Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადა გერმანიას დაუბრუნებს რუსულ ტურბინას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენისთვის


კანადის მთავრობამ გადაწყვიტა გერმანიას დაუბრუნოს „ჩრდილოეთის ნაკადი - 1“ გაზსადენის რუსული ტურბინა, რომელიც მონრეალში რემონტდებოდა და რომლის დაბრუნებაზეც კანადა უარს ამბობდა. "გაზპრომი" აცხადებდა, რომ კანადა ამას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო აკეთებდა.

რუსული კომპანიის თანახმად, სწორედ ეს გახდა რუსეთიდან გერმანიაში "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენის გავლით ბუნებრივი აირის მოცულობის ნახევარზე მეტით შემცირების მიზეზი. „გაზპრომი" აცხადებდა, რომ გერმანულმა კომპანია „სიმენსმა“ უარი თქვა ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აუცილებელი ტურბინების შესაკეთებლად საჭირო ნაწილების გადაცემაზე, რის გამოც ტურბინების სრული დატვირთვით მუშაობა შეუძლებელი გახდა.

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ჯონათან უილკინსონმა განაცხადა, რომ ტურბინის გერმანიისთვის დაბრუნება ხელს შეუწყობს ევროპას მიიღოს სანდო და ხელმისაწვდომი ენერგია იმ დრომდე, სანამ ევროკავშირი უარს ამბობს რუსეთის ნავთობსა და გაზზე.

მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთი შეაჩერებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი - 1“-ის მუშაობას, ეს კი გერმანიის ეკონომიკას პრობლემებს შეუქმნის. არსებობს საფრთხეც, რომ ზამთარში გერმანიის მოსახლეობას გათბობა არ მიეწოდოს.

7 ივლისს გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განუცხადა Bloomberg-ს, რომ ტურბინა კანადიდან 11 ივლისამდე უნდა დაბრუნებულიყო.

„მე ვიქნები პირველი, ვინც იბრძოლებს ევროკავშირის სანქციების შემდგომი ძლიერი პაკეტისთვის, მაგრამ ძლიერი სანქციები ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენონ რუსეთს და პუტინს, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას”, - თქვა მინისტრმა.

DW-ის ცნობით, კიევმა მოუწოდა ოტავას, არ დაებრუნებინა ტურბინები და რუსეთი გერმანიის „შანტაჟში“ დაადანაშაულა.

უკრაინა მხარს უჭერს ევროკავშირის ქვეყნების სრულ უარს რუსული გაზის მიწოდებაზე.

XS
SM
MD
LG