Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: "ჩვენ იმდენ დახმარებას აღმოვუჩენთ უკრაინას, რამდენიც საჭირო იქნება"


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

უახლოეს დღეებში ვაშინგტონი გამოაცხადებს უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარებას, რომელიც შეიარაღების, მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადრიდში ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ იმდენ დახმარებას აღმოვუჩენთ უკრაინას, რამდენიც მისთვის იქნება საჭირო", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის ლიდერის თქმით, რუსეთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის მაღალ ფასს გადაიხდის და ომი უკრაინის დამარცხებით არ დასრულდება.

ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა უკრაინასთან ომმა რუსეთზე: ქვეყანამ დაკარგა 15-წლიანი მიღწევები ეკონომიკაში, განიცდის სირთულეებს ნავთობის მოპოვების სფეროში, რადგან სანქციების გამო მოსკოვისთვის მთელი რიგი ტექნოლოგიები აღარ არის ხელმისაწვდომი.

"უკრაინამ უკვე მიაყენა ძლიერი დარტყმა რუსეთს - რუსეთმა უკვე დაკარგა საერთაშორისო მდგომარეობა. რუსეთი იმ ვითარებაშია, როცა მთელი მსოფლიო უყურებს და ლაპარაკობს: "თქვენ მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება სცადეთ, კიევის ხელში ჩაგდება სცადეთ და თქვენ დამარცხდით. თქვენ სცადეთ დონბასის ხელში ჩაგდება და ეს ჯერ კიდევ ვერ შეძელით", - აღნიშნა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

  • რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
  • კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.
  • ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე, ასევე, სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.
XS
SM
MD
LG