რუსეთ-უკრაინის ომის ოთხი თვის თავზე, პოლიტიკის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროს ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ომის II ეტაპის დასრულებისა და მორიგი, III ეტაპის დადგომის, მისი სავარაუდო ხასიათის შესახებ. ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გამართულმა მრგვალმა მაგიდამაც სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სცენარები განიხილა, თუმცა, ვიდრე ომის III ეტაპის კონტურები გამოკვეთეს, სპეციალისტებმა განმარტეს, თუ რას მიიჩნევენ I და II ეტაპებად.
- რუსეთ-უკრაინის ომის I ეტაპად მიიჩნევა საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან (2022 წ. 24 თებერვალი) პირველი თვე-ნახევარი, როცა რუსეთი ცდილობდა ბლიცკრიგის განხორციელებას და თავისი სატანკო და მექანიზებული დანაყოფებით უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შეჭრას კიევის, ხარკოვის, ხერსონის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ოდესის ელვისებურად დაკავების მიზნით. ამ ეტაპზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ომის პოლიტიკური მიზნები სრულად შეესაბამებოდა სამხედრო მიზნებს: უკრაინაში ძალაუფლების სწრაფად პარალიზება და უკრაინის ხელისუფლების მარიონეტულით შეცვლა, უკრაინის სუვერენიტეტის გაუქმება და სატელიტად გადაქცევა, ასევე, ნატოს გახლეჩა და „ახალი წესრიგის“ დამყარება ევროპაში. ხერსონის აღების გარდა, ომის პირველი ეტაპი, რუსეთისთვის სრული ფიასკოთი დასრულდა.
- რუსეთ-უკრაინის ომის II ეტაპად მიიჩნევა დროის მონაკვეთი დაწყებული 2022 წლის აპრილის პირველი ნახევრიდან ანუ დაახლოებით ომის 35-ე-45-ე დღიდან. ომის მეორე ეტაპი, რომელიც უკვე ორი თვეა გრძელდება, რადიკალურად განსხვავდება პირველისგან, პირველ რიგში, სტაბილური და საკმაოდ მკაფიო ფრონტის ხაზის არსებობით. სახეზეა კლასიკური პოზიციური ომი, რომელიც ხასიათდება ფრონტის ხაზის ნელი და შრომატევადი ცვლილებებით.
სამხედრო თვალსაზრისით, ომის მეორე ეტაპზე, შეიცვალა რუსეთის მიზნები. რუსეთის არმია გადავიდა დისტანციური ცეცხლით მტრის განადგურების ტაქტიკაზე. არტილერიაში რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებით (მათ შორის, ჰაუბიცისა და რაკეტის ჩათვლით. ხშირ შემთხვევაში ეს უპირატესობა 1:10-ზეა), რუსული არმია მასობრივად ბომბავს უკრაინის პოზიციებსა და სამოქალაქო ობიექტებს, რითაც ცდილობს მას უკან დახევა აიძულოს. გაცნობიერებული აქვთ რა თავიანთი პრობლემები ურბანულ გარემოში ბრძოლების წარმართვასთან დაკავშირებით, რუსები აღარ გადადიან იერიშზე, ვიდრე არტილერია მთლიანად არ გაანადგურებს სამიზნე ობიექტებს.
მიუხედავად იმისა, რომ ომის II ეტაპზე რუსეთის სამხედრო ამოცანები ბევრად უფრო მოკრძალებულია, ვიდრე I ეტაპზე იყო, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური მიზნები მაინც არ შეცვლილა და ისინი კვლავინდებურად მაქსიმალისტურია. ასე ფიქრობს ელიოტ კოენი, ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) დირექტორის მოადგილე, რომლის თქმითაც, პუტინმა ომის II ეტაპზე უფრო მკაფიოდაც კი გამოკვეთა საკუთარი პოზიცია, შეადარა რა თავი პეტრე დიდს:
„პუტინს სურს აღადგინოს რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირიც კი არა, თუმცა რუსეთის სამხედრო მიზნები აღარ ემთხვევა პოლიტიკურ მიზნებს: რუსი სამხედროები უკუგდებული არიან".
