუბრობდნენ „გრძელვადიანი დაგეგმარების“ ენაზე, რომ საბოლოოდ, ჩვენ მოვესწრებოდით ბურჟუაზიულ შორეულ მომავალს. პუტინმა წაართვა რუსეთს ეს შორეული მომავალი იმით, რომ ყველა სამხედრო მწყობრში ჩააყენა, შესაბამისად, ენაც ძალიან დამოკლდა. ეს მოკლე ენა განსხვავდება საბჭოთა ენისგან იმით, რომ მას შინაარსი აკლია. ნაწილობრივ, ეს ნამდვილად მკვდრების "ბობოკია", ერთგვარი ბუყბუყი. ნებენზიაც და მისნაირი სხვა სპიკერები, თუნდაც კისილიოვი, ყველანი ბუყბუყებენ. ყველა ხედავს, რომ არანაირი სრული სამყარო არ შენდება“.
ჰასან ჰუსეინოვის თქმითაც, ეს არის მომავლის არმქონე ადამიანების ენა, ადამიანებისა, რომლებიც ვერაფრით უმკლავდებიან თავიანთ წარსულს.