Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლა არის მომენტი, ხელისუფლებამ იმუშაოს ყველა მხარესთან - კელი დეგნანი


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ახლა არის ის მომენტი, როდესაც უნდა იმუშაოს ყველა მხარესთან, იქნება ეს ოპოზიცია თუ სამოქალაქო სექტორი. ელჩის თქმით, ეს საჭიროა, რათა შესრულდეს ევროპული საბჭოს რეკომენდაციები, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.

კელი დეგნანის თქმით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზეც და ყველა ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, წლიდან წლამდე ქართველი ხალხი ადასტურებს თავის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისადმი.

"ვფიქრობ, საქართველოს მთავრობისთვის ახლა დადგა მომენტი, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებიც ევროპულმა საბჭომ გასცა. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. უფრო მკაფიოდ მე ვერ ვიტყვი. ეს არის ის ნაბიჯები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, იმედია, წლის ბოლომდე საქართველოს ასევე ექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი ძალიან პირდაპირი პასუხი. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირს სურს, მიესალმოს საქართველოს ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს სჭირდება ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. ეს რეფორმები ახალი არ არის. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და განიცდიდა პროგრეს. ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის. ვიმედოვნებ, ამას ვიხილავთ მომავალ თვეებში“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიის კითხვის პასუხად, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორის მოწოდებების საპასუხოდ.

აშშ-ის ელჩი დაესწრო USAID-სა და სახალხო დამცველის ოფისს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელის მოწერის ღონისძიებას, რაც მიმართულია სახალხო დამცველის ოფისის როლის ეფექტურობის გაძლიერებისკენ.

  • სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.
  • ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.
  • 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
  • ამავე აქტივისტების ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისსაც გაიმართა.
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, დღეს, 28 ივნისს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი. მისი სიტყვებით, დემოკრატია ასე არ მუშაობს.
  • 27 ივნისს პატია "ლელომ" განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებით, თუ „ქართული ოცნება" უარს იტყვის მოთხოვნილი ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, „ლელო" მიიჩნევს: „ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება".
  • 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

XS
SM
MD
LG