აშკარაა, რომ კრემლს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დასავლეთი მალე დაიშლება, რომ ერთიანობა, რომელიც დასავლეთმა ომის მსვლელობისას აჩვენა, დიდხანს არ გაგრძელდება. ვლადიმირ პუტინის ამგვარი ღია პოზიციის გათვალისწინებით, დასავლელი ანალიტიკოსები კანონზომიერად სვამენ კითხვას: როგორი იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი, III ეტაპი?
- ომის III ეტაპი
რუსეთ-უკრაინის ომის III ეტაპის ფორმასა და შინაარსს დიდწილად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკა. სამხედრო საქმის ანბანის მიხედვით, წარმატებული შეტევისთვის აუცილებელია მტერზე, სულ ცოტა, სამჯერ აღმატებული ლოკალური უპირატესობის შექმნა. უკრაინის არმიას დღეს ამგვარი უპირატესობა არ აქვს. ამიტომ, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ფრონტზე შექმნილი ვითარება ახლოსაა სტაგნაციასთან.
„მივეცით უკრაინას ყველაფერი, რაც შეგვეძლო? - კითხულობს CSIS-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი, სეთ ჯონსი, - არა, ჩვენ ვერ მივაწოდეთ საკმარისი იარაღი, რათა უკრაინამ შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება იმ პირობებში, როცა რუსული ჯარი უკვე მყარად ჩაჯდა დაკავებულ პოზიციებზე“.
სეთ ჯონსის თქმით, ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინისთვის შეიარაღების ახალი პარტიების მიწოდებამ შეიძლება ესკალაცია გამოიწვიოს, „კონტრპროდუქტიულია“: რუსული პროპაგანდა სიამოვნებით აიტაცებს ნებისმიერ ყოყმანს და „ათჯერ უფრო გააძლიერებს და გაავრცელებს მას“.
„დასავლეთს სჭირდება ერთგვარი ინდუსტრიული მობილიზაცია, - ამბობს მაიკლ ვიკერსი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე დაზვერვის საკითხებში და CIA-ის გასამხედროებული ოპერაციების განყოფილების ოფიცერი, - ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, შევამციროთ იარაღის ჩვენი მარაგები და მივცეთ უკრაინას იმდენი, რამდენიც სჭირდება“.
ამერიკელი სპეციალისტი ამბობს, ჯარის მარაგებში ინახება მოძველების ზღვარზე მყოფი სისტემები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს უკრაინას, ხოლო მათი ადგილი შეავსოს ახალმა შეიარაღებამ ისე, რომ აშშ-ის უსაფრთხოება ეჭვის ქვეშ არ დადგეს.
უკრაინისთვის ამ სისტემების არმიწოდებას იმ საბაბით, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მიტანის საშუალება მიეცემა, ექსპერტები წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილება ომს გაახანგრძლივებს.
„გახანგრძლივებისას კი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ნაწილი აუცილებლად გადავა სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, - ამბობს ემილი ჰარდინგი, CSIS-ის დირექტორის მოადგილე და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის უფროსი თანამშრომელი, სენატის დაზვერვის კომიტეტისა და CIA-ის ყოფილი ანალიტიკოსი:
„ნავთობისა და გაზის ფასები მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია: შეძლებს ევროპა გაუძლოს ამ ტენდენციას და სამუდამოდ თქვას უარი რუსულ ნავთობსა და გაზზე? შევძლებთ თურქეთის მოკავშირედ შენარჩუნებას და, ამავდროულად ალიანსში შვედეთისა და ფინეთის მიღებას? დიახ, რუსეთის ეკონომიკა დაახლოებით 10-15%-ით შემცირდება წელსვე, მაგრამ რუსებისთვის ეს იმაზე ბევრად უფრო მტკივნეული არ იქნება, რაც, ვთქვათ, 2008 წლის კრიზისის დროს იყო. მეორე მხრივ, უკრაინის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 40-45%-ს დაკარგავს, რაც სრული კატასტროფაა. რომ გადარჩეს, უკრაინას დასავლური დახმარების მასობრივი და მასშტაბური შედინება დასჭირდება. უკანასკნელი შეფასებით, აღსადგენად უკრაინას უკვე სჭირდება 200 მლრდ-დან 500 მლრდ დოლარამდე“.
