შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 24 ივნისს, ყვარლის მიმდებარედ ტყეში, ორმა ახალგაზრდამ, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა სცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თანხა წაართვა 68 წლის თანასოფლელს. სრულწლოვანი თავდამსხმელი ნასამართლევი იყო ძალადობაზე და პირობით მსჯავრს იხდიდა.
ბრალდება აცხადებს, რომ თავდამსხმელები ასაკოვან კაცს არაადამიანურად მოეპყრნენ დაამცირეს და ეს მობილური ტელეფონით გადაიღეს. გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით კი რამდენიმე დღეში 1000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ.
სავარაუდოდ სწორედ ეს კადრები გავრცელდა 28 ივნისს ფეისბუკითა და ინსტაგრამით. სოციალურ ქსელებში 2 ვიდეო ატვირთა. ერთის ხანგრძლივობა 2 წუთი და 45 წამია, მეორის კი 1 წუთი. ფიზიკური ძალადობის ამსახველი კადრები სავარაუდოდ გადაღებულია ტყეში ან ტყის პირას. მათგან ერთი ფეისბუკის პირად გვერდზე სავარაუდოდ მსხვერპლის ახლობელმა გაავრცელა, ინსტაგრამზე კი ვიდეო ერთ-ერთმა მედია ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. ეს ორი ვიდეო იდენტური არ არის. უცნობია, სავარაუდოდ მოძალადეების კუთვნილი მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები, როგორ აღმოჩნდა მესამე ხელში. ამჟამად არც ეთი ვიდეო სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.
რა ჩანს კადრებში?
ვიდეომასალებში ჩანს სულ მცირე 3 ადამიანი. ერთი მათგანი თავად დაზარალებულია, ორიდან ერთი ახალგაზრდა ვიდეოს იღებს, კიდევ ერთი ასაკოვან მამაკაცს ურტყამს. შემდეგ ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ კაცს სახეში, მუცელში, წელზე და ხელ-ფეხზე.
მოძალადეებიდან ერთ-ერთი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებასაც ცდილობს.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ მოძალადე ასაკოვან მამაკაცს ზურგში ხელჯოხსაც ურტყამს და ამის შემდეგ ის მდინარეში ვარდება.
ვიდეომასალაში ისმის მსხვერპლის ყვირილი - „კარგით. რა იყო, მომკალით ბარემ“, რაზეც მოძალადეები პასუხობენ, რომ ის ტყუილად ყვირის, მის ხმას ვერავინ გაიგებს.
“თქვი ვინა ხარ! ვინა ხარ შენ?!” - უყვირიან კაცს და აიძულებენ აღიაროს გენდერული იდენტობა.
ვიდეოში ჩანს, რომ ასაკოვან მამაკაცს სახეზე სისხლი მოსდის.
ვიდეომასალებიდან არ ირკვევა, კონკრეტულად რატომ ძალადობენ მამაკაცზე.
რა იციან ნაცემი კაცის ოჯახის წევრებმა?
რადიო თავისუფლება 68 წლის მამაკაცის მეუღლეს ესაუბრა. ის ამბობს, რომ მომხდარის მხოლოდ ნაწილი იცის. ისხენებს, რომ გასული კვირის პარასკევს, 24-ში მის მეუღლეს ჯერ ტელეფონზე დაურეკეს და მალევე სახლიდან მანქანით წაიყვანეს.
„მე მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, რაც ჩემი ქმარი სახლში ნაცემი მოვიდა. სახის არეში ისეთი დაზიანებები ჰქონდა, რომ ჯერ ადგილობრივ კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. მას თბილისში ოპერაცია გაუკეთეს და მხოლოდ 28 ივნისს დაბრუნდა სახლში. ახლა ძალიან სუსტადაა, წევს და მკურნალობის კურს სახლში გადის. არ გვინდა რომ ვანერვიულოთ და არაფერს ვეკითხებით. ექიმმა თქვა, ნერვიულობის ნიადაგზე შესაძლოა ინსულტი განუვითარდესო. ერთი ის ვიცით, რომ მოძალადეები დააკავეს. არც ის ვიცი რა სახის ვიდეო გავრცელდა და ვინ გაავრცელა, არ ვიცი იცნობდა თუ არა ჩემი ქმარი მოძალადეებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დაზარალებული კაცის მეუღლემ.
