Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

სახალხო მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ მიერ დაყენებული მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ითვალისწინებენ ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას, „პალიტრანიუსის“ ეთერში ილაპარაკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან მიმდინარე მოვლენები 1992 წლის მოვლენებს შეადარა და თქვა, რომ ტექნიკური მთავრობა მაშინ სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს.

„ასეთი რაღაცები: ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი, ხდება ხოლმე ხუნტის მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ. ანუ აქაც ამჟღავნებენ თავიანთ განზრახვას, - თქვა კობახიძემ და დაამატა, - თეორიულად ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ სტანდარტული შემთხვევა არის ეს: ჩვენ გვახსოვს 1992 წელს, ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა. იგივეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურსა და ლომჯარიას. რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით, რომელიც იყო 1992 წელს“.

სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამავე აქტივისტების ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისს გაიმართა.

XS
SM
MD
LG