„ასე რომ, რუსები ფაქტობრივად აორმაგებენ ფსონს, - ასკვნის ემილი ჰარდინგი, - უკრაინელებისთვის ეს არის ეგზისტენციური ბრძოლა, რომლის გასაგრძელებლად მათ დასჭირდებათ დასავლეთის შეუზღუდავი მხარდაჭერა. მსოფლიოს მოუწევს გაზისა და ნავთობის მაღალ ფასებთან შეგუება. ეს კი სრულებით არ არის ის, რაც საშუალო ამერიკელს მოსწონს“.
თუ არ იქნა მიღწეული გადამწყვეტი გარღვევა - როგორიცაა იარაღის მართლაც მასირებული მიწოდება (მათ შორის, შეტევითი იარაღისა) ან ნატოს პირდაპირი ჩარევა, მაშინ არსებობს საფრთხე, უკრაინის ომი გადავიდეს სტაგნაციის ფაზაში. CSIS-ის დირექტორის მოადგილისა და სტრატეგიის განყოფილების ხელმძღვანელის, ელიოტ კოენის ვარაუდით, ამის შემდეგ, „პუტინი პოტენციურად მზად იქნება, რაღაც მომენტში შესთავაზოს მოწინააღმდეგეს ცეცხლის შეწყვეტა ან მსგავსი რამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ ეს იქნება მხოლოდ შუალედური ვარიანტი. პუტინის პოლიტიკური მიზნები ზუსტად იგივე დარჩება, რაც მანამდე იყო - პაუზის აღებით, ის უბრალოდ განახორციელებს სამხედრო რესურსების რეორგანიზაციას“.
- გამარჯვება - უკრაინას და დასავლეთს სხვა არჩევანი არ აქვთ
„უკრაინის პოლიტიკური მიზნები ომის დაწყების შემდეგ დიდად არ შეცვლილა, - ამბობს მაიკლ ვიკერსი, - ეს მიზნებია: დაიბრუნონ თავიანთი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, რომელიც დაკარგეს 2014 და 2022 წლებში“. ამიტომ, იმისათვის, რომ დავთანხმდეთ პუტინის პირობებს და უკრაინის ტერიტორიის 20%-ზე მეტის შეუქცევად დაკარგვას, „ამას დასჭირდება უკრაინის სხვა მთავრობა და სხვა უკრაინელი ხალხი, ამიტომ, ვფიქრობ, ომის დასრულების ასეთი გზა თავიდან უნდა ამოვიგდოთ“, - აღნიშნავს ვიკერსი. „თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც მომენტში უკრაინელები უბრალოდ დაიღლებიან ომით და ცეცხლის შეწყვეტის დაჟინებული მოთხოვნით: ვერასოდეს გამორიცხავთ იმის ალბათობას, რომ ვიღაც გატყდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს დარეგულირებას, რადგან არ არსებობს არანაირი კომპრომისი უკრაინის სუვერენიტეტის დათმობასთან დაკავშირებით“.
უკრაინაში საომარი მოქმედებების რუკა 21 ივნისის მდგომარეობით:
„არ მგონია, რომ რუსული საფრთხე გაქრება მანამ, ვიდრე რუსეთში რეჟიმი არ შეიცვლება, სანამ პუტინი არ წავა, - ამბობს მაიკლ ვიკერსი, - სანამ არ მოვა სხვა ხელმძღვანელობა, რომელიც მზად იქნება შეეგუოს დამოუკიდებელი უკრაინის არსებობას. რომ შეიძლებოდეს ორიოდე ათეული წლით უკან დაბრუნება, მაშინ ჩვენ, ალბათ, ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ რუსეთისთვის არ მიგვეცა საშუალება ქცეულიყო იმგვარ ქვეყნად, რომელიც მზად არის ამგვარი აგრესია განახორციელოს. ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული პრობლემა: ეს არის გლობალური მნიშვნელობის საკითხი. ჩვენს ინტერესებშია, რუსეთმა დღეს მართლაც განიცადოს გამანადგურებელი მარცხი უკრაინისგან. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მართებულად თქვა, ჩვენი მიზანია უკრაინის გამარჯვება და რუსეთის სამხედრო ძალის იმგვარი დასუსტება, რომ მომავალში ასეთი ომების გაჩაღება ვერ შეძლოს. იმედი მაქვს, რომ აშშ-ისა და დასავლეთის ეს მიზანი არ შეიცვლება“, - ასკვნის მაიკლ ვიკერსი.
