Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ძალებმა EU-ის კანდიდატობის თემა საქართველოში რევოლუციის სურვილით შემოიტანეს - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი


მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე
მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე

"ქართული ოცნებიდან" გასული პოლიტიკოსები, პარლამენტის მოქმედი წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის თემა უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების სურვილით წამოიჭრა. განცხადებაში, რომელიც ამ სამი დეპუტატის სახელით გავრცელდა და რომელშიც საქართველოს ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესის მათეული შეფასებაა მოცემული, ხაზგასმულია, რომ "ქართული ოცნების" გუნდთან სრული თანხვედრა აქვთ, განსხვავება კი მხოლოდ ისაა, რომ ვერ თანხმდებიან, "რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას".

"შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო.

კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი ამბობენ, რომ "რთული გამოსაცნობი არ იყო", რომ სტატუსს მიიღებდნენ უკრაინა და მოლდოვა, საქართველო კი - არა. მათი თქმით, საქართველოში რევოლუციური ფონის შექმნის ორი სცენარი არსებობდა: ერთი - რეზოლუციის "შეურაცხმყოფელი" ტექსტით საზოგადოებაში ემოციური ფონის შექმნა, მეორე (გრძელვადიანი) კი კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ, "რეფორმების თავსმოხვევა", "ხელისუფლების ცვლილება" და ქართული სასამართლოს მისაკუთრება.

გუშინ, 28 ივნისს, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ამცნო საზოგადოებას, რომ მმართველ პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებდნენ დეპუტატები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.

"მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისათვის სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით", - თქვა მამუკა მდინარაძემ 28 ივნისს.

XS
SM
MD
LG