5 აგვისტოს, ჰოლანდიის ქალაქ დელფტში, კამერული მუსიკის ცნობილ ფესტივალზე, საქართველოს ეროვნულ გმირს, მარო მაყაშვილს გაიცნობენ - მაყურებელი სპეციალურად ამ ფესტივალისთვის, მაროზე შექმნილ მონოდრამას ნახავს - გაიცნობს "წითელ ჯვარში" მოხალისე მედდად წასულ და 1921 წლის 19 თებერვალს, კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპულ 19 წლის მაროს, რომელსაც ევროპაში სწავლის და მოგზაურობის ოცნება ვერ აუხდა. გაიცნობს ასი წლის წინანდელ საქართველოსაც, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძოდა.
მონოდრამის ტექსტი ქართველმა მწერალმა და მთარგმნელმა, სალომე ბენიძემ დაწერა. მაროს საოპერო პარტიას ქართველი მეცოსოპრანო ნანა ძიძიგური შეასრულებს. კომპოზიტორი ჰოლადიელი თომას ბაერია, რეჟისორი - გერმანელი დრამატურგი კლაუს ბერტიში. დაუკრავს პოლონური სიმებიანი კვარტეტი. ხოლო ფორტეპიანოს პარტიას ასევე ცნობილი პიანისტი ნინო გვეტაძე შეასრულებს, რომელიც დელფტის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. ის ევროპისთვის, მარო მაყაშვილის გაცნობის იდეის ავტორიცაა.
მუსიკის პარალელურად, მონოდრამის მოსასმენად მისული მაყურებელი მარო მაყაშვილზე შექმნილ ანიმაციასაც იხილავს.
მარო, „ჩვენი ანა ფრანკი“
დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი უკვე 25 წელია ჰოლანდიელი ფერმწერის, იან ვერმეერის ქალაქში იმართება და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მასპინძლობს. ერთი წლის წინ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო გვეტაძე გახდა.
ამ ფესტივალს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გრძელდება ხოლმე, ტრადიცია აქვს: ყოველ წელს რომელიმე ახალგაზრდა კომპოზიტორს უკვეთავენ მუსიკას. მაგალითად, შარშან ფესტივალისთვის ნაწარმოები ალექსანდრე კორძაიამ შექმნა. ფესტივალს აქვს გამორჩეული თემაც. შარშან ნინო გვეტაძემ გადაწყვიტა, რომ მომავალი წლის თემა იქნებოდა „ადამიანები და ამბები“.
ვისზე შეიძლებოდა მოეთხროთ ამჯერად საქართველოდანაც? ამ კითხვაზე პასუხი ნინო გვეტაძემ ადვილად იპოვა, როცა მარო მაყაშვილის დღიურს ხელახლა გადააწყდა და მიხვდა, რომ მაროს და მისი დღიურის ამბავი გასაგები იქნებოდა ჰოლანდიელებისთვისაც, რომელთაც ასევე ჰყავთ ანა ფრანკი - თავისი დღიურით.
„მივხვდი, რომ მაროს ამბავი, მის დღიურში აღწერილი თავგადასავალი, ამბავი გოგოსი, რომელმაც სამშობლოს სიყვარულს შესწირა მთელი თავისი ოცნებები და გეგმები, ადვილი აღსაქმელი იქნებოდა მათთვისაც. მუსიკასაც ადვილად დავუკავშირე, რადგან მაროც უკრავდა ფორტეპიანოზე, ოპერაში დადიოდა, რეცენზიებს წერდა. ასე დაიბადა იდეა და მალე გუნდიც შეიკრიბა“, - ჰყვება ნინო გვეტაძე.
მაროს პარტიის სწავლის და მზადების პროცესშია მეცოსოპრანო ნანა ძიძიგური - მაროს როლში შესვლა, მისი წარდგენა ევროპელი მსმენელისთვის, ნანასთვის განსაკუთრებულად ემოციური და საპასუხისმგებლო ამბავია.
მონოდრამის ტექსტის ავტორისთვის, სალომე ბენიძისათვის, როგორც ქალისთვის, როგორც ფემინისტისთვის და, როგორც თავად ამბობს, საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძალიან ძვირფასია მისი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მარო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურაა.