დასავლეთის პოზიციის თანმიმდევრულობისა და უცვლელობის იმედი აქვს რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მიხაილ კასიანოვსაც, რომლის თქმითაც, ფაქტობრივად, უკვე მიმდინარეობს ომი ქანცის გაწყვეტაზე, გამოფიტვაზე, რომელიც, საბრძოლო მოქმედებებთან ერთად, მოიცავს კონკურენციას ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალებს შორის.
„რა თქმა უნდა, დასავლეთი უკრაინას ეხმარება ფინანსებითა და იარაღის მიწოდებით, რათა უკრაინამ, სულ ცოტა, პუტინის არმიის დონეს მაინც მიაღწიოს, ამასთან, ეს ომი გამოფიტვაზე მიმდინარეობს იმ სანქციების გათვალისწინებით, რომლებსაც პუტინი არ ელოდა. რა თქმა უნდა, ის შოკირებული იყო დასავლეთის ასეთი ერთიანობითა და მიზანდასახულობით. ვფიქრობ, ჯამში ყოველივე ეს გამოიწვევს ომის დასრულებას და პუტინის რეჟიმის დაშლას, რუსი ხალხი კი დაიწყებს გამოღვიძებას. უჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა პუტინს, დანამდვილებით არ ვიცით, რადგან ხალხს ეშინია ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. ალბათ, პუტინის მხარდამჭერები მართლაც ბევრია, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ეს ხალხი დაიწყებს გამოღვიძებას და მოითხოვს პასუხებს კითხვებზე: რატომ ცხოვრობენ სულ უფრო და უფრო უარესად? რატომ იკლებს მოსახლეობის რეალური შემოსავლები ზედიზედ რვა წლის განმავლობაში? ახლა, ომის ფონზე, ეს კლება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. პროპაგანდის პასუხებს მოსახლეობა აღარ შეჭამს. დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვება პუტინის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იქნება და ეს დასასრული, ვფიქრობ, გაგრძელდება არა უმეტეს წელიწად-ნახევრისა“, - ამბობს მიხაილ კასიანოვი.
პუტინის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, ყოფილი ბიზნესმენი და პოლიტპატიმარი მიხაილ ხოდორკოვსკიც მოუწოდებს დასავლეთის ლიდერებს, არ მოდუნდნენ ომის გაჭიანურების შემთხვევაში და არ მოეჭიდონ ცრუ იმედს, თითქოს შესაძლებელია ვლადიმირ პუტინთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოება.
„ევროპის უმსხვილესი ქვეყნების ლიდერებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ შესაძლებელია პუტინთან რამეზე შეთანხმება, მისთვის ძალის დემონსტრირების გარეშე; რომ შესაძლებელია მასთან საუბარი, პუტინის აზრით, სუსტ პოზიციაში ყოფნისას. ეს არის დრამატული შეცდომა, რადგან ისინი ელაპარაკებიან არა მათნაირ ქვეყნის ლიდერს, არამედ ბანდიტს. ბანდიტი კი, ვითარებაში, როცა თავს ძლიერად მიიჩნევს, შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის თხოვნის პასუხად, რეალურად თავისი მსხვერპლის გასრესას ცდილობს“.
მიხაილ ხოდორკოვსკის თქმით, სამაგალითო და მისასალმებელია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის პოზიცია.
„ბატონმა ბორელმა გამაოცა. ის ევროპელი ჩინოვნიკია და მისგან სიხისტეს არ ველოდი, მაგრამ მან ძალიან სწორი სიტყვები თქვა: ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე კი არა, ბრძოლის ველზე გადაწყდება. გასაგებია, რომ საბოლოოდ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, მაგრამ საკითხი მანამდე უნდა გადაწყდეს, ბრძოლის ველზე და ამის ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნატოს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ომის მოგებაში, თუ ყველა საჭირო იარაღს მიაწვდის.