საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მიმართეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ექვსმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. მათ მიერ დღეს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ დააკისრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად და პრეზიდენტს მიმართავენ, პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვიოს 2022 წლის 18 ივლისიდან.
ინიციატორი ოპოზიციონერი დეპუტატების თანახმად, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები უნდა იყოს:
1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/92);
2. „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (რეგისტრაციის #07-3/71);
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/96);
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/106).
ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მოუწოდებენ, უზრუნველყოს რიგგარეშე სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელება, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების დაჩქარებული რეჟიმით დანიშვნა.
"ჩვენს მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები). ჩვენს მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას, განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოსთვის" და "სტრატეგია აღმაშენებელი" და დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე.
მათივე განცხადებით, კონსტრუქციულ და საქმიან წინადადებაზე "ქართული ოცნების" უარის შემთხვევაშიც, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, დაინტერესებული საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით გააგრძელებენ ევროპული ინტეგრაციისთვის სავალდებულო რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმას. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უმრავლესობას მიმართავენ, უარი არ თქვას რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე და სრულად ჩაერთოს შეთავაზებულ, რეალურ საპარლამენტო საქმიანობაში:
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება თქვენი პოლიტიკური ლუსტრაცია და იმის პირდაპირი დემონსტრირება, რომ თქვენთვის მთავარია არა საქართველოს ეროვნული ინტერესები და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის დაზიანების ფასად ძალაუფლების შენარჩუნება".
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გეგმა 1 ივლისს გამოაქვეყნა და ბოლო დღეებია პარლამენტში მართავს შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, რომლებსაც ესწრება ოპოზიციის წარმომადგენელთა მხოლოდ ნაწილი, მათ შორის პარტიების, "მოქალაქეების" და "გირჩის" დეპუტატები.