3 ივლისს თბილისში გამართულ დემონსტრაციას („შინ ევროპისკენ“) გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი შეფასებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად იქცა.
„დიდი ხანი ვაფრთხილებდით კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა, იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს. პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში. აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და მონაწილეები არიან პოლიტიკური პროცესების.
გუშინდელი დღე იყო ამის პიკი, როდესაც ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ჩვეულებრივად პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ, ფაქტობრივად. ვხედავთ, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ მათ, რომ დრო არის, რომ გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად“, - თქვა პაპუაშვილი.
აქცია "შინ ევროპისკენ", რომლის მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომა იყო, 3 ივლისს, საღამოს, პარლამენტის წინ დაიწყო და მისგან რამდენიმე ასეულ მეტრში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს, 4 ივლისს, დასრულდა. შეკრების დამთავრების შესახებ რამდენიმე ათასიდან ადგილზე დარჩენილ რამდენიმე ადამიანს უთხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.
აქციების ორგანიზატორს, მოძრაობას „შინ ევროპისკენ", ორი მოთხოვნა ჰქონდა: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.