რადიო თავისუფლება დაზარალებულის შვილსაც ელაპარაკა.
„არ ვიცი რამდენს სთხოვდნენ, თუმცა თურმე ფული უნდა მიეტანა და მაგ პირობით გამოუშვეს. ძალიან ბევრი დაზიანება ჰქონდა სახის არეში. მოკვლით დაემუქრნენ და სახლში ფაქტობრივად არაფერი არ უთქვამს. სასწრაფო გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. იქ რომ მივედით, კლინიკამ პოლიციას შეატყობინა. შემდეგ დაიწყო პოლიციამ გამოძიება. ვითხოვთ მოძალადეების უმკაცრესად დასჯას“ - ამბობს დაზარალებულის შვილი.
რატომ მოხვდა საავადმყოფოში ერთი სავარაუდო მოძალადეც?
დაკავებამდე ადგილობრივ საავადმყოფოში, სხეულის მრავლობითი დაზიანებებით მოხვდა სავარაუდო მოძალადეებიდან ერთ-ერთი, არასრულწლოვანი. როგორც მისმა ბებიამ გვითხრა, ახალგაზრდა ბიჭი ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა სცემეს ჩადენილისთვის.
„ჩემს შვილიშვილს მსგავსი საქციელი არ უნდა ჩაედინა. არ ვიცით რატომ სცემა მოხუცი, მაგრამ ცემას არანაირი გამართლება არ აქვს და ეს არ ვაპატიეთ არც ჩვენ და არც თანასოფლელებმა. ის სახლიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მე ის ვიცი, რომ მოხუცის ცემა ჩემი შვილიშვილის ინიციატივით არ მომხდარა. მეორე თანასოფლელმა ძალით წაიყვანა ჩემი შვილიშვილი სახლიდან. პოლიციამ დასაჯოს ორივე ისე, როგორც საჭიროა“ - ამბობს არასრუწლოვანის ბებია.
ძალადობისა და კიდევ სამი სხვა მუხლით ბრალდებულები, ერთმანეთის მეზობლები არიან.
ამ ეტაპზე პროკურატურამ რადიო თავისუფლების შემდეგ შეკითხვებს უპასუხა:
1. რა თანხას სძალავდნენ მამაკაცს?
“სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით მოსთხოვეს 1000 ლარის მათთვის რამდენიმე დღის ვადაში გადაცემა”.
2. გამოძიება ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაიწყო თუ მანამდე?
გამოძიება დაიწყო ვიდეოს სოციალურ ქსელებში გავრცელებამდე, კერძოდ 2022 წლის 25 ივნისს დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. ვინ მიმართა პოლიციას?
პოლიციისათვის არავის მიუმართავს, მათ შორის არც დაზარალებულს. გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ყვარლის ტყესთან ორმა ახალგაზრდამ სცემა მამაკაცს და გადაუღო ვიდეო, რომელსაც ინახავდნენ თავიანთ ტელეფონებში.
4. რა სახის ნაცნობობა აკავშირებდა ბრალდებულებს და დაზარალებულს?
“ბრალდებულებსა და დაზარალებულს შორის რაიმე სახის კავშირი არ ყოფილა”.
5. ვიდეოს გამავრცელებლებზე თუ ვიცით რამე და ამ მიმართულებით თუ მიდის გამოძიება, რა მიზანი ჰქონდათ როცა ავრცელებდნენ?
გამოძიება იკვლევს ვიდეოს გავრცელების დეტალებსა და მიზეზებს. “რაიმე კონკრეტული მიზანი, გარდა ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედების ამსახველი ვიდეოს მეგობრებისთვის ჩვენებისა, ამ ეტაპზე არ იკვეთება.
6. ვიდეოში სექსუალური ძალადობის მცდელობის მომენტიც არის და ამაზე თუ მიდის გამოძიება?
"გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები სრულად ასახულია ბრალდებულებისათვის წარდგენილ სსკ-ის 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად) გათვალისწინებულ ბრალდების ფორმულირებაში”.