Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი დონეცკის ოლქის ხელში ჩაგდებაზე გადაერთვება


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 4 ივლისს თავის ყოველდღიურ ბიულეტენში ადასტურებს, რომ უკრაინის ჯარებმა დატოვეს ლისიჩანსკი და წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადაინაცვლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სრული კონტროლი დაამყარა ლუგანსკის ოლქში მდებარე ამ ქალაქზე.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს საკუთარ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქში უკრაინის ძალების ხელთ მყოფ უკანასკნელ ქალაქზე, ისინი ახლა დიდი ალბათობით გადაერთვებიან დონეცკის ოლქის ხელში ჩაგდებაზე, რომლის უდიდეს ნაწილს კვლავაც უკრაინის ძალები აკონტროლებენ. დონბასისთვის ბრძოლა შეუპოვარი და მომქანცველი იყო და ეს სავარაუდოდ არც უახლოეს კვირებში შეიცვლება, ასკვნის სამინისტრო.

ბიულეტენში საუბარია ასევე იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს უკრაინაში რუსეთის შეჭრა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო სექტორზე: „ომმა სერიოზული შეფერხებები გამოიწვია თესლისა და სასუქის მიწოდების ჯაჭვში, რაზეც დამოკიდებული არიან უკრაინელი ფერმერები.“

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის მიერ ოდესის საზღვაო ბლოკადა კვლავაც სერიოზულად ზღუდავს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს. ამის გამო 2022 წელს უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა შესაძლოა 2021 წლის საერთო მოცულობის 35% პროცენტიც კი ვერ შეადგინოს.

კუნძულ ზმეინიდან რუსეთის ჯარების უკან დახევის შემდეგ მოსკოვმა განაცხადა, რომ ახლა მხოლოდ უკრაინაზეა დამოკიდებული მარცვლეულის ექსპორტის გაუმჯობესება. მაგრამ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო სექტორში რუსეთის ჩარევა კვლავაც აღრმავებს მსოფლიო სასურსათო კრიზისს, დაასკვნის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

XS
SM
MD
LG