Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილს არახამიამ უპასუხა და „ფეიკების“ გამავრცელებელი უწოდა


უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს, 22 ივნისს, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას, მაშინ, როცა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის ხელისშემშლელ გარემოებებზე საუბრობდა, უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ახსენა და ოპოზიციას მიმართა. ღარიბაშვილის თქმით, არახამია ევროპასა და აშშ-ში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა, ოპოზიციური პარტიები საქართველოში კი, ამას არ აპროტესტებენ.

ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ასე ვთქვათ, პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში, ეს მე ვიცი ჩვენი ამერიკელი კოლეგების და მეგობრების მხრიდან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, რომ არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად, ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია და პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან, ასე ვთქვათ, გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ. ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ბატონი არახამია, ქართული გვარის მატარებელი, გამოდის სამარცხვინო ბრალდებით. ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებები ისეთი, როგორიც უკავშირდებოდა ქვეყნის დადანაშაულებას რუსული სანქცირებული კომპანიების ხელშეწყობით, ბრალი დაგვდეს მათმა პარტნიორებმა უკრაინაში, მათმა მეგობრებმა უკრაინაში საჯაროდ, თითქოს, ჩვენი მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არცერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ, ეს არის მტრობა ქვეყნის და სად არის თქვენი რეაქცია, სად არის თქვენი პატრიოტობა?" - მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ირაკლი ღარიბაშვილს ტელეგრამის არხით უპასუხა უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს „ფეიკი" უწოდა.

"პირველ რიგში, არახამია ევროპაში არ ყოფილა. ამერიკაში აყალიბებდა კონცეფციას იმის შესახებ, რომ ბატონი ივანიშვილი პრორუსული განხრის ოლიგარქია, რომელსაც აქვს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც იმედს უცრუებს ქართველ ხალხს, რომელსაც სურს ევროპაში. მრავალრიცხოვანმა აქციამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა, მკაფიოდ აჩვენა, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან. ყველას სურს იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენ უკრაინა, უკრაინის ხელისუფლება მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში და გთხოვთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ საქართველოს მთავრობის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის "ფეიკებს", რომელიც ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ერთი ოლიგარქის შეკვეთით. ძალიან სამწუხაროა, რომ კეთილგანწყობილი ქართველი ხალხი, რომელმაც შეიკედლა ჩვენი ლტოლვილები, ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინის მხარეს რუსი აგრესორების წინააღმდეგ, დღეს ერთი ოლიგარქის მძევალია. ამიტომ, ქართველებო, გამაგრდით, ჩვენ დიდი მომავალი გველის ევროპაში“, - ამბობს დავით არახამია მიმართვაში.

დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის ნაწილი მოღალატეებად გამოაცხადა და თქვა, რომ ისინი ევროპელ პოლიტიკოსებს სთხოვდნენ, არ მიეცათ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მათ შორის პრემიერ-მინისტრმა დაასახელა "ლელოს" წარმომადგენელი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

„ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

სამადაშვილი რეპლიკით გამოეხმაურა და პრემიერს „უსინდისო, ცრუპენტელა და მატყუარა“ უწოდა.

საქართველოში 23-24 ივნისს ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

XS
SM
MD
LG