Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg: რუსეთში საგარეო ვალის დეფოლტია - პირველი 1918 წლის შემდეგ


27 ივნისის დადგომისთანავე ამოიწურა საშეღავათო პერიოდი, როცა რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის უნდა გადაეხადა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ვალი, რაც ვერ შეძლო. შესაბამისად, როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, რუსეთში 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალის დეფოლტია. პირველად ეს მოხდა 1918 წელს, როცა ბოლშევიკებმა უარი თქვეს მეფის რუსეთის საგარეო ვალების გადახდაზე.

ამასთან, თავად რუსეთი დეფოლტს ოფიციალურად არ გამოაცხადებს. როგორც წესი, ამას აკეთებენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს. Bloomberg-ის თანახმად, დეფოლტის შესახებ შეუძლიათ განაცხადონ ობლიგაციების მფლობელებმა, რომლებიც ჯერჯერობით იმის გარკვევას ცდილობენ, რამდენად აქვთ საკუთარი ფულის თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნების შანსი. კრედიტორებს დეფოლტის გამოსაცხადებლად სჭირდებათ ობლიგაციების მფლობელთა მეოთხედის თანხმობა.

2022 წლის აპრილში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ აღარ გააგრძელა დროებითი ლიცენზია, რომლის საფუძველზეც, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მიუხედავად, უცხოელი კრედიტორებისთვის დაშვებული იყო გამონაკლისი და რუსეთს მათთვის თანხის გადახდა შეეძლო. ლიზენციის მოქმედების ვადა 25 მაისს ამოიწურა. 27 მაისიდან დაიწყო დეფოლტამდე 30 დღიანი პერიოდის ათვლა.

უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვა ბრიტანულმა Citibank-მა, რის შემდეგაც რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ეს ფუნქცია გადასცა ეროვნულ დეპოზიტარს და განაცხადა, რომ მის ანგარიშზე თანხები გადარიცხა და ვალდებულება შეასრულა. თუმცა, დეპოზიტარი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში აღმოჩნდა. მოსკოვმა ბრიუსელი დაადანაშაულა ხელოვნური დეფოლტის პროვოცირებაში.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ საგარეო ვალის მომსახურებისთვის რუსეთს ხელოვნურ წინაღობებს უქმნიან, რათა ქვეყანას „დაკიდონ დეფოლტის იარლიყი“, მაგრამ „ყველას, ვინც სიტუაციაში ერკვევა, ესმის, რომ ეს არანაირი დეფოლტი არ არის“. სილუანოვმა შექმნილ ვითარებას „ფარსი“ უწოდა.

როგორც Bloomberg-ი წერს, საგარეო ვალის დეფოლტს ჯერჯერობით უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად მწვავე შიდა პრობლემებს, ორნიშნა ინფლაციას და ბოლო წლებში ქვეყნის ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან.

XS
SM
MD
LG