Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ


ევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები

ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ:

  • საქართველოც უნდა გახდეს კანდიდატი აუცილებელი რეფორმების შესრულების შემდეგ
  • არ არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის „სწრაფი გზა“. გაწევრიანება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ
  • ევროკავშირის გაფართოება თავად ევროკავშირის ინტერესია

რეზოლუცია, მოუწოდებს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც დღეს და ხვალ მართავენ სამიტს, „დაუყოვნებლად“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას. იგივენაირად მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებით „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომის კონტექსტში, ეს ნაბიჯი ლიდერობის, მონდომების და ხედვის დემონსტრირებაა, ამბობენ ევროპარლამენტარები. ისინი ამტკიცებენ, რომ არ არსებობს „სწრაფი გზა“ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რომ გაწევრიანება რჩება სტრუქტურირებულ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დაცვას და დამოკიდებულია რეფორმების ეფექტურ განხორციელებაზე.

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

"უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრებას",- აცხადებენ ევროპარლამენტარები და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს გადადგას ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს. ამ ქვეყნებისთვის, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივა ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებშია. ევროპარლამენტარები ითხოვენ გაფართოების პროცესის „ხელახლა გააქტიურებას“.

17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

2021 წლის მაისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში მოაწერეს ხელი მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ძალისხმევის გაერთიანებას. 2021 წლის ივლისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თანდასწრებით, საქართველოში, პეტრას ციხეზე მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას და დაადასტურეს, რომ სამ ქვეყანას აერთიანებს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.

17 ივნისს, საქართველო აღმოჩნდა „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.

"ქართული ოცნების" მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რადგან ვალდებულებები მათზე მეტად აქვს შესრულებული და ოპოზიციის ნაწილს, კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთა წინააღმდეგ მუშაობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება ომმა განაპირობა.

ოპოზიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბრალს სდებს ევროპული კურსიდან გადახვევასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში.

XS
SM
MD
LG