Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC: სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა ტექნოლოგიაზე უკრაინიდან მოპარული ხორბლის ამოსაცნობად


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებმა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით დაიწყეს მუშაობა ტექნოლოგიაზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული ხორბლის ამოცნობა, რათა ხელი შეუშალონ მსოფლიო ბაზარზე მის გატანას. ამის შესახებ, როგორც BBC იუწყება, დღეს, 27 ივნისს განაცხადა დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ჯორჯ იუსტისმა.

მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო მსოფლიო ლიდერია დნმ ტესტირებით სოფლის მეურნეობის კულტურების წარმომავლობის შემოწმების სფეროში. ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, კონკრეტულად რომელ რეგიონშია მოყვანილი ხორბალი, რომელსაც რუსეთი გაყიდის. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ინიციატივის განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, გამოყოფილია 1.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პორტებში დაბლოკილია მილიონობით ტონა ხორბალი. არსებობს არაერთი ინფორმაცია, რომ რუსეთს უკრაინული ხორბალი უკანონოდ გააქვს. ამას მოსკოვში უარყოფენ, თუმცა, უკრაინის იმ რაიონებში, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს, ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციების მიერ გამოცემულია ე.წ. განკარგულებები ხორბლის „ნაციონალიზაციის“ შესახებ.

BBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, უკრაინაში რუსეთის მიერ მოპარული ხორბალი შეიძინა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმა. გასულ კვირაში, ანკარამ განაცხადა, რომ იმპორტის წყაროების გამოძიება დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ შეძენილი ხორბალი მოპარული იყო.

XS
SM
MD
LG