სალომეს უნდოდა მოეყოლა მაროს ამბავი, მაგრამ მასთან ერთად მოეყოლა საქართველოს ამბავიც:
„ჩემთვის საქართველო, ყოველ შემთხვევაში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და მარო ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ისინი ცალ-ცალკე არც არსებობენ. ამიტომ, როცა ტექსტს ვწერდი, ვყვებოდი მაროზეც, საქართველოზეც და იმ საოცარ ადამიანებზეც, რომელთა გარემოცვაშიც ის იზრდებოდა - მის ბებიაზე, ეკატერინე გაბაშვილზე, მის მშობლებზე, კოტე მაყაშვილსა და თამარ გაბაშვილზე. მის მეგობრებზე, ღამბაშიძეების ოჯახზე, რომელზეც ცალკე საგაა დასაწერი“.
ამ მონოდრამით იმ პროგრესული გზის ჩვენებაც სურდათ, რომელსაც ადგა საქართველო ასი წლის წინ, თანასწორობის, ქალთა უფლებების და არაერთი სხვა კუთხით.
წერისას სალომე ბენიძის მთავარი დასაყრდენი მაროს დღიური იყო, მაგრამ თან გრძნობდა, რომ დამატებით კიდევ რაღაც ძაფი სჭირდებოდა, რასაც ჩაეჭიდებოდა. ერთ დღეს, როცა ეს ამბავი ახლო მეგობრებს გაუზიარა, ერთ-ერთმა, ირინა მანიამ, პირველად ახსენა, რომ მარო, მისი დიდი ბებიის, ელიჩკას ბიძაშვილი იყო და მათ ოჯახში მაროზე ერთ ამბავსაც ხშირად ჰყვებოდნენ:
„ირინამ მიამბო, რომ თებერვლის იმ სუსხიან დღეს, როცა მარო წითელ ჯვარში ჩაეწერა და ომში წავიდა, როგორ იდგა ელიჩკა თავისი სახლის ფანჯარასთან, პლეხანოვზე, როცა ამ დროს მარომ ჩამოიარა და ბიძაშვილს უცნაური სიხარულით ამცნო, ელიჩკა, ომში მივდივარო! ეს, ერთი შეხედვით პატარა ამბავი, ჩემთვის ის მთავარი ძაფი აღმოჩნდა, რომელსაც მოვეჭიდე. თითქოს მარო მართლა დავინახე და რომელმაც, ამ ტექსტის წერისას მთავარი განწყობა მომიტანა“.
კიდევ სხვა ამბები მაროზე სალომემ მაროს დის შვილიშვილის, ეკა ერისთავისგან შეიტყო და ასე დაიწერა ხუთნაწილიანი ტექსტი მონოდრამისთვის, რომელშიც სალომე ბენიძისთვის მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ ის არ გამოსულიყო გადამეტებულად ჰეროიკულ-პატრიოტული. ამიტომაც მოხვდა მასში მაროს პირადი, გოგოური ამბებიც.
„ჩემი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ მარო მაყაშვილი მართლა განსაკუთრებული გოგოა, რომ საქართველო მისი სამშობლოა და აქედან გამომდინარე, საქართველოც განსაკუთრებული ქვეყანაა. რომ მარო არის სიმბოლო, რომ დღესაც, საქართველოში კიდევ ბევრი მარო არსებობს, მსგავსი სურვილებით და ოცნებებით... და, რაც მთავარია, მარო ძალიან ხშირად წერს თავის დღიურში, როგორ უნდოდა ევროპაში წასვლა. ასე მგონია, ამ ლიბრეტოს დაწერით, მაროს ევროპაში მოგზაურობაში მეც ჩემი პატარა წვლილი შევიტანე“, - ამბობს სალომე ბენიძე, რომელსაც იმედი აქვს, რომ ევროპა კიდევ ერთხელ მოისმენს ამბავს საქართველოს უწყვეტ ბრძოლაზე თავისუფლებისთვის, რუსულ ოკუპაციაზე და კიდევ იმაზეც, რომ „საქართველო მართლაც არის ევროპული ქვეყანა, რომელიც ევროპულ სახელმწიფოს მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებდა“.
მაროს ეს სიტყვები კი მისივე დღიურიდან: „უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ... ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?“ - ნაწილობრივ ახდა.
მარო ევროპაში მიდის.